ტეგები

, ,


1991 წლის ივნისის ბოლოს პრეზიდენტმა გამსახურდიამ სსრკ პრეზიდენტს მიხეილ გორბაჩოვს მიმართა თხოვნით, დაუყოვნებლივ მიეღო ზომები სსრ კავშირის რეგიონებში, საქართველოს რესპუბლიკისთვის განკუთვნილი ტვირთების დაკავება – დატაცების აღსაკვეთად. ამით საქართველოს იმდენად სერიოზული და მწვავე პრობლემა ექმნებოდა, მისი პრეზიდენტი გორბაჩოვისადმი მიმართვაში “ეკონომიკურ ბლოკადას” ახსენებდა. 

ვნახოთ რას წერდა ზვიად გამსახურდია 1991 წლის 24 ივნისით დათარიღებულ მიმართვაში გორბაჩოვს:

„იძულებული ვარ მოგმართოთ იმის გამო, რომ საქართველოს რესპუბლიკას უაღრესად zvi-5არანორმალური ვითარება შეუქმნეს მეზობელ სსრ კავშირის რეგიონებმა. რესპუბლიკისთვის გათვალისწინებული სახალხო სამეურნეო ტვირთით, სოფლის მეურნეობის პროდუქციით, კვების პროდუქტებით დატვირთულ ყველა სატრანსპორტო საშუალებას უკანონოდ აკავებენ კრასნოდარისა და სტავროპოლის მხარეთა ტერიტორიაზე. ხდება შემოწმება, რის შემდეგაც ტვირთს როგორც წესი, ან სხვაგან აგზავნიან, ან ასაღებენ მოსახლეობაში. ადგილობრივი ხელისუფლებათა ასეთ მოქმედებას ვერ მივიჩნევთ მხოლოდ თავნებობად და კანონიერების უხეშ დარღვევად. ეს საქართველოს რესპუბლიკის სუვერენიტეტის, მისი კონსტიტუციური უფლებების ხელყოფაა, რაც ალბათ ცენტრის სანქციით ხდება.

უფრო მეტიც, საკავშირო უწყებები და სამსახურები უარს ამბობენ  გამოუყონ რესპუბლიკას სატრანსპორტო საშუალებანი გერმანიაში, იტალიაში, ესპანეთსა და  დასავლეთ ევროპის სხვა სახელმწიფოებში ამჟამად დაგროვილი სამედიცინო მოწყობილობებისა და მედიკამენტების გადმოსაზიდად, ესოდენ რომ სჭირდება მიწისძვრისგან  დაზარალებულ საქართველოს მოსახლეობას, რაც არაადამიანური და ანტიჰუმანური ქმედება და არსებითად ქართველი ხალხის გენოციდის გამოვლინებაა.

ბატონო პრეზიდენტო!

თქვენს ოფიციალურ გამოსვლებსა და წერილებში, ჩემთან საუბრებში ქადაგებდით ეროვნული რესპუბლიკებისადმი ცივილიზებულ დამოკიდებულებას, ხაზგასმით აღნიშნავდით, რომ უაღრესად დიდ პატივს სცემთ ქართველ ხალხს, შეშფოთებას გამოთქვამდით მიწისძვრისა და სხვა სტიქიური უბედურებებისგან დაზარალებული ჩვენი რეგიონების მოსახლეობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. ეს უფლებას მაძლევს მოგმართოთ დაჟინებული თხოვნით: დაუყოვნებლივ განმუხტოთ მომწიფებული კონფლიქტური სიტუაცია, რასაც გაუთვალისწინებელი შედეგები შეიძლება მოჰყვეს. თუ არადა, ყველა საფუძველი გვექნება ვიფიქროთ, რომ საქართველოს წინააღმდეგ, მის თავსდატეხილი უბედურების მიუხედავად, ხორციელდება უმკაცრესი ეკონომიკური ბლოკადა. “