ტეგები


zvio“მოგმართავთ თქვენ ამ ისტორიულ მომენტში, როცა საქართველოს ბრძოლა დამოუკიდებელი სახელმწიფოს აღდგენისათვის გადამწყვეტ ფაზაში შევიდა. მხოლოდ მთელი ძალები კონსოლიდაციის პირობებში, ეთნიკური და ეროვნული კუთვნილების მიუხედავად, არის შესაძლებელი ეფექტიანი ბრძოლა ნამდვილად აყვავებული და დღეკეთილი საზოგადოების შექმნისთვის, რომელშიც ყველა ადამიანი იცხოვრებს ღირსეულად, ცივილიზაციისა და დემოკრატიის მაღალი მოთხოვნების შესაბამისად,”– ასე  იწყება პრეზიდენტ გამსახურდიას მიმართვა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებისადმი, რომელიც 1991 წლის 8 ივლისს არის დათარიღებული. ეს დოკუმენტი საქართველოს მაშინდელი ლიდერის უმნიშვნელოვანეს წინადადებებს შეიცავს აფხაზი ხალხისადმი, “დამოუკიდებლობის გაკვეთილებში” ის სრული სახით შეგვაქვს.

mimartva

“აფხაზი ხალხი მუდამ ქართველი ერის გვერდით იდგა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის, უცხოელ დამპყრობთა მრავალრიცხოვანი ურდოების წინააღდეგ საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ბრძოლის მანძილზე. ასევე ქართველ ერს არასდროს არ მიუტოვებია გაჭირვებისას აფხაზი ხალხი, მაშინც კი, როცა თვითონ გმინავდა თვითმპყრობელობის უღელქვეშ. ჩვენი ხალხების მეგობრობა არ ჩაუმწარებია ეჭვსა და ვერაგობას, რომლებიც, სამწუხაროდ,  წესად იქცა ამიერკავკასიაში ბოლშევიკური იდეოლოგიისა და ტოტალიტარული პოლიტიკური რეჟიმის გავრცელების შემდეგ.

აღარ ჩამოვთვლი ყველა იმ ჭირ–ვარამსა და ტრაგედიებს, რომლებიც გამოიარეს როგორც აფხაზებმა, ისე ქართველებმა 70 წლის მანძილზე. დღეს კვლავ დაძაბულობაა აფხაზეთში, გამეფებულია ურთიერთდაუნდობლობა და ეჭვი აფხაზ და ქართველ მოსახლეობას შორის, თუმცა ამავე დროს, კიდევ უფრო მეტი ინტენსიურობით ხდება ქორწინებანი, მტკიცდება აფხაზთა და ქართველთა სისხლით ნათესაობა. ვერავინ ვერ მოსპობს ორი, ისტორიულად ერთმანეთის გვერდით მცხოვრები მონათესავე ხალხების ამ შეუკავებელ და ისტორიულად განპირობებულ ლტოლვას.

jvari

მთელი იმ სიძნელეების მიუხედავად, რომლებიც წილად ხვდა აფხაზ ხალხს მმართველობის მბრძანებლურ – ადმინისტრაციული სისტემის ბატონობის პირობებში, ამ ბოლო წლების მანძილზე უმაგალითო აყვავებას მიაღწია აფხაზთა ეროვნულ – კულტურულმა თავისთავადობამ.

ჩვენ გაგებით ვეკიდებით აფხაზი ხალხის სწრაფვას, გააფართოოს სახელმწიფო ავტონომია, რომელიც ხანგრძლივი წლების მანძილზე სრულყოფილი არ იყო, ისევე როგორც სსრ კავშირში კომუნისტური რეჟიმის ბატონობის წლების მანძილზე შექმნილი ყველა პოლიტიკური ინსტიტუტი.

საქართველოს რეპუბლიკაში ახალ საზოგადოებას რომ ვაშენებთ, არ შეიძლება არ გავითვალისწინოთ აფხაზეთის სტატუსის განვითარების ტრადიციები, რასაც გააკეთებს კიდეც სპეციალური კომისია, რომელიც საქართველოს რესპუბლიკასა და აფხაზეთის ასს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოების წარმომადგენლებისგან შედგება.

ჩვენ არაერთგზის განგვიცხადებია იმის შესახებ, რომ ლაპარაკიც კი არ შეიძლება ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შებღალვაზე, რაც დამკიდრებულია საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციაში. რაც შეეხება აფხაზეთის ასს რესპუბლიკის კომპეტენციის გაფართოებას, თანამედროვე მოთხოვნათა სულისკვეთების შესაბამისად, სწორედ ეს უნდა გახდეს მოლაპარაკების საგანი. ცალმხრივი მოქმედება როგორც ერთი, ისე მეორე მხრიდან შეუწყნარებელია და მას შეიძლება მოჰყვეს განუჭვრეტელი შედეგები, რომლის მწარე გამოცდილებას, სამწუხაროდ, დღესაც ვგრძნობთ.

გარკვეული ძალები ცენტრში უკვე დიდი ხანია ცდილობენ შეარყიონ საქართველოს ბრძოლა დამოუკიდებლობისათვის შიგნიდან, კერძოდ დაუპირისპირონ აფხაზი ხალხი ქართველ ხალხს, ამოგლიჯონ აფხაზეთი საქართველოს ცოცხალი სხეულიდან. ყოველი ამგვარი ცდა განწირულია ჩასაფუშად, რამეთუ ცემენტი, რომელიც ადუღაბებს აფხაზეთს მთელ საქართველოსთან, იმდენად მტიცეა, რომ მას ვერავითარი გარეშე და შინაგანი ძალა ვერ დაანგრევს.

თუ პოლიტიკური ავბედობის წლებშიც კი აფხაზმა ხალხმა შეძლო მიეღწია ეროვნულ – კულტურული და პოლიტიკური მწვერვალებისთვის, რომლებიც ვერ შეედრება ვერც ერთ ავტონომიურ, ბევრად უფრო დიდ რესპუბლიკებასც კი, თავისუფალ საქართველოში მისი მომავალი შეუძლებელია უფრო გარანტირებული და წარმტაცი არ იყოს.

მხოლოდ აფხაზი და ქართველი ხალხების, აფხაზეთის ასს რესპუბლიკაში მცხოვრები სხვა ხალხების წარმომადგენელთა თანამეგობრობა და ურთიერთგაგებაა აფხაზეთის ტერიტორიაზე სამართლიანი საზოგადოების შექმნის გასაღები.

პოლიტიკური რეალიზმი ამავე დროს გვკარნახობს უწინარეს ყოვლისა აფხაზებისა და ქართველების – ამ ტერიტორიაზე ორი ისტორიული მცხოვრების ხალხების მჭიდრო თანამშრომლობის აუცილებლობას, რაც არ გამორიცხავს აფხაზი ხალხის გარკევული უფლებების ცნობას პოლიტიკური ინსტიტუტების შექმნისა და ავტონომიური  რესპუბლიკის სახელმწიფო სტრუქტურათა სრულყოფის დროს.

ქართველ ერს, აფხაზეთში მცხოვრებ ქართველებს ესმით აფხაზი ხალხის მისწრაფებანი, მაგრამ არ დაუშვებენ საქართველოსგან აფხაზეთის გამოყოფის რეალიზაციას, რაც საქართველოს რესპუბლიკისა და თვით აფხაზეთის ასს რესპუბლიკის კონსტიტუციების უხეში დარღვევის ცდაა, რომლებიც მკაცრ იურიდიულ ბარიერებს აყენებს ამგვარი მოქმედების წინაშე, რომელსაც შეიძლება უაღრესად მძიმე შედეგები მოჰყვეს.

მხოლოდ მაშინ, თუ გამოვიჩენთ საღ გონებას, ჯეროვნად შევაფასებთ პოლიტიკურ და სამართლებრივ რეალობას, გამოვიჩენთ ურთიერთნდობისა და ნამდვილი თანამშრომლობის სურვილს, როგორც აფხაზეთში, ისე მთელ საქართველოში მცხოვრები ყველა ხალხის კეთილდღეობისათვის, გადავჭრით საკითხს საქართველოს რესპუბლიკის შემადგენლობაში აფხაზეთის სტატუსის შესახებ, რომლის ტერიტორიული მთლიანობა გარანტირებულია საერთაშორისო სამართლით.

აფხაზეთის ასს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს სესიას ვუსურვებ წარმატებას პოლიტიკური ძალაუფლების ახალ სტრუქტურათა შექმნის გზაზე, რომელიც ორგანულად შეერწყმება საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის  პოლიტიკურ სისტემას. ”

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია. 1991წ. 8 ივლისი.