“გაძლიერდა „მხედრიონის“ კავშირი მაფიოზურ ორგანიზაციებთან, კრემლთან  და ე.წ. „რევკომთან,“ რომლის შემადგენლობაშიც შედის საქართველოს სსრ ყოფილი პარტიული ფუნქციონრები: გივი გუმბარიძე, ნუგზარ ფოფხაძე, გურამ მგელაძე.” უზენაესი საბჭოს პრეს-ცენტრი, 1991 წ. თებერვალი.

1991 წლის თებერვალში დიდი აჟიოტაჟი ახლდა ჯაბა იოსელიანის და “მხედრიონის” სხვა წარმომადგენლების დაპატიმრებას. ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებას რამდენჯერმე zvikoმოუხდა განემარტა იოსელიანის და სხვათა დაპატიმრების მიზეზები. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეს – ცენტრის განცხადებაში, რომელიც თებერვლის ბოლოს გამოქვეყნდა წერია:”ხელისუფლების სათავეში ეროვნული ძალების მოსვლის შემდეგ დიდი საშიშროება შეექმნა კრემლის იმპერიალისტურ პოლიტიკას. მათ შეძლეს აემოქმედებინათ კომუნისტრი ძალები და შეეცვალათ ბრძოლის ფორმები. ისინი, დემოკრატიის, ადამიანის უფლებების დაცვის ნიღაბს ამოფარებულბი ცდილობენ შექმნან იდეოლოგიური საფუძველი საბჭოთა ხელისუფლების აღსადგენად. თუ ადრე ოფიციალური ძალაუფლების საშუალებით კომუნისტური დიქტატორული ხერხებით ებრძოდნენ ეროვნულ მოძრაობას, ახლა გამოდიან დევნილის და დაჩაგრულის პოზიციიდან და ეროვნული მოძრაობის ლიდერები სურთ გამოიყვანონ, როგორც ადამიანის უფლებების წიმააღმდეგ მოქმედნი.

საქმე იქამდე მივიდა, რომ მათი უშუალო ხელმძღვანელობით და მხარდაჭერით შეიქმნა არაკანონიერი შეიარაღებული ფორმირებები, რომელთა საშუალებითაც საფრთხე შეექმნა ეროვნულ – განმანთავისუფლებელ მოძრაობას, ამგვარი შეიარაღებული ბანდები თავს ესხმოდნენ საქართველოში დისლოცირებულ საბჭოთა არმიის ნაწილებს, რაც ქმნიდა იმის საფუძველს, რომ საქართველოში განხორციელებულიყო კრემლისეული გეგმა ხელახალი ინტერვენციისა. უზენაესი საბჭოს არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად აღნიშნულმა ძალებმა არ ჩააბარეს ოფიციალურ ორგანოებს იარაღი და განაგრძობდნენ პროვოკაციულ მოქმედებას. ამ მხრივ განსაკუთრებით აქტიურობდა კომუნისტების მიერ ინსპირირებული ე.წ.“ მხედრიონი,“ რომლის ლიდერი ჯაბა იოსელინი მოქმედებდა  უშუალოდ საქართველოს სსრ კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრის, ყოფილი აგრომრეწვის თავმჯდომარის გურამ მგელაძის  ხელმძღვანელობით.

სწორედ კრემლის გეგმის ერთი ნაწილს წარმოადგენდა „მხედრიონის“ მიერ წამოწყებული შიმშილობა ეროვნული თეატრის ეზოში. ეს აქცია მიმართული იყო დემოკრატიული გზით არჩეული ხელისუფლების კომპრომეტირებისკენ. რესპუბლიკის მოსახლეობის მოთხოვნით ეს შეიარაღებული ეგრეთ წოდებული შიმშილობა შეწყდა. გაითვალისწინა რა ხალხის ნება ეროვნულმა პარლამენტმა მიმართა „მხედრიონს“ და სხვა შეიარაღებულ არაკანონიერ ფორმირებებს ერთი თვის ვადაში ჩაებარებინათ იარაღი და გაერთიანებულიყვნენ ეროვნულ გვარდიაში ან შეევსოთ ეროვნული მილიციის რიგები. თავინათი ნებით იარაღის ჩაბარების შემთხვევაში მათ ეძლეოდათ უსაფრთხოების გარანტია და მათზე არ აღიძვრებოდა სისხლის სამართლის შესაბამისი საქმე.

მიუხედავად ამისა „მხედრიონმა,“ ადრე ორჯერ ნასამართლევი ჯაბა იოსელიანის ხელმძღვანელობით, გაგრძელა თავდასხმები მშვიდობიან მოსახლეობაზე და მილიციის საგუშაგოებაზე. ამასთან გაძლიერდა „მხედრიონის“ კავშირი მაფიოზურ ორგანიზაციებთან, კრემლთან  და ე.წ. „რევკომთან,“ რომლის შემადგენლობაშიც შედის საქართველოს სსრ ყოფილი პარტიული ფუნქციონრები: გივი გუმბარიძე, ნუგზარ ფოფხაძე, გურამ მგელაძე. გარდა ამისა „მხედრიონმა“ განახორციელა თავდასხმები ახლად არჩეულ პრეფექტურებზე. ამას ემატებოდა ისიც, რომ „მხედრიონის“ ლიდერები განუწყვეტლივ ემუქრებოდნენ უზენაესი საბჭოს წევრებს და მიმართავდნენ მუქარის წერილებით. ყოველივე ამან იძულებული გახადა რესპუბლიკის პროკურატურა სანქცია გაეცა „მხედრიონის“ ლიდერების დაპატიმრებაზე. ეს იყო იძულებითი აქტი მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვის მიზნიდან გამომდინარე.”