ტეგები

, ,


1991 წლის სექტემბერში საქართველოს რესპუბლიკის საინფორმაციო საშუალებებმა მოსახლეობას  მნიშვნელოვანი სიახლე აუწყეს. ის შეეხებოდა აუცქიონს, რომლის პირობებშიც 500 ათას მანეთად გაიყიდა უძრავი ქონება  –  მაღაზია „გოლიათი.“  ეს იყო პრივატიზაციის პირველი ფაქტი ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირში. ამ ამბავზე გაზეთი “თავისუფალი საქართველო” წერდა.

auqcioni

 

აი, რას ეუბნებოდა ამ გაზეთს ამირან ხეცურიანი: “აღნიშნული აუქციონი დიდხანს მზადდებოდა და მის ჩატარებაზე დიდი იმედი იყო დამყარებული. აუქციონს სხვადასხვა დატვირთვა უნდა ეკისრა. ჯერ ერთი, იგი უნდა გამხდარიყო აპრობაცია  სახელმწიფო  ქონების სამომავლო პრივატიზაციის ერთ–ერთი ფორმისა, აუქციონს პრაქტიკულად უნდა გამოევლინა იმ კანონებისა და კანონქვემდებარე აქტების ძლიერი და სუსტი მხარეები, რომლებიც პრივატიზაციის ჩატარებასთან დაკავშირებით მუშავდება, ამასთანავე, ასეთ ღონისძიებას უნდა მოეხდინა ფსიქოლოგიური ბარიერებისა და არსებული სტერეოტიპების სრული მსხვრევა თუ არა, მათში ბზარის გაჩენის პრეცედენტი მაინც.

კლასიკურმა მონოპოლისტურმა საბჭოურმა სახელმწიფოებრივმა წყობამ გაძარცვა და გააღატაკა ხალხი, ისინი ხომ თავიანთი შრომის ანაზღაურებად მხოლოდ გროშებს იღებდნენ, დანარჩენი სახსრები კი სახელმწიფო ხაზინაში მიდიოდა. აქედან გამომდინარე, მოსახლეობის ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ახალმა ხელისუფლებამ უნდა გამოასწოროს კომუნისტური წინამორბედის შეცოდებანი და უფასოდ გადასცეს ხალხს მათ ხარჯზე შექმნილი ქონება. მეორე მხრივ, გარკვეული სოციალური ფენის წარმომადგენლები, ძირითადად სამინისტროთა და უწყებათა მესვეურნი მიიჩნევენ, რომ უწყებრივი ობიექტები მათი საკუთრებაა და სახელმწიფოს ნაკლებად ეკისრება მათი ქონების სამომავლო ბედ –იღბალი.

ჩვენის მხრივ  ვეძებეთ ისეთ ფორმებს, რომლებიც მოხსნის არსებულ წანააღმდეგობებს და, რაც მთავარია, სათანადოდ დაიცავს სახელმწიფოს ინტერესებს.

ქონების პირველი, საცდელი გაყიდვისთვის მზადებისას გადავწყვიტეთ, რომ შერჩეულიყო ამის ყველაზე „მძაფრი“ ფორმა, რომელიც თვალნათლივ დაგვანახვებდა ასეთ ოპერაციასთან დაკავშირებულ ყველა სირთულეს, ამიტომ პრიორიტეტი აუქციონს მიენიჭა. ეს ფორმა საშუალებას მოგვცემდა მოგვეზიდა ნაღდი ფული ან ვალუტა, შეგვესწავლა სხვადასხვა სოციალური ფენის რეაქცია და პრივატიზაციის ეს პირველი მცდელობა პრივატული სექტორითვე ( იგულისხმება ბირჟა)) გაგვეხორციელებინა.

შერჩეული ობიექტი, მაღაზია „გლიათი“ ქონების ინვენტარიზაციის შემდეგ შეფასდა სასტარტო ფასად, ესაა 500 000 მანეთი. იმასთან დაკავშირებით, რომ ჯერ არაა მიღებული პრივატიზაციის კანონი, მიღებულ იქნა კანონქვემდებარე აქტები, ამასთანავე გამარტივდა ზოგი ნორმატიული აქტიც. უნდა აღინიშნოს, რომ აუქციონის ჩატარებას მრავალი წინააღმდეგობა შეხვდა. მათი ნაწილი ობიექტური და გასაგებიც იყო, ნაწილი კი არავითარ ობიექტურობას არ ექვემდებარებოდა. ასეთთა რიგს განეკუთვნება ის წინააღმდეგობა, რაც ვაჭრობის მუშაკთა მხრიდან შეგვხდა იმის თაობაზე, რომ ეს არის მათი საკუთრება და არავითარი უფლება არ აქვს სახელმწიფოს მისი გაყიდვისა. დიდი მცდელობა დაჭირდა იმის დამტკიცებას, რომ ეს ქონება სახელმწიფომ გადასცა ვაჭრობის სამინისტროს  და ახლა იბრუნებდა უკან ახალი მფლობელისთვის გადასაცემად. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ მეორე მხარეს მიეცა წინადადება ამ საქმის სასამართლოს წესით განხილვისა.

სრულიად გასაგები და მოსალოდნელი კი იყო ის ობიქტური წინააღმდეგობა, რაც თვით მაღაზიის მუშაკების მხრიდან გვქონდა. ისინი მოითხოვდნენ გარანტიებს მატერიალური ანაზღაურების და სამომავლო დასაქმების .საბოლოოდ ყველა დაბრკოლება გადაილახა, მოინახა კომპრომისი და აუქციონი შედგა.

სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ აუქციონი სუსტად ჩატარდა, ობიექტი საწყის ფასად თვით კოლექტივმა შეიძინა, რომელთაც  „დამფრთხალი“ კონკურენტები არც კი შესცილებიან. სავარაუდოა, რომ აქ ჩამოყალიბდება სამეურნეო ამხანაგობა, რომელიც, როგორც ამ საქმის პირველი მერცხალი, მაქსიმალურ დახმარებას  მიიღებს სახელმწიფოსგან . გადაწყვეტილია რომ პირველი 3 წელი ობიექტი არ შეიცვლის პროფილს, ამ ხნის გავლის შემდეგ კი მათ ნებისმიერ საქმის დაწყება შეეძლებათ.

დასასრულ, მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ საცდელი აუქციონის ჩატარება სულაც არ ნიშნავს, რომ მომავალში ქონების პრივატიზაცია მოხდება მხოლოდ ამ ფორმით. აუქციონი იქნება უძრავი ქონების გაყიდვის ერთ–ერთი და არა ერთადერთი ფორმა.”