ტეგები

,


1991 წლის ზაფხულის დასაწყისში  ცხინვალის რეგიონიდან დევნილი პედაგოგები მაშინდელი ხელისუფლების სხვადასხვა სტრუქტურების თანამშრომლებს  და მათთან ერთად საქართველოს სხვადასხვა კუთხის წარმომადგენლებს: პედაგოგებს, სტუდენტებს, საზოგადოების ფართო წარმომადგენლობას შეხვდნენ.  იყო მსჯელობა სამხრეთ ოსეთის ყოფილ ავტონომიურ ოლქში  შექმნილ უმძიმეს მდგომარეობაზე.  ბოლოს  მიიღეს მიმართვა გაერთიანებული ერების ორგანიზაციისადმი და მსოფლიოს ხალხებისადმი. საკუთარ სამშობლოში დევნილები მსოფლიოს  შველას სთხოვდნენ, ოსი ბანდიტებისგან და საბჭოთა სამხედროებისგან შველას. მიმართვა უსასტიკესი დანაშაულების შესახებ ცნობებს შეიცა. ის ოფიციალურ პრესაში გამოქვეყნდა.

sama

“უკვე მეოთხე თვეა ქალაქ ცხინვალის, ცხინვალისა და ყორნისის რაიონების ქართული მოსახლეობა იძულებულია დატოვოს მშობლიური ადგილები, კბილებამდე შეიარაღებული, გამხეცებული ოსი ტერორისტების თავდასხმებისგან თავდაცვისა და სიცოცხლის შენარჩუნების  მიზნით.

ოსმა ბანდიტებმა გადაწვეს ცხინვალის ორივე ქართული სკოლა და ქართველთა 80 საცხოვრებელი სახლი. მოკლულია 32 ქართველი, უმრავლესობა ულმობელი წამებით. მაგალითად, ცხინვალის, სუვოროვის ქუჩაზე,  N 4 ში მცხოვრები ა. ჭაია შეკრეს და საკუთარ სახლში დაწვეს. სოფელ საცხენეთში მცხოვრები ე. ხადური ცეცხლსასროლი იარაღით ორივე ფეხში დაჭრეს, გამოაბეს გაჭენებულ ცხენს და ასე მოკლეს.ოთხი ქართველი ახალგაზრდა ცეცხლსასროლი  იარაღით დაჭრეს, მიაბეს ხეზე და ცოცხლად დაწვეს.  მამის თვალწინ გააუპატიურეს მცირეწლოვანი გოგონა.

მეოთხე თვეა სოფლები:  თამარაშენი, აჩაბეთი, კეხვი, ხეითი, ძარწემი, ქემერტი და სვერი ოსების მიერ მოწყობილ მკაცრ ბლოკადაში იმყოფებიან და მთლიანად მოწყვეტილნი არიან გარე სამყაროს. ქართველების მიერ ბლოკადის გარღვევის ყოველგვარი მცდელობა აღიკვეთა ოსი „ბოევიკების” ან მათი ხელშემწყობი სსრკ შინაგანი ჯარების და საბჭოთა არმიის ნაწილების მიერ. ანალოგიურ მდგომარეობაში არიან ყორნისის (ყოფილი ზნაურის) რაიონის ქართული სოფლები.

ოსი ექსტრემისტები აქტიურად იარაღდებიან როგორც კერძო საშუალებებით, ასევე სამხედროების უშუალო ხელშეწყობით. სამხედროები მათ ამარაგებენ არა მარტო თანამედროვე ცეცხლსასროლი იარაღითა და ტყვია წამლით, არამედ  ტანკსაწინააღმდეგო  რაკეტებით, რომლებითაც ისინი თავს ესხმიან ქართულ სოფლებს. ბანდიტები დაუფარავად იყენებენ საბჭოთა არმიიის ჯავშანტრანსპორტიორებს, როგორც სამგზავრო საშუალებებად, ისე ყაჩაღური რეიდების მოსაწყობად. ამავე დროს, ვერტმფრენთა ის პოლკი, რომელიც დისლოცირებულია ცხინვალში, წინააღმდეგობას უწევს საქართველოს ავტოინსპექციის ვერტმფრენებს ალყაშემორტყმული სოფლებისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევაში.

ყოველივე ეს სრულ მორალურ  უფლებას გვაძლევს, განვაცხადოთ:

ღნიშნული სისხლიანი დანაშაულისათვის სრული პასუხისმგებლობა თანაბრად ეკისრებათ როგორც სსრკ–ს პრეზიდენტს, ისე მისი ნების მორჩილ სსრკ–ს უზენაეს საბჭოსა და რსფსრ–ს სახალხო დეპუტატთა ყრილობას;

ცენტრალურ პრესასა და ტელევიზიაში გაჩაღებული გაშიშვლებული ანტიქართული კამპანია წარმოადგენს პროლოგს კიდევ უფრი მეტად სისხლისმღვრელი აქციისას ქართველი ხალხის წინააღმდეგ.

ჩვენ, სამაჩაბლოდან ლტოლვილ პედაგოგთა შეკრების მონაწილენი, კეტეგორიულ პროტესტს ვუცხადებთ კრემლის შეგნებულ, პროვოკაციულ, ანტიქართულ პოლიტიკას, რომელსაც წარმართავს პირადად პრეზიდენტი გორბაჩოვი.

მოვუწოდებთ გაერთიანებული ერების ორგანიზაციას, მსოფლიოს ხალხებსა და პარლამენტებს დაიცვან ჩვენი ოჯახები და დაგვეხმარონ მშობლიურ  მიწაზე მშვიდობის აღდგენაში.

მოვუწოდებთ გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და მსოფლიო საინფორმაციო სააგენტოებს ობიექტური ინფორმაცია მიაწოდონ მსოფლიოს სამაჩაბლოში შექმნილი მდგომარეობის შესახებ.”