ტეგები

, , ,


“ბატონი მინისტრი ამ რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა ამერიკის შეერთებული შტატებიდან, სადაც იგი იმყოფებოდა საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ბატონ ზვიად გამსახურდიას ამერიკაში ვიზიტის მოსამზადებლად,” – ასე იწყება 1991 წლის ზაფხულის ერთ–ერთი საგაზეთო რეპორტაჟი, რომელიც  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გიორგი ხოშტარიას აშშ–ში ვიზიტს აჯამებდა, მის მიერ გამართული პრესკონფერენციის საფუძველზე.  წინასწარი მონაცემებით საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი შეერთებულ შტატებში სექტემბერ –ოქტომბერში შედგებაო, აცხადებდა საგარეო საქმეთა მინისტრი.

“დამოუკიდებლობის გაკვეთილებში” 1991 წელს ვიხსენებთ, უცვლელად გთავაზობთ  საგაზეთი რეპორტაჟს გიორგი ხოშტარიას პრესკონფერენციის  შესახებ. 

xoshtaria“როგორც გიორგი ხოშტარიამ აღნიშნა, დიპლომატიური კონტაქტების თვალსაზრისით იგი აშშ–ს პრიორიტეტულ ქვეყნად თვლის. ამის გამო, ბოლო პერიოდში, საქართველოდან უკვე რამდენიმე დელეგაცია იმყოფებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. თუ წინა ვიზიტებისას ურთიერთობა გაიბა მეტწილად სენატორებთან და კონგრესის წევრებთან, ახლანდელი სტუმრობის მიზანი იყო კონტაქტების დამყარება აშშ –ს ადმინისტრაციასთან. ქართული დელეგაციის ვიზიტი დაემთხვა ამერიკული პრესის გორბაჩოვით გატაცების ტალღას. საქართველოში მიმდინარე პროცესებისადმი კი, მინისტრის თქმით, ამერიკული პრესა კვლავ ტენდენციურია. მაგალითად „ნიუ იორკ ტაიმსსა“ და „ვაშინგტონ პოსტში“ გამოქვეყნებული სტატიები ცალსახად ასახავს ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრობლემებსა და საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებს. როგორც გიორგი ხოშტარიამ ბრძანა, მან ამ გაზეთების რედაქციებში გააგზავნა საპასუხო წერილები.

ამერიკული პრესის არაკეთილგანწყობა ერთგვარად განმუხტა ცნობილი ამერიკელი პოლიტოლოგის რიჩარდ პაიპსის ორმა სტატიამ, სადაც იგი  ანალიზს უკეთებს საქართველოში მიმდინარე პროცესებს და  დაასკვნის, რომ საქართველოში დემოკრატიის უმთავრესი პარამეტრები უკვე არსებობს.

გიორგი ხოშტარიამ განსაკუთრებით გამოჰყო შეხვედრა ეროვნული უსაფრთხოების წარმომადგენლებთან, საბჭოთა კავშირთან ურთიერთობაში პრეზიდენტ ბუშის მრჩეველთან ბატონ ჰუიტთან.

სახელმწიფო დეპარტამენტში შედგა შეხვედრა ბეიკერის სამ მრჩეველთან, რომლებიც ასევე დაინტერესებულნი არიან საქართველოში მიმდინარე ცვლილებებით.

საინტერესო აღმოჩდა საუბარი ცნობილ სოვეტოლოგთან ზბიგნევ ბზეჟინსკისთან, რომელიც შემოდგომის ბოლოს საბჭოთა კავშირში აპირებს ჩამოსვლას, ბატონმა გიორგიმ იგი თბილისში დაპატიჟა.

კვლავ შედგა შეხვედრა კონგრესმენთა იმ ჯგუფთან, რომლებიც საბჭოთა კავშირთან ურთიერთობაში პრიორიტეტს ანიჭებენ პირდაპირ ურთიერთობას რესპუბლიკებთან.

ამ ვიზიტის პერიოდში კიდევ ერთ მნიშვნელოვან ინიციატივას ჩაეყარა საფუძველი – ნიუ იორკის ერთ –ერთმა ყველაზე შეძლებულმა ბიზნესმენმა არნოლდ ზალცმანმა გამოთქვა სურვილი ამერიკაში უმასპინძლოს საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს თენგიზ სიგუას და იგი შეახვედროს ჩრდილო–აღმოსავლეთის ჯგუფის ბანკირებს.

როგორც ბატონმა გიორგი ხოშტარიამ აღნიშნა, დაისახა მუდმივი კონტაქტების პერსპექტივა და ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს.”

51