ტეგები

, ,


ელიზბარ ჯაველიძე, რომელიც ახლა ასე ხშირად გამოდის ანტიდასავლური, განსაკუთრებით კი ანტიამერიკული განცხადებებით, ერთ დროს იმედისმომცემად განიხილავდა რეალობას, რომლის პირობებშიც მისივე თქმით: უცხო ენების და განსაკუთრებით ინგლისურის  ცოდნა თითქმის საყოველთაო საქმედ იყო  მიჩნეული. ეს იყო 1991 წელს, როცა საქართველოს ხელისუფლების პირველი პირი იყო ზვიად გამსახურდია და მის მთავრობაში ჯაველიძეს განათლების მინისტრის სავარძელი ეკავა. სწორედ  იმ ელიზბარ ჯაველიძეზე ვლაპარაკობთ, რომელიც მინისტრობიდან 25 წლის შემდეგ გვეუბნება: “ამერიკის პოლიტიკა უმეტესწილად განსაზღვრავს მსოფლიო პოლიტიკას. მას უნდა, რომ ის გავრცელდეს მსოფლიოში, რაც მას უნდა. ყველაზე დიდი ურწმუნოება, უზნეობა, ღვთის გმობა… ”

ვნახოთ რას წერდა განათლების მინისტრი ელიზბარ ჯაველიძე თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორ როინ მეტრეველს..

1991 წელი

“მსოფლიო საზოგადოებასთან ფართო კონტაქტის აუცილებლობამ დღეს ჩვენს წინაშე უცხო ენათა შესწავლის ფართო მოთხოვნა დააყენა. საქართველოში უცხო ენას სწავლობს დიდი და პატარა. სწავლობენ როგორც პროფესიული, ისე არაპროფესიული მოთხოვნილებებიდან გამომდინარე. სწავლობენ როგორც ძირითად სპეციალობას, აგრეთვე როგორც ამა თუ იმ სპეციალობის დაუფლების ერთ–ერთ საშუალებას.

უცხო ენათა შესწავლის მოთხოვნილებასთან ერთად გაიზარდა თვით მათი შესწავლის შესაძლებლობები. გაჩნდა უამრავი ახალი წიგნი, სახელმძღვანელო თუ ლექსიკონი, გაჩნდა მრვალი სასწავლი ვიდეოკასეტა, უცხოური ტელეარხი. ჩვენს ხელთაა უამრავი უცხოური ფილმი… ფართოდ გაშლა ფრთები ილია ჭავჭავაძის სახელობის  თბილისის უცხო ენათა პედაგოგიურმა ინსტიტუტმა, იქვე გახსნილია ფასიანი სწავლების განყოფილება. გაიხსნა უცხო ენათა კომერციული კოლეჯი ( ისიც, არა ერთი), თბილისის  დამოუკიდებელ კომერციულ უნივერსიტეტს აქვს უცხო ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი. მრავალ უმაღლეს სასწავლებელს გააჩნია მეორად პროფესორთა ფაკულტეტი, სადაც ფასიანი და უფასო გზით სხვა სპეციალობების გვერდით ასობით და ათასობით  ახალგაზრდა ეუფლება უცხო ქვეყნების ენებს. თბილისში, თუ თბილისს გარეთ, მოქმედებენ უცხო ენათა შემსწავლელი ფასიანი წრეები, კურსები და ა.შ. ერთი სიტყვით, უცხო ენების და განსაკუთრებით ინგლისურის  ცოდნა თითქმის საყოველთაო საქმედ არის მიჩნეული, რაც მთლიანობაში ამ ენის  ცოდნის გაზრდილ დონეზე მეტყველებს.

და აი, ყოველივე  ამის ფონზე განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, მის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტს, როგორც დასავლეთ ევროპული ენებისა და ლიტერატურის შესწავლისა და მეცნიერული კვლევის ტრადიციულ კერას. დღესდღეობით კი ამ ფაკულტეტზე სტუდენტთა მიღება კვლავ ძველი მეთოდებით  წარმოებს… ”

შემდეგ ელიზბარ ჯაველიძე  ამახვილებდა  ყურადღებას იმაზე, რომ უნივერსიტეტში სწავლისას აღნიშნული ფაკულტეტის სტუდენტები  სპეცკურსს ლიტერატურაში, მსგავსად საზღვარგარეთის ლიტერატურის ზოგადი კურსისა, ქართულ ენაზე ისმენდნენ და აბარებდნენ და დასძენდა:  არააკადემიურად გამოიყურება ის ფაქტი, რომ დ/ე. ფაკულტეტის სტუდენტები დიპლომს, იქნება ეს ლიტერატურაში თუ ენაში, იცავს ქართულ ენაზეო. განათლების მინისტრი  მიზანშეწონილად მიიჩნევდა აღნიშნულ ფაკულტეტზე შემსვლელებისთვის მოეთხოვათ იმ ენაზე დაწერილი  ლიტერატურის ზოგადი ცოდნაც, რომელი ენის სპეციალისტიც უნდა გამოსულიყვნენ. თან განმარტავდა: „ ჩვენი მიზანი არ გახლავთ მისაღები გამოცდების გართულება, არამედ მიზანია მოსწავლეებში  უცხო ენის ცოდნის დონის ამაღლება.”

ელიზარ ჯაველიძე გამოდიოდა წინადადებით თსუ–ს ქართული ფილოლოგიის ფაკულტეტზეც გაძლიერებულიყო უცხო ენათა ათვისება – ” აქაც უნდა დაინერგოს უცხოური ლიტერატურის  შესაბამის ენაზე  სწავლის პრაქტიკა, რის საშუალებასაც უკვე  მეტნაკლებად იძლევა სტუდენტთა მომზადების დონე, რათა აღნიშნულ ფაკულტეტზე შეიქმნას მთარგმნელობითი კადრის მომზადების  რეალური პირობა.. ასეთ პირობებში უფრო პერსპექტიული და შედეგიანი აღმოჩნდება პროფესორ–მასწავლებელთა და სტუდენტთა გაცვლა უცხოეთის სხვადასხვა უნივერსიტეტებთან, უცხოელი პროფესორების მოწვევა ჩვენთან, და საერთოდ მეცნიერული თანამშრომლობა. ”

მოყვანილ ტექსტში გამოყენებულია ციტატები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორისდამი განათლების მინისტრის მიმართვიდან, რომელიც 1991 წლის ზაფხულში გამოქვეყნდა  ერთ –ერთ ქართულ გაზეთში.