ტეგები

,


ზვიად გამსახურდიას ხელისუფლება დღეების დამხობილი იყო. რუსთაველის პროსპექტი დანგრეული და გადამწვარი, საქართველო იქ მოკლულების ჭირისუფალი. დამხობილი ხელისუფლების მომხრეებს ქუჩებში ტყვიებს ესროდნენ, მშვიდობიანი მიტინგები იხვრიტებოდა, ქვეყანაში სამხედრო საბჭოს მკაცრი წესები მოქმედებდა, ამ დროს  გაზეთ “მამულში”  გამოქვეყნდა ვრცელი ინტერვიუ მწერალ ნაირა გელაშვილთან, რომელიც  გამსახურდიას ხელისუფლების შეცდომების ჩამონათვალით ამართლებდა ხელისუფლების  შეიარაღებული გზით დამხობას. ლაპარაკობდა ზვიად გამსახურდიას “დიქტატურაზე,” ახასიათებდა მას სასტიკ პიროვნებად და აკეთებდა დასკვნას, რომ  მაშინ მომხდარი დიდი უბედურება  ციტატა “პირველ რიგში იყო მამაკაცური ღირსების ამბოხი ყველაზე დედაკაცური ხელისუფლების წინააღმდეგ..”

naira-2მწერალი ნ. გელაშვილი 1992 წლის იანვრის ამ ინტერვიუში  საზოგადოების ერთ ჯგუფს მიმართავდა: “ცოტა მაკვირვებს იმათი მორალური აფეთქება, რომლებიც უცებ შეზარა სისხლმა და დალაქული მიწიდან სასწრაფოდ ქრისტიანი ქადაგის კვარცხლბეკზე შეხტნენ, სახელდახელოდ წამოცმული თეთრი ხელთათმანებით. სისხლის სუნი მაშინ უნდა გეგრძნოთ, ბატონებო, მჭიდროდ ჩახვეულები რომ იყავით მომავალ დიქტატორთან, თუმცა ძალიან კარგად მოგეხსენებოდათ მისი ლტოლვა სისატიკის აღლუმებისკენ..

nairaასე რომ, თუ აღარ გინდათ სისხლიანი ხელისუფლება, ყველამ ერთად დაუცალეთ გზა ახალგაზრდებს, იმ ახალ ადამიანებს, რომელთაც იმ დიქტატურის შენებაში მონაწილეობა არ მიუღიათ, იმ დიქტატურისა, უსისხლოდ რომ ვერ იარსებებდა. რომელმაც ყველაზე კეთილ და უწყინარ ბიჭებსაც იარაღი ააღებინათ.

ასე რომ, ჩამობრძანდით მაგ ზენაარბიტრის ყალბი კვარცხლბეკიდან, საიდანაც აქეთ–იქით დაზვინებულ ცხედრებს, სნაიპერის ტყვიით შუბლ და გულშემუსვრილ ბიჭებს, მათ ნატანჯ და ნაწამებ, დაკრუნჩხულ ცხედრებს განურჩევლობის უსახელო, ნაცრისფერ სუდარას აფარებთ და ამით იმაზე უფრო მწარე სიკვდილს უსჯით, ვიდრე მათ საკუთარმა ბედისწერამ და ხასიათმა არგუნა: არყოფნაში ძირავთ, როგორც  ერთნაირად დამარცხებულებს და დამნაშავეებს, თითქოს ცხვრის უპირობო ფარა ყოფილიყვნენ, რომლებიც სხვისი ნებით მოქმედებდნენ მხოლოდ!

განა ტყეში წანწალი და თავიანთი სახელის ჯიჯგნა და თრევა არ არჩიეს მამაკაცური ღირსების აყრას? განა მათ შორის აღარავინ იყო ისეთი, სამარცხვინო სიცოცხლეს რომ სიკვდილი არჩია და საკუთარი სიცოცხლე შეგნებულად მიიტანა სამსხვერპლოზე, რათა თავისი სამშობლოსითვის სირცხვილი ჩამოერეცხა? რადგან, გარდა ყველა სხვა სიკეთისა, ეს ხელისუფლება იყო ყველაზე არამამაკაცური ხელისუფლება, რაც ოდესმე არსებულა ამ ქვეყნად. და თუ გვარდიელებს სიტყვა დემოკრატია არ ჰქონდათ ისე გააზრებული, დღევანდელ დალხინებულ ევროპას რომ აქვს შეთვისებული (ჩვენი ინტელიგენციაც შორს არ არის ამ ცნებისგან), ის ზუსტად ესმოდა და გრძნობდნენ, თუ რა იყო კაცობა, მამკაცური კოდექსი და სიტყვა. ასე რომ, ეს იყო პირველ რიგში მამაკაცური ღირსების ამბოხი ყველაზე დედაკაცური ხელისუფლების წინააღმდეგ..

– რა სიტყვით დღევანდელ ხელისუფლებაზე?

– ვაცალოთ  ბატონო, ვაცალოთ…

ჩემი მოსაზრებები, დადებითიც და უარყოფითიც  პირადად მოვახსენე ბატონ თენგიზ სიგუას და ახლა ღიმილის უნარი რომ არ დავკარგოთ, მოდით ამაზე სერიოზულად არ გიპასუხებთ, ჯერჯერობით რა თქმა უნდა..

ბატონი თენგიზ სიგუა ისეთ წარმოუდგენელ როლში მოგვევლინა მოულოდნელად და ისეთი სასწაულებრივი კოშმარი გამოიარა, რომ რაკი აქამდე ჭკუაზე არ შეცდა, რაკი შესანიშნავად ფლობს საკუთარ თავს და  ნერვიულ სისტემას, სიმშვიდეს ასხივებს და არავითარ აგრესიას არ ამჟღავნებს და ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ იცის რას აკეთებს, ეს უკვე ღვთის წყალობად უნდა ჩავთვალოთ.. ხოლო თუ ცოტა მხატვრულად  შევხედავთ ამ ყოველივეს, დიდად კოლორიტულ ფიგურებთან გვაქვს საქმე: შემოდგომიდან მოყოლებული ჩვენი საქართველო ხომ „სამი მუშკეტერის“ საფრანგეთს დაემსგავსა, აქეთ მეფის გვარდიას, იქით კარდინალის. რომლებიც შეიძლება გავანაწილოთ: ბ–ნი თ. კიტოვანი, რა თქმა უნდა. პორთოსია, ბატონი თ. სიგუა არამისი ( ყველაზე უფრო გამოუცნობი), ათოსი და დარტანიანი ჯაბა იოსელიანმა და გია ყარყარაშვილმა შეუძლიათ გადაინაწილონ.” ( ესაა ამონარიდი 1992 წლის იანვარში გაზეთ “მამულში” გამოქვეყნებული ვრცელი ინტერვიუდან მწერალ ნაირა გელაშვილთან).