ტეგები


1991 წელს საქართველოში გამომავალ ერთ–ერთ ჟურნალში მივაგენი  საქართველოს ეროვნული გმირის – მერაბ კოსტავას 1976 წლის 2 აგვისტოთი დათარიღებულ ძალიან საინტერესო წერილს, რომელშიც ადამიანის უფლებებზე,  საბჭოთა უფლებებისდამცველებზე და ტირანიაზე არის ლაპარაკი. ამ წერილზე ახლო მომავალში, ამჯერად კი მისი ფინალური ნაწილი..

“ჰერაკლე დემოკრატიული მოძრაობის ახალი ტიპია..”

“1937 წლის 5 მარტის ცკ–ის პლენუმზე სტალინმა  პარტია მითოლოგიურ გმირს, დედამიწის პირმშო ანთეოსს შეადარა, რომელიც  ძალას მიწასთან შეხებით იძენდა. „ანთეოსის“ მსგავსად ბოლშევიკები ძლიერები არიან იმით,  სთქვა მან, რომ კავშირი აქვთ თავიანთ დედასთან, მასებთან, რომელთაც შვეს, გამოკვებეს და აღზარდეს იგი. სტალინი ერთ რამეში არ სტყუის: მასსები მართლაც ჰკვებავენ პარტიასა და ნომენკლატურას, მაგრამ არა როგორც შვილს, არამედ როგორც  სისხლისმწოველ პარაზიტს, რომელმაც  პროლეტარიატის დიქტატურის ნაცვლად პოლიტბიუროს დიქტატურა დაამყარა.

ამ უპიროვნებო ჯგუფის ყოველი შეხება მასებთან იწვევდა და კვლავაც იწვევს მათ ზნეობრივ, აზრობრივ, სასიცოცხლო ეკონომიურ გამოფიტვას, მაგრამ მარქსისტული იდეის მღეჭველ სტალინს უვიცობით თუ გულმავიწყობით აღარ გახსენებია  პრივილეგირებული კასტის ნამდვილი მესაფლავის „ჰერაკლეს“ არსებობა, რომელმაც მიწას მოსწყვიტა ანთეოსი და ზევით, ჰაერში დაახრჩო,  ცასთან ახლოს, ანთეოსისთვის შემზარავ ადგილას.

ჰერაკლე დემოკრატიული მოძრაობის ახალი ტიპია, კომპლექსურ ბოროტებასთან მებრძოლი, ჭეშმარიტებისა და  სიმართლის უძლეველი მსახური, რომელიც მატერიალიზმის წყვდიადს, თანამედროვე მაგიური იდეალიზმის ჩირაღდნით გაანათებს, ხოლო შოვინიზმ– ტოტალიტარიზმის ურჩხულს შეჰკრავს და გაძაგრავს მოყვასისთვის თავდადების წმინდა სამსხვერპლოზე თავის გაწირვით.” მერაბ კოსატავა. 1976 წელი. 2 აგვისტო