ტეგები

, ,


 

 

foti1991 წლის ზაფხულში ფოთმა წყალსათხილამურო სპორტში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლა. შეჯირებებში სპორტსმენები 14 ქვეყნიდან მონაწილეობდნენ. ჩემპიონატის საზეიმო გახსნაზე სიტყვა წარმოთქვა საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ.

“პატივცემულო სტუმრებო!

ძვირფასო თანამემამულენო!

ჩვენი დღევანდელი შეკრებების მიზეზი გახლავთ ევროპის სპორტული ცხოვრების უმნიშვნელოვანესი მოვლენა – კონტინენტის უძლიერეს წყალმოთხილამურეთა ჩემპიონატის გახსნა. სპორტსმენებს, მწვრთნელებს, მსაჯებს, სპორტის ფუნქციონერებს, უცხოელ სტუმრებს, გულშემატკივრებს ვულოცავ სპორტის ამ წარმტაცი სახეობის ლამაზ დღესასწაულს.

მსურს ვაუწყო ჩემპიონატის მონაწილეებს, რომ მათ ფეხი დადგეს უძველესი და უმდიდრესი ისტორიისა და კულტურის მქონე ქვეყნის მიწაზე, ეწვივნენ სტუმართმოყვარეობით განთქმულ საქართველოს ხალხს უძველეს კოლხეთის მიწაზე, რომლის დედაქალაქი ფაზისი – დღევანდელი ფოთი,  გულმხურვალედ მიესალმება ყოველ თქვნთაგანს!

მინდა გაუწყოთ ისიც, რომ საქართველოში ოდითგან უყვარდათ სპორტი, პატივს მიაგებდნენ ათლეტთა პატიოსან, რაინდულ ასპარეზობას. შესაძლოა, ბევრმა ჩვენმა სტუმარმა არ იცოდეს, რომ საქართველო დიდი სპორტული ტრადიციებისა და პოტენციის ქვეყანაა, ამას ადასტურებს ოლიმპიადებში, ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებში მოპოვებული უამრავი ჯილდო, არა ერთი დიდი და მრავალმილიონიანი ქვეყანა რომ იამაყებდა.

ის, რომ საქართველო სპორტულ რუკაზე ბევრისთვის „უჩინარი ქვეყანა,“ საბჭოთა იმპერიის „დამსახურებაა.“ ყოვლისშემრყვნელი იმპერიული ძალა მუდამ ცდილობდა დაეთრგუნა დაპყრობილი ერების ინდივიდუალობა, ჩანასახშივე მოესპო თავისუფლებისკენ მსოფლიოს ხალხთა თანაარსებობაში დამოუკიდებლად ჩართვისკენ სწრაფვა.

დღეს საქართველო იბრძვის ჭეშმარიტი დამოუკიდებლობისთვის, დამოუკიდებლობისთვის იბრძვის ქართული სპორტიც, თქვენ გმასპინძლობთ თავისუფლებისთვის მებრძოლი ქართველი ხალხი, რომელიც ევროპის ჩემპიონატს უკავშირებს იმ იმედსაც, რომ მთელი სამყაროს წარმომადგენლები შეიგრძნობენ, გააცნობიერებენ ჩვენი მიზნების სამართლიანობასა და სიწმინდეს.

დაე, ეს ჩემპიონატი იქცეს  ნამდვილ ზეიმად, ქართველი და ევროპელი ხალხების მეგობრობის ზეიმად იქცეს.”