ტეგები

, , ,


 

1991 წლის ივნისის ბოლოს  ზვიად გამსახურდიას მთავრობის გადაწყვეტილებით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გაუქმდა სამგზავრო ტრანსპორტზე მოსკოვიდან მომატებული ტარიფები. ეს ჰუმანური ღონისძიება ბიუჯეტს 100 მილიონ მანეთზე მეტი უჯდებოდა. მაშინ  აფხაზთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ გადაწყვიტა, აფხაზეთის ტერიტორიაზე მიწისზედა ტრანსპორტით მგზავრობის ფასები შესაბამისობაში მოეყვანა  სსრ კავშირის მთავრობის დადგენილებასთან და არა საქართველოს მთავრობის დადგენილებასთან. გამსახურდიას ხელისუფლებამ მოუწოდა აფხაზეთის ავტონომიის მთავრობას სასწრაფოდ გაეუქმებინა თავისი “უკანონო გადაწყვეტილება” და აღეკვეთა აფხაზეთის ხელმოკლე მოსახლეობის ცხოვრების დამძიმება მოსკოვიდან ნაკარნახევი ფასებით. გთავაზობთ საქართველოს უზენაესი საბჭოს განცხადებას აღნიშნულთან დაკავშირებით,  რომელიც 1991 წლის ივნისის ბოლოს ოფიციალურ პრესაში გამოქვეყნდა.

“როგორც ცნობილია, საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის 1991 წლის 1 მაისის ბრძანებულებით გაუქმდა მიწისზედა სამგზავრო ტრანსპორტზე ( ტრამვაი, ტროლეიბუსი, ავტობუსი) მომატებული ტარიფები, რომლებიც რესპუბლიკებს თავს მოახვიეს სსრ კავშირის მთავრობის დადგენილებით.

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება იმით იყო ნაკარნახევი, რომ არ დაეშვა მოსახლეობის ისედაც მძიმე ცხოვრების პირობების კიდევ უფრო გაუარესება, რასაც ხალხი დიდი მოწონებით შეხვდა.

ამ ნაბიჯის გადადგმა, რა თქმა უნდა , იოლი არ იყო, თუ გავითვალისწინებთ რესპუბლიკის ეკონომიკის სიძნელეებს და სახელმწიფო ბიუჯეტის დაძაბულობას.

მიუხედავად ასეთი მძიმე მდგომარეობისა, რესპუბლიკის მთავრობამ გამონახა სახსრები,  100  მილიონზე  მეტი მანეთის მოცულობით, რათა დაეფარა სატრანსპორტო საწარმოებისა და გაერთიანებებისთვის ტარიფების შემცირებით მიყენებული ზარალი.

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ამ ჰუმანური აქტის საწინააღმდეგოდ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ, ახლახან, მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც მიმდინარე წლის 1 ივლისიდან გაიზარდა სამგზავრო ტრანსპორტის ტარიფები. ამ გადაწყვეტილებით აფხაზეთის მთავრობამ, ჯერ ერთი, უხეშად დაარღვია ფასების კანონმდებლობის მოთხოვნა, რომლის თანახმად საქართველო რესპუბლიკის ტერიტორიაზე საავტობუსო და საქალაქო ელექტროტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანის ტარიფების დაწესება და შეცვლა საქართველოს მთავრობის პრეროგატივაა, მეორე – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ამ უკანონო გადაწყვეტილების  რეალიზაციას მოჰყვა ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობის ისედაც არასახარბიელო მატერიალური მდგომარეობის გაუარესება, განსაკუთრებით მოსახლეობის ხელმოკლე ფენებისთვის. მესამე –  საქალაქთაშორისო ავტობუსებზე სამგზავრო ტარიფების თვითნებური მომატენა საქართველოს ტერიტორიის ერთ ნაწილში,აფხაზეთში, როცა რესპუბლიკის ტერიტორიაზე დაწესებულია ერთიანი ტარიფები, დიდ წინააღმდეგობებს და არევ –დარევას გამოიწვევს ანგარიშსწორებაში.

სრულიად გაუგებარია  პარალელურად მოქმედი ორი სხვადასხვა ტარიფის პირობებში, რომელი ტარიფით უნდა გადავახდევინოთ მგზავრებს ბილეთის ღირებულება მაგალითად თბილის –სოხუმის, ზუგდიდ –სოხუმის ან სხვა ასეთ მარშრუტებზე. საინტერესოა რას ფიქრობენ ამის გამო აღნიშნული გადაწყვეტილების ავტორები?

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა მტკიცე პროტესტს გამოთქვამს აფხაზეთის მთავრობის ამ ყოვლად უკანონო გადაწყვეტილების გამო და მოითხოვს მის დაუყოვნებლივ გაუქმებას.” (“საქართველოს რესპუბლიკა”. 1991 წ. 29 ივნისი).