ტეგები

, ,


1991 წლის 26 მაისს საქართველოში სტუმრად ყოფილა  “ვაშინგტონ პოსტის” კორესპონდენტი.  ამ  დღეს ჩვენს ქვეყანაში ოფიციალურად პირველად აღინიშნა 26 მაისის დღესასწაული და პირველად ჩატარდა პირველი საპრეზიდენტო არჩევნები. ამერიკელი ჟურნალისტი თელავში დაკვირვებია არჩევნების მიმდინარეობას. მალევე “ვაშიბგტონ პოსტში” გამოქვეყნებულა მისი სტატია საქართველოზე.  1991 წლის ივნისში დასაწყისში ეს სტატია  უთარგმნიათ ქართულად და გამოუქვეყნებიათ გაზეთში “დრონი”.  ნათარგმნი ტექსტი საინტერესო ცნობებს შეიცავს. თუ განტერესებთ უცხო თვალით დანახული 1991 წლის საქართველო, გაეცანით მას. 

posti

 

„კავკასიაში მდებარე საქართველოს რესპუბლიკა  მძიმე ზეწოლას განიცდის. მას  იმ ქვეყნად მიიჩნევენ, რომელშიც მიმდინარეობს მწვავე სოციალური და ეთნიკური დარღვევები, რომლებსაც წარმართავს რადიკალ ნაციონალისტების ჯგუფი. ისინი ზღუდავენ ეროვნულ უმცირესობათა უფლებებს და ტოტალიტარიზმის აღდგენისკენ მიისწრაფიან. ვერც ერთი ეს ბრალდება ვერ უძლებს კრიტიკას. მათი ძირითადი წყარო საბჭოთა  მთავრობის მიერ გავრცელებული დეზინფორმაციაა. ის კი  განწირულ, საბოლოო ნაბიჯებს დგამს ამისათვის, რომ უცხოეთის თვალში ჩირქი მოსცხოს ქართველთა ბრძოლას დამოუკიდებლობისათვის და შეინარჩუნოს ძალაუფლება ამიერკავკასიაში.

ახლახან ვიმყოფებოდი საქართველოში, სადაც 26 მაისს საპრეზიდენტო არჩევნებს დავესწარი. პირველად საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე მოსახლეობას მიეცა საშუალება არჩევანი გაეკეთებინა სხვადასხვა კანდიდატებს შორის. შემიძლია ვთქვა, რომ რესპუბლიკაში სიმშვიდე და სიწყნარე სუფევს. ერთადერთი საშიშროება, რაც მოგზაურებს ემუქრება ორ საათიანი ფრენაა „აეროფლოტით“ მოსკოვიდან თბილისში.

aqcia-2საქართველოს რესპუბლიკა მოიცვა პატრიოტულმა გზნებამ, რომლის აღწერაც შეუძლებელია. ეს მაგონებს ისრაელს თავისი ჩამოყალიბების ხანაში.

საქართველო  უძველესი ქვეყანაა. მისი ისტორია ქრისტეს დაბადებამდე იღებს სათავეს. ბოლო 2000 წლის განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ შედარებით ძლიერი მეზობლები იპყრობდნენ, საქართველო სუვერენული ქვეყანა გახლდათ. ის  1801 წელს შევიდა რუსეთის შემადგენლობაში, 1918 წელს გამოაცხადა დამოუკიდებლობა, მაგრამ სამი წლის შემდეგ დაკარგა იგი წითელი არმიის შემოჭრის შედეგად. ისევე როგორც ერთ დროს ძლიერ და მდიდარ ლიტვაში, საქართველოს უძველესი სახელმწიფოებრიობა და კულტურა წარმოადგენს ეროვნული გრძნობების მასაზრდოებელ ძალას.

მე  ვესწრებოდი არჩევნებს პროვინციულ ქალაქ თელავში, სადაც კენჭისყრა  თითქოს ისე მიმდინარეობდა, როგორც ჩემს ქვეყანაში. ამომრჩევლებს აძლევდნენ ბიულეტენებს კანდიდატთა სიით, იწვევდნენ ჯიხურებში, შემდეგ კი საარჩევნო ყუთებთან. არავის უჩივლია არჩევნების არაკეთილსინდისიერი ჩატარებისთვის. ის ფაქტი,  რომ ყველაზე წარმატებულმა კანდიდატმა ზვიად გამსახურდიამ ხმების 80 პროცენტზე მეტი დააგროვა, აიხსნება მისი  წარმოუდგენლად ძლიერი წინააღმდეგობით კომუნისტურ რეჟიმთან. აგრეთვე იმ ფაქტით, რომ საბჭოთა სამხედრო აგრესიის  საფრთხემ ქართველები ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ეროვნული ფიგურის გარშემო გააერთიანა.

შეუძლებელია ველოდოთ, რომ საზოგადოება, რომელიც თავისუფლდება სამოცდაათწლიანი ტოტალიტარიზმის უკანონობისგან, უმტკივნეულოდ გადავა დემოკრატიაზე. გამსახურდიამ მიმითითა მტრულად განწყობილ დემონსტრანტებზე, რომლებიც მთავრობის სახლის წინ იყვნენ დაბანაკებულები. „რა თქმა უნდა თეთრი სახლი არ იქნება შემწყნარებელი ამგვარი აქციების მიმართ,“ მითხრა მან. მე განვუმარტე, რომ  აქციები  დემოკრატიული ცხოვრებისათვის არის დამახასიათებელი. მეორე დღეს მოთმინება დაკარგა და ორი კორესპონდენტი დაითხოვა პრესკონფერენციიდან, რისთვისაც იგი სამართლიანად გააკრიტიკეს. ეს მცირე დარღვევები როდი ნიშნავს, რომ მთავრობა პატივს  არ სცემს ოპოზიციური პარტიების უფლებას მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში  და გამოაქვეყნონ მის მიმართ მტრულად განწყობილი პუბლიკაციები. არავითარი საფუძველი არ აქვს ბრალდებას, თითქოს გამსახურდიას პოლიტიკური ოპონენტების 70 პროცენტი დაპატიმრებულია. მაშინ ათასობით ადამიანი უნდა იჯდეს ციხეში. სინამდვილეში კი,  ოფიციალური მონაცემების მიხედვით, მხოლოდ 70 ადამიანია დაპატიმრებული სისხლის სამართლის დანაშაულის  ბრალდებით.

საქართველოს ყველზე სერიოზული პოლიტიკური პრობლემაა სამხრეთ ოსეთი. ოსები, რომელთა რაოდენობაც 280 000 შეადგენს გაყოფილნი არიან ორ ადმინისტრაციულ ერთეულად, ჩრდილოეთ ნაწილი ეკუთვნის რუსეთს, სამხრეთი კი საქართველოს შემადგენლობაშია. მოსკოვმა გამოიყენა ოსთა სურვილი გაერთიანებისა, რათა შეექმნა სამხედრო ბაზა საქართველოს ტერიტორიაზე. სწორედ ის უწევს კონტროლს სამხრეთ ოსეთის საზღვარს საქართველოსთან და აღვივებს ანტაგონიზმს ორ ხალხს შორის, ორივე მხარე ჩაითრიეს ტერორიზმში  და ვნებები უკიდურესად დაიძაბა. ეს საკითხი თავისი სიმძაფრით ჰგავს  პროტესტანტების და კათოლიკეების დავას ჩრდილოეთ ირლანდიაში, თუმცა  ძნელი გადასაწყვეტი ხდება, თუკი გავითვალისწინებთ, რომ მოსკოვი ხელოვნურად ართულებს ამ კონფლიქტს.” ( სტილი დაცულია)  1991წ. გაზეთი “დრონი”.