ტეგები

, ,


სახლგანთქმულ რუს ფიზიკოსს და ადამიანის უფლებების დამცველს, წყალბადის ბომბის ერთ–ერთ  შემქმნელს, აკადემიკოს ანდრეი სახაროვს მშვიდობის დარგში ნობელის პრემია  1975 წელს მიანიჭეს – ადამიანებს შორის მშვიდობის დაცვისთვის და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებით ადამიანების დევნის წინააღმდეგ მამაცური ბრძოლისთვის. “ნობელის კომიტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს იმის გამო, რომ ანდრეი სახაროვს არ მიეცა საშუალება პირადად მიეღო მონაწილეობა დაჯილდოების ცერემონიაში”, აღნიშნა მაშინ ნობელის კომიტეტის ერთ–ერთმა წარმომადგენელმა ისე ლიონესმა. ნობელის კომიტეტის წინაშე იმ დღეს ელენა ბონერი წარსდგა და წაიკითხა ქმრის მიმართვა ნობელის კომეტეტისადმი, ლექცია – ” მსოფლიო, პროგრესი და ადამიანის უფლებები”. ამ ცნობილი და ძალიან საინტერესო მიმართვის  ნაწილი 1991 წლის ზაფხულის პირას ქართულ პრესაში, სწორედ იმ დღეებში გამოქვეყნდა, როცა ანდრეი სახაროვს 70 წელი უნდა შესრულებოდა. გთავაზობთ ლექციის იმ ნაწილს, რომელიც საბჭოთა კავშირში პოლიტპატიმრების უმძიმეს პრობლემას ეხებოდა.

„აუტანელია აზრი, რომ დღეს, როდესაც ჩვენ აქ, ამ დარბაზში შევიკრიბეთ სადღესასწაულო ცერემონიაზე, ასობით და ათასობით ტუსაღი იტანჯება მეტად მძიმე შრომისგან ქანცგაწყვეტილი, მრავალი ადამიანი შიმშილობს. ისინი იღებენ საკვებს, რომელიც არ შეიცავს ცილებსა და ვიტამინებს. არ აქვთ მედიკამენტები ( საპატიმრო ადგილებში აკრძალულია  წამლებისა და მედიკამენტების გადაგზავნა).. საპატიმროების სისტემა საგანგებოდ გასაიდუმლოებულია. ათობით ადამიანი იტანჯება ამ სისტემის მხილების მცდელობისთვის.

saxaჩვენი ადამიანური ღირსება გვკარნახობს მოვითხოვოთ ზემოხსენებული სისტემის შეცვლა ნებისმიერი პატიმრისათვის, რაშიც არ უნდა ედებოდეს მას ბრალი. რაღა უნდა ვთქვათ უდანაშაულოებზე? ყველაზე დიდი საშინელებაა დნეპროპეტროვსკის, სიჩოვკის, ბლაგოვეშჩენსკის, ყაზანის, ჩერნიახოვსკის, ორიოლის, ლეინინგრადის, ტაშკენტის სპეციალური ფსიქოლოგიური საავადმყოფოების ჯოჯოხეთი..

მე არ შემიძლია დღეს მოგითხროთ კონკრეტულ სააქმეებსა და კონკრეტული ადამიანების ბედზე.. აქ, ამ დარბაზში უბრალოდ დაგისახელებთ ზოგიერთს, ჩემთვის ცნობილი პატიმრის სახელს…  როგორც უკვე მოგახსენეთ, სინდისის ყველა ტუსაღი, ჩემი ქვეყნის ყველა პოლიტპატიმარი ჩემთან ერთად ინაწილებს ნობელის პრემიით მონიჭებულ პატივს.

მრწამსისთვის დევნილთა პრობლემის გადაწყვეტის კარდინალური გზაა საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზე, შესაძლებელია გაეროს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით, ყველა პოლიტპატიმრის, ყველა სინდისის პატიმრის გათავისუფლება ციხეებიდან, ბანაკებიდან, ფსიქიატრიული საავადმყოფოებიდან. ეს არ არის რომელიმე ქვეყნის შინაგან საქმეებში ჩარევა, რადგანაც ეს გადაწყვეტილება თანაბრად გავრცელდება ყველა ქვეყანაზე: საბჭოთა კავშირზე, ინდონეზიაზე, ჩილეზე, ესპანეთზე, ბრაზილიაზე, ყველა სხვა ქვეყანაზე, რადგანაც ადამიანის უფლებების დაცვა გაერომ საყოველთაო დეკლარაციით საერთაშორისო და არა საშინაო საქმედ გამოაცხადა.

არ შეიძლება ძალ–ღონის დაზოგვა ამ დიადი მიზნისთვის, რაც არ უნდა გრძელი იყოს მისკენ მიმავალი გზა. ეს გზა რომ გრძელია, ამაში გაეროს უკანასკნელ სესიაზე დავრწმუნდით, ამ სესიაზე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შემოიტანა წინადადება პოლიტიკური ამნისტიის შესახებ, მაგრამ შემდეგ ისევ პოლიტიკური ამნისტიის შესახებ წინადადების მოხსნის მიზეზი გახდა რიგი ქვეყნების მიერ ამნისტიის ჩარჩოების ზედმეტად ( ამერიკის დელეგაციის აზრით) გაფართოების მცდელობა. ასე შეუძლებელია პრობლემის მოხსნა. დარწმუნებული ვარ, უმჯობესია გავანთავისუფლოთ დამნაშავეთა გარკვეული რაოდენობა, ვიდრე საპყრობილეებში ვტანჯოთ ათასობით უდანაშაულო. კარდინალური გადაწყვეტილებების პარალელურად დღეს ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ყოველი ადამიანისათვის, ადამიანის უფლებების დარღვევის, უსამართლობის ყოველი შემთხვევის წინააღმდეგ. ამაზე ბევრად არის დამოკიდებული ჩვენი მომავალი.

ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლისას, ჩემი რწმენით, პირველ რიგში  უნდა დავიცვათ სხვადასხვა ქვეყნებში არსებული რეჟიმების უდანაშაულო მსხვერპლნი, ამ რეჟიმის მოსპობის და ტოტალური დაგმობის მცდელობის გარეშე. საჭიროა რეფორმები და არა რევოლუციები. საჭიროა პლურალისტური და შემწყნარებელი, ძიების, განსჯის სულისკვეთების საზოგადოება. მთავარია მზადყოფნა შევქმნათ უკეთესი, უფრო კეთილი საზოგადოება, უკეთესი მსოფლიო წესრიგი.

ათასწლეულების მანძილზე ადამიანთა ტომები ომობდნენ საკუთარი არსებობის დასამკვიდრებლად, ამ ბრძოლაში კეტის კარგი ხმარების გარდა მნიშვნელოვანი იყო აზროვნების უნარი,გონიერება. ტრადიციების შენარჩუნება, ალტრუისტული ურთიერთდახმარება. დღესაც კაცობრიობა მსგავსი გამოცდის წინაშე დგას.  უკიდეგანო სამყაროში  უნდა არსებობდეს  ბევრი ცივილიზაცია, მათ შორის უფრო „გონიერი“, უფრო „იღბლიანი“, ვიდრე ჩვენია. მე ვიცავ კოსმოლოგიურ ჰიპოტეზას, რომლის თანახად სამყაროს კოსმიური განვითარება უსასრულოდ მეორდება. სხვა ცივილიზაციები, მათ შორის უფრო „იღბლიანები“ არსებობდნენ ჩვენამდე და იარსებენენ ჩვენს შემდეგაც. ამან არ უნდა შეასუსტოს ჩვენი მისწრაფება სწორედ ამ სამყაროში, სადაც უკუნეთში ნაპერწკალივით გავიელვეთ, სადაც მოვედით წამიერად  შავი სიცარიელიდან, გონიერების კარნახით შევქმნათ ჩვენი ყველაზე მკრთალი მიზნების საკადრისი სამყარო.“ ანდრეი სახაროვი. 1975წ. 1 დეკემბერი.

ანდრეი სახაროვი ნობელის პრემიის მიღებისთვის სსრკ–ში “მოღალატედ” შერაცხეს.