ტეგები

,


კომპარტიის რიგების დატოვების შესახებ გადაწყვეტილება ედუარდ შევარდნაძემ 1991 წლის ზაფხულში მიიღო. სსრკ–ს  საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ახალი მოძრაობის –  “დემოკრატიული რეფორმების მოძრაობის” დაწყების ინიციატივით გამოვიდა. ვნახოთ როგორ შეხვდნენ საქართველოში ახალ დასაწყისს ედუარდ შევარდნაძის პოლიტიკურ ბიოგრაფიაში. სხვადასხვა გამოცემებში გამოქვეყნებული მოსაზრებები 1991 წლის ივლისის დასაწყისში “საქართველოს რესპუბლიკამ” გამოაქვეყნა. ამ მოსაზრებების თანახმად, ამ პერიოდში შევარდნაძე საკუთარ სამშობლოში არაპოპულარული ფიგურა იყო.

edo-1

“მოსკოვში,საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში, გაიმართა საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას პრესკონფერენცია. როდესაც იქ „დემოკრატიული რეფორმების მოძრაობაზე“ და ედუარდ შევარდნაძის დღევანდელ საქმიანობაზე ჩამოვარდა ლაპარაკი, ზვიად გამსახურდიამ აღნიშნა: „ახლა ლაპარაკობენ, რომ შევარდნაძემ დიდი ევოლუცია განიცადა, მაგრამ მე მინდა ეს საქმით დავინახო. როცა შევარდნაძე გამოკვეთს თავის დამოკიდებულებას სკკპ–სადმი და თავის ადგილს სკკპ–ში, მთელი ხალხის და ისტორიის წინაშე მოყვება რა ჩაიდინა სკკპ–ში და საქართველოში, პირველ რიგში სწორედ საქართველოში, როცა იქ სკკპს– ემისარი იყო, აი, მაშინ დავუჯერებ შევარდნაძეს. მაგრამ, სანამ ის თავის წარსულზე დუმს, არც სკკპ– ზე ამბობს რამეს და იმას კი გაიძახის, რომ ახლა დემოკრატიისთვის სურს ბრძოლა, – ეს მე მაშფოთებს. თქვენ ჯერ გვიამბეთ, რაც ჩაიდინეთ, დაგმეთ წარსული, თუნდაც ისე, როგორც ეს ხრუშჩოვმა გააკეთა, მე, მაგალითად, მისი ბევრად უფრო მჯერა, ვიდრე სხვა ლიდერებისა, რადგან ხრუშჩოვმა აღსარება თქვა. ვფიქრობ ეს მოქმედება პატივისცემის ღირსია.“

კიშინიოვის მუნიციპალური საბჭოს გაზეთ „ვეჩერნი კიშინიოვის“ 2 ივლისის ნომერში დაიბეჭდა ინტერვიუ ნოდარ ნათაძეთან, სადაც კორესპონდენტის შეკითხვაზე – „რამდენადაც პრესიდანაა ცნობილი, შევარდნაძეს გაეროს გენერალური მდივნის პერეს დე კუელიარის ადგილის დაკავება სურს, მის მიმართ ბევრი სიმპათიით არის განწყობილი როგორც კავშირში, ისე საზღვარგარეთ, მაგრამ მე მომეჩვენა, რომ საქართველოში ის პოპულარობით არ სარგებლობს, ასეა?“ ბატონმა ნათაძემ უპასუხა: “მას დიპლომატის და მოხიბვლის ნიჭი აქვს, მისი წამოყენება მსოფლიო საზოგადოებრიობის გემოვნებაზე ლაპარაკობს, მაგრამ ეს გემოვნება არანაირად არ ვრცელდება საქართველოზე. მან  ბევრი ცუდი გაუკეთა რესპუბლიკას, საქართველოს კომპარტიის პირველი მდივნის პოსტზე ყოფნისას 1971 წელს მან დაიწყო ბრძოლა ქართველი ჩრდილოვანი ეკონომიკის წარმომადგენლების წინააღმდეგ. ამ ექსპერიმენტს დიდი მსხვერპლი მოჰყვა. დააპატიმრეს ათეულ ათასობით ადამიანი.”