ტეგები

, ,


1991 წლის ზაფხულში “ეროვნული კონგრესის” პრეზიდიუმს უმჯსელია კონგრესიდან ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიის ( თავმჯდომარე ირაკლი წერეთელი)  გარიცხვის საკითხზე და  29 ივლისამდე მისთვის კონგრესში  უფლაბამოსილებაც შეუჩერებია. ამ ამბავთან დაკავშირებით გაზეთმა “თავისუფალმა საქართველომ” გამოაქვეყნა ეროვნულ–დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარის გია ჭანტურიას და თავად ირაკლი წერეთლის კომენტარები,  შემდეგი განმარტებით:

“საქართველოს ეროვნული კონგრესის პრეზიდიუმის დადგენილებით 29 ივლისამდე შეჩერებულია კონგრესში საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიის უფლებამოსილება. ფაქტი, თავისთავად, მრავლისმეტყველია, წელიწადიც არ გასულა მას შემდეგ , რაც საქართველოში ეროვნული კონგრესი შეიქმნა, მის შემადგენლობაში შევიდნენ პარტიები, რომლებიც შემდეგ საარჩევნო ბლოკებში იყვნენ გაერთიანებული: “ეროვნულ–დემოკრატიული პარტიისა და დემოკრატიული პარტიის ბლოკი, დემოკრატიული საქართველო, ეროვნული დამოუკიდებლობის პარტია – ეროვნული კავშირი, კომუნისტური პარტიის დემოკრატიული ფრაქცია, სახალხო პარტია და ინვალიდთა ასოციაცია, საქართველოს მოქალაქეთა ლიგა, დღეს კი უკვე დაისვა საკითხი ეროვნული კონგრესის შექმნის ერთ–ერთი მოთავისა და შემდგომში მისი ერთ–ერთი წამყვანი და საყრდენი პარტიის კონგრესიდან გარიცხვის შესახებ.

გიორგი ჭანტურია: უწინარეს ყოვლისა მინდა განვაცხადო, რომ კონფლიქტის მიზეზი არ გამხდარა პიროვნული უთანხმოება, უბრალოდ, ცნობილი გახდა რამდენიმე ფაქტი, რომლებიც ადასტურებენ ირაკლი წერეთლისა და ზვიად გამსახურდიას ერთ ალიანსში ყოფნას. ამ თანამშრომლობის მიზანია ეროვნული კონგრესის შიგნიდან აფეთქება. ალიანსმა ჩვენს საწინააღმდეგო მუშაობა სხვადასხვა ფორმით  დაიწყო. თავდაპირველად ჩვენს სხდომებსა და კრებებზე საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიის წევრთა გამოუცხადებლობის გამო სისტემატურად არ იკრიბებოდა ქვორუმი, გვეშლებოდა მუშაობა, შედეგ ირაკლი წერეთელმა საქვეყნოდ გამოაცხადა კონგრესმა ფუნქციონირება უნდა შეწყვიტოსო. ანტისაოკუპაციო მოძრაობაც ამ მიზნით წამოიწყო. საერთოდ  ამ მოძრაობის საჭიროებას ჩვენ არ გამოვრიცხავთ, შეიძლება სხვა შემთხვევაში იგი ეფექტიანიც ყოფილიყო, მაგრამ საქართველოში შექმნილი პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე იგი უაზრობაა. იგი მოგონილია იმისთვის, რომ შეიქმნას შთაბეჭდილება ეროვნული დამოუკიდებლობის პარტია სასარგებლო და საჭირო საქმეს აკეთებს, ეროვნულ–დემოკრატიული პარტია კი ხელისუფლებასთან  ღვარძლიან და გესლიან ბრძოლას არის გადაყოლილი.

ყოველივე ეს და კიდევ სხვა მოვლენა გახდა მიზეზი კონგრესში არასასიამოვნო სიტუაციის შექმნისა. კონგრესის რეგლამენტი ითვალისწინებს შემდეგს: თუკი მასში შემავალი რომელიმე პარტია ან პიროვნება თავისი საქმიანობით დისკრედიტაციას უწევს მას, კონგრესი უფლებამოსილია გარიცხოს  იგი თავისი რიგებიდან.

ირაკლი წერეთელი:  რაც შეეხება ჩვენს გარიცხვას კონგრესიდან, ეს არის ჩემის აზრით, უბრალოდ ახირება, ანდა ჩემი გამოწვევის ცდა. მე კვლავაც დაბეჯითებით ვიმეორებ: ვინაიდან ქართველმა ხალხმა არ გაიზიარა ჩვენი პრინციპები და აირჩია  უზენაესი საბჭო, ჩვენ აღარ უნდა გვქონდეს პრეტენზია, რომ ვართ ერთის ნების გამომხატველი ორგანო. ჩვენი ხალხის ნება სწორედ ამ არჩევნებში გამოიხატება. მან მხარი დაუჭირა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის პარლამენტურ გზას, ეს არის ფაქტი, ამასთან, ეროვნული დამოუკიდებლობის  პარტია კონგრესის არჩევნებში გამარჯვებულია. ”