ტეგები

,


“ითვალისწინებს რა რეაქციულ საშიშროებას, რომელიც შეიძლება მოჰყვეს სსრკ–ის დაშლას, დასავლეთი ორიენტირს სტაბილურ ხელისუფლებაზე აკეთებს. ასეთ ძალად კი მათ, ჯერჯერობით, ცენტრალური საკავშირო ხელისუფლება მიაჩნიათ. ამ ფაქტორით არის განპირობებული, რომ დასავლეთის პოლიტიკური წრეები სათანადო დახმარებას არ უწევენ იმ რესპუბლიკებს, რომლებიც საერთაშორისო სამართლის ყველანაირი დაცვით, კანონიერად ითხოვენ დახმარებას სსრკ–დან გასვლის თაობაზე.” –  ნათქვამი იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს  პრეს –ცენტრის განცხადებაში, რომელიც 1991 წლის 7 ივნისის პრესაში გამოქვეყნდა.  განცხადების ავტორები წუხილს გამოთქვამდნენ, რომ დასავლელი ჟურნალისტების უმრავლესობა, რომლებიც ინტერესდებოდნენ საქართველოს საკითხით, უმეტესწილად საკავშირო სააინფორაციო საშუალებებიდან იღებდნენ ინფორმაციას და ზემოაღნიშნული პოლიტიკური კურსის გამტარებლები იყვნენ, რომ  მხოლოდ ზოგიერთ მათგანს ჰქონდა ” პირადი და არაორდინალური დამოკიდებულება ჩვენი რესპუბლიკის პრობლემების ირგვლივ.” ერთი სიტყვით, განცხადება ეხებოდა  კრემელის დეზინფორმაციის მანქანასთან  რამენაირად დასაპირისპირებლად გასატარებელ  ღონისძიებებს. ამ მიზნით უზენაესი საბჭო  სპეციალური სახელმწიფო პროგრამის განხორციელების ინიციატივით გამოდიოდა. მივყვეთ განცხადებას:

uz-2“საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის პირველი ბრძანებულების თანახმად, შეიქმნა საინფორმაციო სამსახურების გაერთიანებული საბჭო, მაგრამ შემდგომ განვითარებულმა, უფრო ზუსტად, განუვითარებელმა მოვლენებმა ცხადყო, რომ საქართველოში ბევრს არ ესმის კრემლის მიერ შექმნილი დეზინფორმაციული მანქანის ძალა და შესაძლებლობანი. პრესაში და ტელევიზიით გამოთქმული პრეტენზიები ცალკეული ორგანიზაციებისა თუ სამსახურების მიმართ, კიდევ უფრო აძლიერებს ამ ეჭვს. რადგან 70 წლის მანძილზე ჩამოყალიბებული აზროვნების ინერციის გამო, მავანნი და მავანნი დარწმუნებულნი არიან, რომ ტელევიზიის, გაზეთის თუ უზენაესი საბჭოს პრეს – ცენტრის „სუსტი“ მუშაობის გამო  ვერ აღწევს საქართველოს თავს ინფორმაციულ ბლოკადას.

სრულიად კატეგორიულად ვაცხადებთ, ერთჯერადი აქციებით, თუ ნიჭიერი მთავარი რედაქტორების დახმარებით ბლოკადა ვერ გაირღვევა, ამასვე მიგვითითებს მესამე სამყაროს გამოცდილებაც: ოთხი ათეული წლის დამოუკიდებლობაც კი არ აღმოჩნდა საკმარისი იმისთვის, რომ აზიის, აფრიკის , ლათინიური ამერიკის ახალგაზრდა სახელმწიფოებს თავი დაეღწიათ „ინფორმაციული იმპერიალიზმისგან“ ( ტერმინი, რომელზეც დღეს ასე ბევრი იწერება დღევანდელ მსოფლიოში). ათეული წლებია, რაც ყოფილი კოლონიები კატეგორიულად მოითხოვენ „ახალი ინფორმაციული პოლიტიკის“ დამკვიდრებას, მაგრამ პრობლემა  დღესაც გადაუჭრელია. როგორც ჩანს, არც ახლო მომავალში გადაწყდება იგი. ახალ საერთაშორისო წესრიგს ადრე თუ გვიან ახალი ინფორმაციული პოლიტიკა უნდა მოჰყვეს, მაგრამ ამას დრო და დაძაბული მუშაობა სჭირდება.

საჭიროა სერიოზული სახელმწიფო გრძელვადიანი პროგრამის შემუშავება, რომელშიც გათვალისწინებული იქნება პროფესიული, ფინანსური, ტექნიკური, საერთაშორისო და სხვა ასპექტები, რომელშიც კონცენტრირებული იქნება ყველა საინფორმაციო სამსახურის შესაძლებლობები, მოხაზული იქნება ძირითადი სტრატეგიული მიმართულებების კონტურები.

ნებისმიერი სახელმწიფო თავისი განვითარების რევოლუციური ფაზებში უამრავი გადასაწყვეტი პრობლემიდან ყოველთვის  გამოყოფს ძირთადს და მეორეხარისხოვანს. ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ ეკონომიკის  პრიორიტეტული დარგების განვითარების და სამართლებრივი სახელმწიფოს შექმნის პროგრამების გვერდით, აუცილებლად უნდა დადგეს ინფორმაციის მოპოვება–გავრცელების სახელმწიფო პროგრამაც, რომელიც დაფუძნებული იქნება სოციოლოგიის, პრაქტიკული ჟურნალისტიკის, ინფორმატიკის პროგრესული მიმდინარეობების ბაზაზე, აღჭურვილი იქნება თანამედროვე კომუნიკაციური საშუალებებით და დაფინანსდება, როგორც  ბიუჯეტის გასავლის პრიორიტეტული ნაწილი, თორემ გარდაუვალი გახდება მოვლენების სპონტანური, გაუთვალისწინებელი განვითარება, რაც შეიძლება საქართველოსთვის არასასურველი შედეგებით დასრულდეს.

უზენაესი საბჭოს  პრეს ცენტრი თავს მოვალედ თვლის იყოს აღნიშნული სახელმწიფო პროგრამის ინიციატორი. მოხარული ვიქნებით თუ უზენაესი საბჭოს მეცნიერების, კულტურის და განათლების კომისიის ინფორმაციის ქვეკომისია შეიმუშავებს ალტერანტიულ სახელმწიფო პროგრამას. ასეთი პროგრამა შეიძლება შეიქმნას აგრეთვე ჟურნალისტთა კავშირის  ძალებით.

სერიოზული პროგრამის შემუშავებას გარკვეული დრო სჭირდება. საქართველო დღეს სერიოზულ ეკონომიკურ სიძნელეებს განცდის, ამიტომ შეუძლებელი იქნება მყისიერი მძლავრი ფინანსური მხარდაჭერა. ამიტომ, პროგრამა წარმოდგენილი უნდა იყოს ორ ნაწილად, რომელთაგან პირველი იქნება დღეს, ჩვენს ხელთ არსებული საშუალებების და ძალების გათვალისწინებით.”

ეს მოკლევადიანი პროგრამა გულისხმობდა: 

“მსოფლიოს ყველა განვითარებულ ქვეყანაში პრეს – წარმომადგენლის მოძებნით ან გაგზავნით ინფორმაციის გადაცემის საშუალედო სისტემის შექმნას.

uz-3

მოლაპარაკებების დაწყებას რამდენიმე მძლავრ საინფორმაციო სააგენტოსთან ურთიერთხელსაყრელი თანამშრომლობის ფორმების მოძებნის თაობაზე.

საქართველო უფრო და უფრო ხშირად ექცევა მსოფლიო პრესის ყურადღების არეში, მაგრამ იმის გამო, რომ ძალიან მწირია ენციკლოპედიური ხასიათის ინფორაცია ჩვენს ქვეყანაზე, ოპერატიული ინფორმაცია ხშირად ისტორიული და გეოგრაფიული ხასიათის შეცდომებითაა სავსემ რაც მიმდინარე მოვლენების მცდარი ინტერპრეტაციის წყარო ხდება. ამიტომ აუცილებელია მსოფლიოს ყველა ქვეყნის ძირითად ბიბლიოთეკებში გაიგზავნოს საქართველოში გამოცემული წიგნები შესაბამის ენაზე. გასაგზავნ წიგნთა ხასიათი უნდა განსაზღვროს შესაბამისმა კომისიამ ან უკვე არსებულმა ქართული ენციკოლპედიის ინსტიტუტმა.

სასწრაფოდ უნდა გადაწყდეს ცენტრალური გაზეთების საკუთარი კორესპონდენტების გაგზავნა ევროპის რამდენიმე ქვეყანაში. მათ შორის აშშ – სა და იაპონიაში. სასურველია კორესპონდენტების  გაცვლა ან სხვა ურთიერთმისაღები ფორმების გამოძებნა.

მასობრივი ხასიათი უნდა მიეცეს საინფორმაციო ბიულეტენების, პრეს –რელიზების გამოცემა გავრცელებას.

უნდა დაჩქარდეს პარლამენტის ბიბლიოთეკის შექმნის უკვე დაწყებული პროცესი.

მიუხედავად რუსეთის დემოკრატიული მოძრაობის იმპერიალისტური ხასიათისა, აუცილებელია ჩვენდამი კეთილგანწყობილ გაზეთებთან თუ ორგანიზაციებთან  ჟურნალისტური საერთაშორისო ცენტრის აქტიური თანამშრომლობა.

ინფორმაციის მიღება – გაცემის პრიორიტეტული წყარო შეიძლება გახდეს საინფორმაციო კომპიუტერული ბანკები, აუცილებელია რომელიმე, ან რამდენიმე მძლავრი ბანკის ქსელში ჩართვა, რაც მართალია გარკვეულ სავალუტო დანახარჯთან არის დაკავშირებლი, მაგრამ ეფექტი განუზომლად დასაფასებელი იქნება.

უნდა შეიქმნას საქართველოს ერთიანი  კომპიუტერული საინფორმაციო ქსელი. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პუნქტი უნდა განხორციელდეს მიმდინარე წლის ბოლომდე, პარალელურად უნდა შემუშავდეს  ინფორმაციის მოგროვება – გავრცელების პერსპექტიული სახელმწიფო პროგრამა.”  საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო პრეს –ცენტრი. 1991 წ. ივნისი.