ტეგები

, ,


1991 წლის ივლისის ბოლოს თბილისში ვიზიტად იმყოფებოდა სომხეთის რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ლევონ ტერ – პეტროსიანი. საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიასთან ერთად მან ხელი მოაწერა ორ რესპუბლიკას  შორის თანამშრომლობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობების ხელშეკრულებას, რომელშიც ჩაიწერა: „სომხეთის რესპუბლიკა  და საქართველოს რესპუბლიკა ეყრდნობიან ქართველ და სომეხ ხალხებს შორის მრავალსაუკუნოვან მეგობრულ კავშირებს, ცნობენ თითოეული მხარის ხელშეუვალ უფლებას ჰქონდეს სახელმწიფო დამოუკიდებლობა, განზრახული აქვთ განავითარონ ურთიერთობა ორ სუვერენულ სახელმწიფოს შორის საერთაშორისო სამართლის ნორმების საფუძველზე. აღიარებენ ზოგადსაკაცობრიო ფასეულობათა პრიორიტეტებს, ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებას, ისწრაფვიან ხელი შეუწყონ რეგიონში მშვიდობის დამყარებას და სტაბილურობას.“

erevani

 

რესპუბლიკების მეთაურებმა ჟურნალისტების შეკითხვებსაც უპასუხეს. გამსახურდიას და ტერ –პეტროსიანის პრესკონფერენციის შესახებ ცნობები გაზეთ “თბილისიდან”:

„ზვიად გამსახურდიამ განაცხადა: სომხეთთან ჩვენი ურთიერთობა ყოველთვის მეგობრული იყო, სერიოზული წინააღმდეგობები, სერიოზული კონფლიქტები ჩვენ არ გვქონია, თუ ადგილი  ჰქონდა რაიმე ცალკეულ გაუგებრობას, ეს ყველაფერი რეგულირებული იქნება და ამას ხელს შეუწყობს მომავალი სამთავრობათშორისო ხელშეკრულებაც, რომელსაც დავდებთ. ჩვენ გვექნება ხელშეკრულებები სხვადასხვა დარგში, მათ შორის ეკონომიკის სფეროშიც. ეს ყოველივე კიდევ უფრო გააუმჯობესებს ჩვენს ურთიერთობას და შეიძლება ითქვას, აიყვანს მას ახალ სიმაღლზე.

საქართველოსა და სომხეთის ურთიერთობის სხვადასხვა ასპექტზე მსჯელობისას ითქვა, რომ ამიერკავკასიის ყველა პრობლემა უნდა გადაიჭრას რესპუბლიკებს შორის ურთიერთშეთანხმებისა და მშვიდობიანი გზით, მესამე ძალის ჩაურევლად. ყარაბახის კონფლიქტზე საუბრისას ბატონმა ტერ –პეტროსიანმა აღნიშნა, რომ გაიმართა ყარაბახის დელეგაციის პირველი შეხვედრა ბაქოში აზერბაიჯანის ხელმძღვანელებთან და საჭიროა ამ მოლაპარაკებების გაგრძელება.

ჟურნალისტებთან შეხვედრისას ხაზი გაესვა, რომ თბილისში აზერბაიჯანის პრეზიდენტის აიაზ მუთალიბოვის ამასწინანდელი ჩამოსვლა, ახლა კი სომხეთის რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის ტერ–პეტროსიანის ვიზიტი იმის მაჩვენებელია, რომ საქართველო ამიერკავკასიის რესპუბლიკებთან ძმური ურთიერთობის და კეთილმეზობლობის, თანასწორი პარტნიორობის გზას ადგას.

როცა საქართველოსი მცხოვრები სომეხი ეროვნული უმცირესობების პრობლემებს შეეხო, ბატონმა გამსახურდიამ აღნიშნა, რომ სომეხ ხალხს, ისევე როგორც ყველა ეროვნულ უმცირესობას საქართველოში, კულტურული ავტონომია აქვს, ჩვენ ზომებს ვიღებთ, რომ ის კიდევ უფრო განვითარდესო. ამავე დროს, საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ  სომეხი ეროვნების წარმომადგენლებმა პატივი უნდა მიაგონ იმ ტრადიციებს, იმ სახელმწიფოებრივ გზას, რომელსაც საქართველო ადგას, საქართველო კი, ისე როგორც სომხეთი ისწრაფვის დამოუკიდებლობისკენ,– თქვა ზვიად გამსახურდიამ.

–ჩვენ მტკიცედ ავირჩიეთ დამოუკიდებლობის გზა, – დასძინა ტერ პეტროსიანმა, – მაგრამ ყოველთვის ვცდილობთ გვქონდეს ნორმალური პარტნიორული დამოკიდებულება როგორც ცენტრთან, ასევე ყველა დანარჩენ რესპუბლიკასთან. ვერიდებით კონფრონტაციას, რაც შეეხება ნოვო –ოგარიოვის შეხვედრას, იმას, თუ როგორ შეაფასა გორბაჩოვმა ეს ვიზიტი, ვიტყვი, რომ მან ეს გააკეთა სხვადასხვანაირად, „იზვესტიაში“ ძალიან ზუსტად ასახა ჩვენი პოზიცია ამ შეხვედრაზე , მე არ ვიცი ნახეთ თუ არა 25 ივლისის გაზეთი, იქ მან თქვა: სომხეთის დამოკიდებულება მომავალ კავშირთან ნათელი იქნება მხოლოდ რეფერენდუმის შემდეგო.”