ტეგები

,


1991 წლის  ზაფხულის ბოლოს  ქართულ პრესაში აქტიურად აშუქებდნენ განათლების სისტემაში დაგეგმილ ცვლილებებს. საინტერესოა, რომ ამ პერიოდში შეიქმნა მასწავლებელთა გადამზდების ერთიანი რესპუბლიკური სისტემა. აქ,  მასწავლებელთა პროფესიული ცოდნა სპეციალური კომპიუტერული პროგრამით უნდა შეემოწმებინათ – მაქსიმალურად ობიექტური ატესტაციისთვის. მოვიყვანთ  ორიოდ ამონარიდს 1991 წლის ზაფხულში გამოქვეყნებული ცნობებიდან.

“გაიმართა მასწავლებელთა რესპუბლიკური შეკრება, რომელიც განათლების სიტემის პრობლემებს მიეძღვნა. შეკრებას დაესწრო და მასზე სიტყვით გამოვიდა რესპუბლიკის პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია. შეკრებილებს დაურიგდათ სპეციალური მიმართვა, რომელშიც ნათქვამი იყო: “რადიკალური ცვლილებები განათლების სისტემაში, რომელსაც სავსებით მოველით, წარმოუდგენელია მასწავლებლის, ამ პროცესის მამოძრავებელი ძალის, საქმისადმი დამოკიდებულების შეცვლის გარეშე. რა დასამალია, დღეს უმაღლესი თუ საშუალო სკოლის პედაგოგთა გარკვეული ნაწილი ვერ აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებს, შეიძლება ეს ვინმეს გადაჭარბებულად მოეჩვენოს, ჩვენ კი მტკიცედ გვწამს, რომ უნაკლო პროფესიონალიზმი, უწინარესად  სწორედ მასწავლებლის დამახასიათებელი ნიშანი უნდა იყოს. დემოკრატიული ინტიტუტის ამოქმედება სასწავლო აღმზრდელობით მუშაობაში ხელსაყრელ პირობებს შეგიქმნით თქვენ, შემოქმედებითად მოაზროვნე მასწავლებლებს, გამოავლინოთ შესაძლებლობათა პოტენციალი.“

აი, რა განმარტებას აკეთებდა მაშინ საქართველოს პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების რესპუბლიკური ინსტიტუტის რექტორი გია მურღულია:

“შეიქმნა მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების ერთიანი რესპუბლიკური სისტემა, ჩვენი შეკვეთით მზადდება პედაგოგთა პროფესიული ცოდნის შეფასების კომპიუტერული სისტემა, რაც საფუძვლად დაედება მასწავლებელთა ობიექტურ ატესტაციას. გაიხსნა ქრისტიანული მოძღვრების, დაწყებითი კლასების მასწავლებელთა და ლოგოპედების გადამზადების მრავალთვიანი კურსები, სხვათა შორის, შეგახსენებთ, რომ ჩვენი ინსტიტუტი უმაღლესი სასწავლებელია და ამ კურსების დამთავრების შემდეგ ჩვენს მსმენელებს მიეცემა მისი ახალი კვალიფიკაციის დამადასტურებელი დიპლომი. ეს განათლების ძალიან მოსახერხებელი და სწრაფი ფორმაა.”