ტეგები

, , ,


“ეროვნულ კონგრესში” წარმოდგენილ ძალებს არ მიუღიათ მონაწილეობა უზენაესი საბჭოს არჩევნებში.  აქ მიაჩნდათ, რომ საბჭოთა ოკუპაციის პირობებში ეროვნულ–გამათავისუფლებელი მოძრაობის წარმომადგენლები არ უნდა შესულიყვნენ ოფიციალურ სტრუქტურებში. “კონგერსი”  უზენაესი საბჭოს არჩევნებისგან განდგომილმა ძალებმა აირჩიეს. მისი წარმოდგენლების  ნაწილი  გაერთიანდა ანტისაოკუპაციო საინიციატივო ცენტრშიც, რომლის  ორგანიზებითაც 1991 წლის ივნისის ბოლოს  დაიგეგმა საპროტესტო აქცია  საქართველოდან საბჭოთა საოკუპაციო ჯარების გაყვანის მოთხოვნით. აქციის  წინა დღეებში, ორგანიზატორებმა  საქართველოს მოსახლეობას მიმართეს და თან  გაავრცელეს  მიმართვა  გაეროს გენერალური მდივნისა და ჩრდილოატლანტიკური გაერთიანების ( ნატო) ხელმძღვანელობის სახელზეც. დავიწყოთ საქართველოს მოსახლეობისადმი მიმართვით:  

„1991 წლის  28 ივნისს პარასკევს, ანტისაოკუპაციო მოძრაობის საინიციატივო ცენტრისა და საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიის ხელმძღვანელობით, საქართველოს დედაქალაქში გაიმართება საპროტესტო ხასიათის პოლიტიკური დემონსტრაცია ამიერკავკასიის სამხედრო შტაბის წინ, საქართველოდან საოკუპაციო ჯარების გაყვანის მოთხოვნით. მანიფესტაცია დაიწყება კინოს სახლის წინ, შოთა რუსთაველის მოედანზე, 17 საათზე.

ikakoსაქართველოს ანტისაოკუპაციო მოძრაობის საინიციატივო ცენტრი მოუწოდებს ყველა ქართველს, ყველა პატრიოტს და მამულიშვილს, მიიღოს მონაწილეობა კრემლის საწინააღმდეგო, ანტიიმპერიალისტურ აქციაში და, ამასთანავე, სრულად კატეგორიულად აცხადებს, რომ თუ ვინმე ამ ღონისძიებაზე იარაღით გამოცხადდება, ეს ჩაითვლება უბოროტეს პროვოკაციად და ერის ღალატად.

საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობის პარტია და ანტისაოკუპაციო მოძრაობის საინიციატივო ცენტრი შეახსენებს ქართველ ერს, რომ მხოლოდ მშვიდობიანი და სამართლებივ –პოლიტიკური ბრძოლით მოიპოვებს საქართველო თავისუფლებას და სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი!”  –  განცხადებას ხელს აწერდა ეროვნული  დამოუკიდებლობის პარტიის თავმჯდომარე ირაკლი წერეთელი, მასთან ერთად: თეიმურაზ სუმბათაშვილი, თორნიკე ფიფია, “მონარქისტული პარტიის” სახელით – თემურ ჟორჟოლიანი და სხვა პირები, საქართველოს წმინდა ილია მართლის  საზოგადოებისა და სხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები.

რაც შეეხება გაერთიანებული ერების  ორგანიზაციის გენერალური მდივნის  პერეს დე კუელიარის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის გენერალური მდივნის მანფრედ ვერნერის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის მუდმივი საბჭოს, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის სამხედრო კომიტეტის და ნატოს წევრი სახელმწიფოების მეთაურებისადმი მიმართავ:

ანიტისაოკუპაციო მოძრაობაში გაერთიანებული  ეროვნულ პოლიტიკური პარტიები და ორგანიზაციები წარმოვადგენთ საქართველოს ეროვნულ–გამათავისუფლებელი მოძრაობის იმ ნაწილს, რომელიც შეგნებულად უარს ამბობს ოკუპაციისა და ანექსიის პირობებში  ითანამშრომლოს და ჩაჯდეს დაპყრობილი ქვეყნის ოფიციალური ხელისუფლების სტრქტურებში. საქართველო მიგვაჩნია საბჭოთა იმპერიისგან ოკუპირებულ და ანექსირებულ ქვეყანად.

საქართველოში საბჭოთა იმპერიის, ეგრეთ წოდებული სსრ კავშირის ჯარებისა და შეიარაღებული ძალების დისლოკაციისა და საბჭოთა იმპერიის სახელმწიფო საზღვრების შიგნით საქართველოს ფაქტობრივ ყოფნას მივიჩნევთ 70 წლიან საბჭოთა შეიარაღებულ აგრესიად, რომელიც 1921 წლის თებერვლიდან იღებს სათავეს და დღემდე გრძელდება. საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის ერთადერთ გარდამავალ და აუცილებელ პირობად მიგვაჩნია სამოცდაათწლიანი  საბჭოთა შეიარაღებული აგრესიის აღკვეთა, რაც ითვალისწინებს: საქართველოდან საბჭოთა იმპერიის შეიარაღებული ძალების , საოკუპაციო ჯარების სრული შემადგენლობით გაყვანას და საქართველოს გამოსვლას საბჭოთა იმპერიის საზღვრების შემადგენლობიდან.

ამ უმძიმეს  ბრძოლაში წარმატების მოპოვება მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დემოკრატიული ქვეყნების მხარდაჭერაზე. მოცემულ ეტაპზე თქვენი უდიდესი თანადგომა იქნებოდა, თუ საქართველოს ოფიციალურად განუსაზღვრავთ ოკუპირებული და ანექსირებული ქვეყნის სტატუსს..

იმიტომ მოგმართავთ ჩრდილოატლანტიკურ ბლოკსა და მასში გაერთიანებულ დემოკრატიულ  სახელმწიფოებს, რომ თქვენში ვხედავთ იმ პროგრესულ ძალებს, რომელთა  სამხედრო ძლევამოსილებამ კომუნისტური იმპერიის  ტოტალიტარული მოძალებისგან იხსნა თანამედროვე მსოფლიოს დემოკრატიული ცივილიზავია . ამასთან ერთად,  მომავალ  თავისუფალ და დემოკრატიულ საქართველოს ჩვენ ვჭვრეტთ, როგორც  დამოუკიდებელ სახელმწიფოს, რომელიც სურვილს გამოთქვამს  სამხედრო პოლიტიკური მოკავშირის სტატუსით  გაერთიანდეს  ჩრდილოატლანტიკური  ხელშეკრულების ორგანიზაციაში.” ( 1991 წ. ივნისი, ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიის თავმჯდომარე ირაკლი წერეთელი და ანტისაოკუპაციო საინიციატივო ცენტრი).