ტეგები

,


261991 წლის ივნისში გაზეთ თბილისში გამოქვეყნდა სტატია სათაურით “სინდისი პატარა ღმერთია”, ამ სტატიის ავტორი (ირინე კუკავა)  დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ საქართველოში თანამდებობისთვის ე.ი. სკამებისთვის და გავლენებისთვის ბრძოლის მოძალებაზე წერდა, რაც მთავარი მიზნისთვის ბრძოლას ართულებდა. ასე იყო მაშინ, ასეა ახლაც, ამიტომ ეს პატარა სტატია “დამოუკიდებლობის გაკვეთილების” ნაწილი ხდება.

“ერთხელ სულკურთხეულ მერაბ კოსტავასთვის უკითხავთ, თავისუფალ საქართველოში შენ რა თანამდებობას დაიჭერო? თანამდებობა რად მინდა? ნეტავ იმ დღეს მოვესწრებოდე, ბავშვებს მუსიკას  შევასწავლიდი, ამაზე უკეთესი რა უნდა ვაკეთოო – უპასუხია..

ეს ამბავი ახლა გამახსენდა, რადგან სულ უფრო და უფრო საგრძნობი ხდება ადამიანთა ერთი ჯგუფის მოქმედების პრინციპი – ყოველი გზითა და საშუალებით ხელში ჩაიგდოს თანამდებობა, მოიხვეჭოს ავტორიტეტი, „მოერგოს“ ახალ დროს.

ეროვნული მოძრაობის აქტიურ მონაწილეთაგან ზოგი ახლა განზე გადგა. იქიდან ლანძღვა –გინებას არ აკლებს ეროვნულ პარლამენტს და ამით სურს ავტორიტეტის მოხვეჭა: შეხედეთ, რა ბიჭი ვარ, როგორი კრიტიკა შემიძლიაო.

სამწუხაროდ და საუბედუროდ, ისეთებიც წარმოჩინდნენ, რომელნიც დამნაშავეთა წრეებს მიეტმასნენ და ამ გზით ცდილობენ სახელი გაუტეხონ ეროვნულ მოძრაობასა და ეროვნულ მთავრობას.

არის კიდევ „ვაიმოღვაწეთა“ ერთი ნაწილი, რომელიც ცდილობს, რადაც არ უნდა დაუჯდეს ხელში ჩაიგდოს თანამდებობა. მათი აზრით, ეს სავსებით დაიმსახურეს, რადგან თავის დროზე ეროვნულ –გამათავისუფლებელ  მოძრაობას თანაუგრძნობდნენ, სამფეროვან დროშებს აფრიალებდნენ და მიტინგებზე სხვებთან ერთად გაჰყვიროდნენ: გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოსო.

ჩვენ მათი ღვაწლის დაკნინებას სულაც არ ვაპირებთ, ამისგან ღმერთმა დაგვიფაროს, მხოლოდ გულისტივილი გვალაპარაკებს. თუკი ასეთ აქტივისტებს მართლაც შესტკივათ გული სამშობლოზე და სურთ მომავალი თავისუფალი საქართველო ძლიერი და ღირსეული იყოს, სკამებისთვის ბრძოლას თავი უნდა დაანებონ და წუთით მაინც გაზომონ საკუთარი შესაძლებლობები: შეუძლიათ თუ არა მათ თანამდებობების დაკავება, ეყოფათ თუ არა ძალა, პროფესიონალიზმი, კომპეტენცია, უნარი და გამოცდილება, რომ საკადრისად წარმოაჩინონ თავი.

მავანმა და მავანმა ფული აიღო, მავანმა თავი ვერ გაართვა დაკისრებულ მოვალეობას, მავანს პატიოსნება არ ეყო, მავანს – ცოდნა და გამოცდილება – ესმის ჩვენს შეწუხებულ, შეჭირვებულ ხალხს, რომელიც ყველაფერს მოითმენს – უფულობას, შიმშილს, სიცივეს, მაგრამ აბუჩად აგდებას არავის აპატიებს, რწმენას არავის შეალახინებს, თავის არჩეულ ხელისუფლებას არავის დააჩაგვრინებს.

დიდმა ილიამ სინდისს პატარა ღმერთი უწოდა, ეს პატარა ღმერთი ყველა ჩვენგანშია და ნუთუ ის მაინც არ შეგვახსენებს, რომ ახლა, როცა საქართველო განსაცდელშია, ექსპერიმენტების დრო არ არის მხოლოდ ძლიერმა, პატიოსანმა და კომპეტენტურმა კადრებმა უნდა მართონ ქვეყანა.

ისიც არ დაგვავიწყდეს, რომ სამშობლოსათვის ჯარისკაცობაც საამაყოა, რადგან სჯობს იყო ღირსეული და პატივცემული ჯარისკაცი, ვიდრე უღირსი და სახელგატეხილი გენერალი, რომლიც ქვეყანას არ გამოადგება.

გენერლის მუნდირის მორგება თუ არც თუ ისე ადვილია, ხალხის სიყვარულის დამსახურება უფრო ძნელია, დაფნის გვირგვინი კი მხოლოდ რჩეულთა ხვედრია.”