ტეგები

,


ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობა უმძიმეს რეალობაში უწევდა. ცხინვალის რეგიონში ღია ომი მიმდინარეობდა. იქ უმძიმესი მდგომარეობა იყო პირველი საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ დღეებშიც, რასაც 1991 წლის ივნისის დასაწყისში, შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს–სამსახურის  მიერ გავრცელებული ეს ცნობაც მოწმობს.

dis

ოკუპირებული სოფელი დისევი

“5 ივნისს, ღამის პირველი საათიდან დილის 5 საათამდე, სოფლების დმენისის და სათიხარის მხრიდან ოსი ბანდიტები უტევდნენ ქსუისისა და დისევის ქართულ მოსახლეობას. მიუხედავად იმისა, რომ ამ თავდასხმის შესახებ შეტყობინება მიიღეს სსრ კავშირის შინაგანი ჯარის წარმომადგენლებმა, მათ არაფერი იღონეს ბანდიტების ასალაგმად. ქსუისისა და დისევის ქართულ მოსახლეობას საკუთარი ძალებით მოუხდა ბანდიტების მოგერიება. საბედნიეროდ მსხვერპლი არ ყოფილა,

რესპუბლიკის შინაგან საქმეთა ორგანოებში აქვთ სარწმუნო ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ბოლო ხანებში ჩრდილოეთ ოსეთიდან სამაჩაბლოში გადმოისროლეს „ბოევიკების“ დიდი ჯგუფი, რომელიც აქამდე ინგუშებთან ბრძოლაში მონაწილეობდა.

სოფელ სათიხარის ტყეში დაბანაკებულია ასზე მეტი ოსი ბანდიტი. აქვე ჰყავთ მორეკილი ქართული მოსახლეობისთვის წართმეული დიდძალი პირუტყვი. შინაგანი ჯარის ნაწილის ხელმძღვანელობისთვის ეს ფაქტიც ცნობილია, მაგრამ არავითარ ზომებს არ იღებს ბანდიტების დასაკავებლად და პირუტყვის ქართული მოსახლეობისთვის დასაბრუნებლად.

ცენტრი აქტიურად უჭერს მხარს ეგრეთ წოდებული სამხრეთ –ოსეთის ავტონომიური ოლქის  მილიციას, რომელიც კონფლიქტის დაწყებისთანავე ჩადგა ოსი სეპარატისტებისა და ექსტრემისტების სამსახურში. სსრ კავშირის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ დღეებში მას გამოუყო ათი ავტომანქანა და 2 მილიონი მანეთი ფული ათასკაციანი პირადი შემადგენლობის დასაკომპლექტებლად.

5 ივნისს, დღის 1 საათზე, ცხინვალში სამხედრო ქალაქის მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღით ფეხში დაჭრეს ადგილობრივი მკვიდრი  გოგიძე, რომელიც ძროხებს აძოვებდა.

6 ივნისს ოსი ბანდიტები მთელი ღამის განმავლობაში უშენდნენ ცეცხლს გორის რაიონის სოფელ ნიქოზს. თავდასხმაში მათთან ერთად მონაწილეობდნენ სამხედროებიც, რომლებიც ჯავშანტრანსპორტიორებიდან ისროდნენ. ადგილობრივმა მოსახლეობამ თავი შეაფარა სამალავებს, რისი წყალობითაც მსხვერპლი თავიდან იქნა აცილებული.” ( შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს –სამსახური. 1991წ. ივნისი).