ტეგები

, , ,


პარიზის შადრევანი  რა ხანია ძველ თბილისს ამშვენებს. მისი ისტორიის შესახებ კი ცოტამ თუ იცის. ცოტამ თუ იცის ისიც, რომ 1991 წლეს პარიზიდან თბილისისთვის  გამოგზავნილ ამ ძვირფას ქმნილებას ფრანგულად აწერია: „Liberte –Egalite – Fraternite !” ( თავისუფლება – ძმობა – თანასწორობა).

თბილისისთვის პარიზში დამზადებული პარიზის სიმბოლო ” ვალასის წყარო” იმ სკვერში დგას , რომელიც 2006 წლიდან საპატრიარქოს კუთვნილებაშია და რამდენიმე წელია ჩაკეტილია.

1991 წლის გაზაფხულის მიწურულს  საქართველოში გამომავალ პრესაში გამოქვეყნდა პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას სახელზე პარიზიდან გამოგზავნილი წერილი კარლო და თინა ინასარიძეებისა.

საქმე ის გახლდათ, რომ  ემიგრაციაში მცხოვრებ  კარგად ცნობილ ჟურნალისტს , ევროპაში გამომავალი –  „მებრძოლი საქართველოსა“ და „ჩვენი დროშის“  რედაქტორს, ერთხანს კი – „რადიო თავისუფლების“ ქართული რედაქციის  დირექტორს  კარლო ინასარიძეს, 1990 წლის ზამთარში გამოუთქვამს სურვილი თბილისისთვის ესახსოვრა  პარიზის შადრევანი ე.წ. „ვალასის წყარო.“ მისი სურვილის შესახებ ცნობილი გამხდარა საქართველოს მაშინდელი ხელმძღვანელობისთვის, რომელიც სიამოვნებით დათანხმებია შემოთაზებას და უკვე 1991 წლის 26 მაისს დათარიღებულ წერილში კარლო ინასარიძე მეუღლესთან ერთად  ზვიად გამსახურდიას წერდა:

ბატონო ზვიად!

ჩვენ შევისყიდეთ საფრანგეთში ე.წ. “Fontaine Wallace” ე.ი. „ვალასის წყარო“ ან „ვალასის შადრევანი“, რომელიც გვსურს ვაჩუქოთ ჩვენს დედაქალაქ თბილისს.

ვალასის შადრევანი“ არის 2.71 მეტრის სიმაღლისა და 800 კილოგრამი სიმძიმის ქანდაკება –წყარო მეტალისგან. „ვალასის წყაროს“ ისტორია კი ასე გამოიყურება: საუკუნეების განმავლობაში შადრევნები იყო ერთადერთი წყარო წყლისა ქალაქის მაცხოვრებლებისთვის. ახლა, თანამედროვე ქალაქის მაცხოვრებლებისთვის წყლით მომარაგებამ მრავალსართულიანი სახლების ყოველ ბინაში, მართალია, შეცვალა „ვალასის წყაროს“ მსგავსი შადრევნების მნიშვნელობა, მაგრამ იგი იქცა, როგორც პარიზელები ამბობენ, „თვალსაჩინო წყარო  – სასმელ წყაროდ“ და მართლაც, „ვალასის წყარო“ არის თავისებური ქანდაკება, რომელსაც უთუოდ განსაკუთრებული ადგილი უკავია ქალაქთა შადრევნებს შორის არა მარტო პარიზში, მსოფლიოს ამ უმშვენიერეს ქალაქში. იგი შექმნა ინგლისელმა ხელოვნების მოყვარულმა და მდიდარი კოლექციის მფლობელმა სირ რიჩარდ ვალასმა, რომელიც დაიბადა ლონდონში 1818 წელს და სახელი მოიხვეჭა, აგრეთვე, როგორც ანტიალკოჰოლიზმის მიმდევარმა. ესტუმრა რა პარიზს, ისე შეუყვარდა ეს ქალაქი, რომ შექმნა მოდელი შადრევნისა და  შესთავაზა პარიზის წყლით უზრუნველყოფის დირექტორს, რომ  ორმოცდაათი ამგვარი შადრევანი დაედგა ქალაქში. 1873 წელს დაიწყო, შემდეგ „ვალასის წყაროდ“ წოდებული, შადრვნების პარიზში დადგა, რასაც პარიზელები ისეთი ენთუზიაზმით შეხვდნენ, რომ დამატებით დადგეს 30 „ვალასის წყარო“ და დღესაც, როდესაც პარიზში ასოთხმოცამდე სხვადასხვა სახისა და სიდიდის შადრევანი არსებობს, მათ შორის არის სამოცამდე „ვალასის წყარო“, რაც  თავისი ორიგინალური მხატვრულობით ამშვენებს მოედნებს და ქუჩებს.

ეს არის ერთმანეთთან შეხმატკბილებული სამნაწილიანი კლასიცისტური ქანდაკება, რომლის ზედა ნაწილი გუმმბათოვანია, ქვედა ნაწილი კი კუთხოვანი, რომელთა შუა განლაგებულია ათენის აკროპოლის  ერეხეონის ტაძრის ფასადზე განლაგებული „კარიადიტები“ ( ოთხი მოცეკვავე  ქალი), რაც განსაკუთრებულ ხასიათს ანიჭებს ამ შადრევან–ქანდაკებას. ამის შედეგია ის, რომ „ვალასის წყაროს” თქვენ შეხვდებით პარიზში ისეთი მოდერნულ ნაგებობათა შორისაც კი, როგორიცაა პარიზის სუპერმოდერნული უბანი „ლა დეფანსი“, თუმცა „ფონტენ ვალასს“, 1952 წლიდან, მასზე ჯაჭვით მიბმული თასი, ჰიგიენური მოსაზრებით, უკვე აღარ გააჩნია.

ვალასის წყაროს“ შესყიდვისა და ტრანსპორტირების ხარჯები დაფარულია. ამ „პარიზის შადრევანს“ აქვს შემდეგი წარწერა, სამწუხაროდ , მხოლოდ ფრანგულად:  „Liberte –Egalite – Fraternite !”