ტეგები

, , ,


1991 წლის 20 მარტს გამოქეყნდა ცნობა, რომელიც განმარტავდა კანონმდებლობაში გატარებულ ცვლილებებს ზოგიერთი დანაშაულისთვის სიკვდილით დასჯის გაუქმების შესახებ. სასჯელის განასკუთრებული და ყველაზე მძიმე  ღონისძიება უქმდებოდა ისეთი მძიმე დანაშაულებთან მიმართებაში, როგორიცაა ყალბი ფულის დამზადება, სავალუტო ოპერაციების წესების დარღვევა, სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ქონების განსაკუთრებით დიდი ოდენობით დატაცება,  დიდი ოდენიბით ქრთამის აღება.  შესაბამისი  დოკუმენტური მასალა ადრე გამოვაქვეყნეთ. 

” უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობას ერთი პირობით დავთანხმდი: თუ ქვეყანაში სიკვდილით დასჯა გაუქმდებოდა. “–გაიხსენა თავის ერთ–ერთ ინტერვიუში მინდია უგრეხელიძემ და დასძინა:” ზვიადმა შეხვედრისას მითხრა, – ვიდრე აგირჩევდით, 15 წუთით ადრე, დახვრეტა ეკონომიკური დანაშაულისთვის გავაუქმეთ, დარჩა დახვრეტის გაუქმება მკვლელობისა და გაუპატიურებისთვის, რაც ერთად უნდა გავაუქმოთ; დანიშნული ხარ და მუშაობას შეუდექიო… ამ მიმართულებით ერთად ბევრს ვმუშაობდით. სამწუხაროდ, გამსახურდიას პრეზიდენტობისას ამ სასჯელის გაუქმება ვერ მოესწრო, რადგანაც მაშინ მოჭიდავემ  7 წლის გოგონა გააუპატიურა. ამიტომ პრეზიდენტმა სიკვდილით დასჯის გაუქმება ვერ გაბედა, რადგანაც ხალხი საოცრად აღშფოთებული იყო. მაგრამ როგორც უნდა იყოს, ფაქტია, სიკვდილით დასჯის გაუქმებას ზვიადმა ჩაუყარა საფუძველი.”

“დამუკიდებლობის გაკვეთილებში” ვიხსენებთ 1991 წლის ზაფხულში გამოქვეყნებულ ინტერვიუს უზენაესი საბჭოს ადამიანის უფლებების  კომისიიის თავმჯდომარესთან ავღანდილ იმნაძესთან.

 

“ბატონო ავთანდილ, რა აზრის ბრძანდებით უმაღლესი სასჯელის გაუქმების თაობაზე?

მე ცალსახად შემიძლია ამაზე გიპასუხოთ, ასეთი სასჯელი ცივილიზირებულ სახელმწიფოში, იქ, სადაც დემოკრატიული ხელისუფლებაა, არ უნდა არსებობდეს. მთელი არსებით მომხრე ვარ, რომ სიკვდილით დასჯა გაუქმდეს. მაგრამ, დღეს ჩვენი საზოგადოება, სამწუხაროდ, ამისთვის მზად არ არის. ამის თქმის საფუძველს მაძლევს ფაქტი, რომელიც  ხელისუფლებაში  ჩვენი მოსვლის პირველსავე  თვეებში გამომჟღავნდა.

ამნისტია რომ გამოვაცხადეთ,  წარმოიდგინეთ, ძალიან ბევრი აღშფოთებულიც კი შეხვდა ამ ჰუმანურ აქტს. ხალხმა ვერ აღიქვა იგი, მოხდა კურიოზული ფაქტები, იმ ხანებში,  თუ რომელიმე პატიმარმა, რომელსაც არავითარი კანონიერი შეღავათები არ ერგებოდა და არც ამნისტია ეხებოდა, რაღაც მანქანებით დაიხსნა თავი მართლმსაჯულების კლანჭებიდან და გათავისუფლდა, ყველა ჩვენ მოგვაწერს – მკვლელები გამოუშვითო. იმდენად ღრმად არის გამჯდარი ჩვენში შურისძიების გრძნობა, უმაღლესი სასჯელის გაუქმებას შეიძლება დღესდღეობით ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი აღშფოთებითაც შეხვდეს…

უმაღლესი სასჯელი რომ გაუქმდეს, ეს როდი  ნიშნავს მძიმე დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილებას. ამ შემთხვევაში დამნაშავეს მუდმივი ან ხანგრძლივი პატიმრობა უნდა მიესაჯოს, არც ამის პირობები გაგვაჩნია დღეს.

საზოგადოების შემზადებასთან ერთად აუცილებლია გადავჭრათ ისეთი საკითხები, როგორიცაა პატიმრების ნორმალური ყოფაცხოვრება. დღევანდელ პირობებში ძნელია კაცს მუდმივი პატიმრობა მიუსაჯო. გულახდილად ვთქვათ, რომ ამის შესაძლებლობა დღევანდელ საბჭოთა სისტემის მიერ შექმნილ საპატიმროებში არ არის. ციხეებსა თუ ზონებში ისეთი პირობებია, რომ პატიოსანი კაცი პირუტყვსაც კი არ ამყოფებს იქ. ხანგრძლივი და მუდმივი პატიმრობა როცა აქვს მისჯილი კაცს, მას სულ სხვა პირობები უნდა ჰქონდეს,  უნდა აწარმოოს მეურნეობა, მიიღოს გაზეთები და ჟურნალები, უყუროს ტელე –გადაცემებს და, ერთი სიტყვით, უნდა გააჩნდეს ყველაფერი გარდა თავისუფლებისა.

ცნობილია, რომ ქართველი პატიმრები გადაჰყავთ რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ. როგორია თქვენი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით?

არავითარ შემთხვევაში საქართველოდან პატიმრები არ უნდა იყვნენ გაყვანილები, მაგრამ ჯერჯერობით ეს ვერ ხორციელდება. სამწუხაროდ არ გვაქვს განსაკუთრებული რეჟიმის კოლონია. ყოველი შემთხვევისთვის კონკრეტული პირები ასე ხსნიან ამ საკითხს. მიუხედავად ამისა, მე მაინც წინააღმდეგი ვარ პატიმრების საქართველოდან გაყვანის ორი მიზეზით: ჯერ ერთი, ჩვენ დამოუკიდებლობა გამოვაცხადეთ, და თუ კი ვაღიარებთ, რომ ვართ დამოუკიდებლები, მაშინ, უპირველეს ყოვლისა, ჩვენვე უნდა შევასრულოთ  პირობა და საზღვარგარეთ არ უნდა გავაგზავნოთ ჩვენი პატიმრები, მეორე, თუ კი ის რეციდივისტია, მე სესიაზეც წამოვაყენე წინადადება საქართველოში რომელიმე ზონის ლოკაციისა და ამგვარი  პატიმრების იქ მოთავსების თაობაზე. თუ ისეთი შემთხვევა იქნება, რომ პატიმარს თავისი ნებით სურს რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ სასჯელის მოხდა, ამის დაშვება კიდევ შეიძლება”