ტეგები

, ,


ალბათ გაგიგონიათ საყვედური გასული საუკუნის ბოლო პერიოდის ეროვნულ–გამათავისუფლებელი მოძრაობის ერთ–ერთი ლიდერის ზვიად გამსახურდიას მიმართ, თითქოსდა ის იმ ბრძოლაში დამოუკიდებლობის მიღწევის ამოცანას სახავდა უმთავრეს ამოცანად, დანარჩენს კი ამ ამოცანის მიღწევის შემდგომ მისაღწევად.  “დამოუკიდებლობის გაკვეთილებში” შეგვაქვს დოკუმენტი, რომელიც ცხადყოფს, რომ ეს ასე არ ყოფილა, რომ  ზვიად გამსახურდია თავად აკრიტიკებდა “ჯერ დამუკიდებლობის” ლოზუნგის მომხრეებს: “სამწუხაროდ, ზოგიერთი პარტია იჩემებს პრიორიტეტს ე.წ. პირველ ფრონტზე – ეროვნული დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ფრონტზე, ხოლო მეორე ფრონტზე მოღვაწეობა თავის მოვალეობად არ მიაჩნია, „მთავარია დამოუკიდებლობა!“ გაიგონებთ მათგან, სხვა დანარჩენი კი – ზედმეტია დღეს..” 

1991 წლის ზაფხულში გაზეთმა “საქართველოს რესპუბლიკამ” გამოაქვეყნა ზვიად გამსახურდიას მიმართვა პოლიტიკური პარტიებისა და ორგანიზაციებისადმი. ეს არის 1989 წლის ივნისში დაწერილი მიმართვა, რომელსაც მაშინ, 1989–ში,  ფართო საზოგადოება არ გაცნობია, რადგან ფართოდ  არც  გავრცელებულა. ძალიან საინტერესო ტექსტია, ფაქტობრივად ეს  არის ზ. გამსახურდიას ხედვა, ერთგვარი პროგრამა იმისა, თუ როგორ უნდა გაშლილიყო ეროვნულ – გამათავისუფლებელი მოძრაობა ისე, რომ მას მოეცვა ფართო მასები და მთელი საქართველო  ერთი იდეითა და მიზნით გაეერთიანებინა. “დამოუკიდებლობის გაკვეთილები” გაგაცნობთ  ამ ტექსტის  მთავარ მიმართულებებს.

 

sama

„უკანასკნელ წლებში საქართველოში ჩამოყალიბდა მრავალი პარტია და ორგანიზაცია, რაც უდაოდ მისასალმებელია სამოცდაათწლიანი ტოტალიტარული ერთპარტიული სისტემის ბატონობის შემდგომ. მაგრამ ამ პარტიების და საზოგადოებების საქმიანობაზე დაკვირვება ზოგჯერ შიშსაც იწვევს, ვაი, თუ ყოველივე ამან ნანატრი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ნაცვლად უფრო ქაოსისა და ანარქიის საფრთხის წინაშე დაგვაყენოს. გამოითქმის მრავალი შეხედულება ჩვენი მოძრაობის მიმართულებისა და მიზნების შესახებ. ერთ–ერთი მათგანია ის, რომ თითქოს საქართველოში დღეს არსებობს ერთის მხრივ ეროვნულ – გამათავისუფლებელი მოძრაობა, რომელიც მხოლოდ დამოუკიდებლობისათვის იბრძვის და zviadiპრობლემებისათვის არა სცალია, ხოლო მეორე მხრივ ეროვნული ხსნის მოძრაობა, რომელიც იბრძვის კულტურული, ეკონომიკური, სოციალური და სხვა პრობლემებისათვისჩემი აზრით, დაუშვებელია ასეთი დაყოფა. ეროვნულმა და სამართალდაცვითმა მოძრაობამ მაქსმიმუმი უნდა გააკეთოს როგორც ერთ, ისე მეორე ფრონტზე. ეს უნდა იყოს მისთვის ერთიანი ფრონტი. სამწუხაროდ, ზოგიერთი პარტია იჩემებს პრიორიტეტს ე.წ. პირველ ფრონტზე – ეროვნული დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ფრონტზე, ხოლო მეორე ფრონტზე მოღვაწეობა თავის მოვალეობად არ მიაჩნია, „მთავარია დამოუკიდებლობა!“ გაიგონებთ მათგან, სხვა დანარჩენი კი – ზედმეტია დღეს. მოდით განვიხილოთ, რამდენად სერიოზულია და გამართლებული ასეთი დამოკიდებულება ეროვნული მოძრაობისადმი.

ვიქონიოთ რეალობის გრძნობა. თვალი  გავუმართოთ იმ საფრთხეს, რომლის წინაშეც დგას ჩვენი ერი. ეროვნული ხსნის მოძრაობას, საზოგადოებრივი ხსნის მოძრაობას ნუ გამოვყოფთ ეროვნულ – გამათავისუფლებელი მოძრაობისგან, რამეთუ ეს ორი რამ ურთიერთგანპირობებული და განუყოფელია. ამთავითვე ვიტყვი, რომ ეროვნულ – გამათავისუფლებელი მოძრაობის წარმატებანი პირდაპირ არის  დამოკიდებული მის მასობრივ ხასიათზე. ეს მოძრაობა კი საერთო სახალხოდ ვერ  გადაიქცევა, თუ მასებმა არ დაინახეს მისი აუცილებლობა, თუ იგი მათ თავიანთ ღვიძლ საქმედ არ აქციეს. დიახ, ჩვენ მასების შეგნებამდე უნდა დავიყვანოთ ის ჭეშმარიტება, რომ საქართველოს ყველა ეროვნულ და სოციალურ პრობლემას საბოლოო ჯამში ეროვნული დამოუკიდებლობის მიღწევის გარდა არაფერი უშველის, რომ ყველა ამ პრობლემის მოგვარება თავისუფლებასა და დამოუკიდებლობაშია. მაგრამ ამ მიზნის მისაღწევად ჩვენ მთელ ერს ვერ დავრაზმავთ, სანამ მას თვალნათლივ არ ვაჩვენებთ ყოველივე იმას, რასაც ხედავს დღეს მხოლოდ ეროვნული მოძრაობა, სანამ თითოეული ქართველის შეგნებამდე არ დავა ის ცხადი ჭეშმარიტება, რომ არსებულ რეჟიმში განწირულია არა მხოლოდ ერი, არამედ ყოველი ადამიანის ინდივიდუალური არსებობა და კეთილდღეობა. სხვაგვარად ჩვენ ვერ  შევქმნით მასობრივ, სტაბილურ, დინამიურ მოძრაობას, რომელიც  საყოველთაო, ეროვნულ დაუმორჩილებლობაში გადაიზრდება.

დღეს საქართველოს დამოუკიდებლობა აქსიომაა მხოლოდ ჩვენთვის, ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლებისთვის, მასებისთვის კი იგი ჯერაც თეორემაა, რომელსაც დამტკიცება სჭირდება ( ეს არის უდიდესი მიღწევა კრემლის სამოცდაათწლიანი პრაქტიკისა და პროპაგანდისა). ამის დამტკიცების საუკეთესო გზა კი არის ეროვნული ხსნის მოძრაობის ფართოდ გაშლა მასებში, ჩვენი ეროვნული და სოციალური წყლულების გაშიშვლება, ხალხისთვის ინფორმაციის მიწოდება მათ შესახებ, ნათელყოფა იმისა, თუ რა მოაქვს საბჭოთა იმპერიალიზმს და ბიუროკრატიას საქართველოსთვის, ფაქტებით დასაბუთება იმისა, რომ მოსკოვს განზრახული აქვს არა მხოლოდ რუსიფიკაცია და დემოგრაფიული აბსორბირება ჩვენი ერისა, არამედ მისი ფიზიკური განადგურებაც: ეკოლოგიური გენოციდით, ნარკომანიით, სამხედრო ბეგარით და სხვა საშუალებებით. ყოველივე ამას კი მასების შეგნებამდე დავიყვანთ იმ შემთხვევაში, თუ გავაცნობთ მათ ჩვენი პროგრამა მინიმუმის  დეტალებს, მემორანდუმის მოთხოვნებს და მათი შესრულებისთვის ბრძოლის გზებს, თუ ხალხის თანადგომით არ განვახორციელებთ ეროვნული ხსნისა და აღორძინების პროგრამას, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი პროგრამა მაქსიმუმით ეროვნული თავისუფლებისთვის ბრძოლაში  ჩვენ  მარტონი დავრჩებით, ეს მოძრაობა საერთო– სახალხო მოძრაობად ვერ გადაიქცევა.”


„დღევანდელ პირობებში ჩვენი პროგრესული აგიტაცია და პროპაგანდა პატრიოტული, ეროვნულ – გამათავისუფლებელი იდეების ქადაგება, დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის მოწოდება არ კმარა მასების გამოსაღვიძებლად და დასარაზმად. ამის პარალელურად ჩვენ უნდა დავანახოთ ხალხს კონკრეტული შედეგები მოსკოვის ვერაგული და მავნე პოლიტიკისა, რომელიც გამოიხატება ქართველთა ეროვნულ დისკრიმინაციაში, დემოგრაფიულ ექსპანსიონიზმში, ინდუსტრიულ გიგანტიზმში, ეკოლიგიურ მავნებლობაში, რომელსაც ცენტრი ყოველნაირად ხელს უწყობს საქართველოში, რათა მაქსიმალურად გაზარდოს არაქართველი მოსახლეობის ხვედრითი წილი  ჩვენს ტერიტორიაზე, გარდაუვალი გახადოს ამ გიგანტური ჰესების მშენებლობა, რაც მომავალში საწინდარია ჩვენი ერის ნამდვილი გენოციდისა. ბალტიისპირეთის, უკრაინისა და სომხეთის ეროვნული გენოციდი, რომელსაც უთუოდ გეგმაზომიერი ხასიათი აქვს, ჩვენთვის უნდა იქცეს საგანგაშო სიგნალად, სამომავლო გაკვეთილად, ჩვენ უნდა ავუხსნათ ქართველ ხალხს, რომ მასაც იგივე მოელის, თუ მთელი საქართველო ერთ მუშტად არ შეიკვრება და არ დაირაზმება კრემლის ამგვარი მავნებლობის წინააღმდეგ, თუ არ ჩაშლის ინდუსტრიული გიგანტებისა და მსხვილი საწარმო ობიექტების გაყიდვის შემდგომ გეგმას, თუ არ შეაჩერებს დემოგრაფიულ აგრესიას ჩვენი ერის წინააღმდეგ. ყოველიევ ამის გაცნობიერების გარეშე მოსახლეობა არ იბრძოლებს საქართველოში ისეთი წყობილების დამყარებისთვის, რომელიც ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე დაგეგემავს ჩვენს ეკონომიკას და არა იმპერიული ცენტრალური დაგეგმარების მოთხოვნილებებიდან გამომდინარე.”


„ეროვნული მოძრაობა ყველა ქვეყანაში მასობრივი ხდებოდა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი zviალღოს უღებდა ხალხის ინტერესებს, გადაეჯაჭვებოდა სოციალ–ეკონომიკურ მოძრაობას, როდესაც ინტელიგენცია, არისტოკრატია და პლებსი შეერთდებოდა ერთი დიადი მიზნისათვის საბრძოლველად, ასე იყო იტალიაში, ირლანდიაში და ინდოეთში. ასევეა დღევანდელ ავღანეთში, პოლონეთსა და ბალტიისპირეთში. ამასთან დროა გავაცნობიეროთ, რომ ეროვნული ხსნისათვის აუცილებელი ნაბიჯები გადადებას ვეღარ ითმენენ. ახლოვდება დემოგრაფიული კატასტროფა მიგრაციისა და იმიგრაციის გზით, ბიუოროკრატიული აპარატის კორუფცია და ცრუ ინტერნაციონალიზმი აჩქარებს ამ პროცესს, დაგეგმილია გიგანტური წყალსაცავები, რომელთა აგებაც გენოციდის საწინდარია თანამედროვე გაზრდილი სეისმიური აქტივობის პირობებში”


„დღეს პარტიები აყენებენ თეზისს თავიანთი რადიკალიზმის შესახებ. სიტყვა „რადიკალის’” პირველი ლათინური მნიშვნელობაა ძირეული, მყარი, საფუძვლიანი და არა ის, რაც დღეს ამ სიტყვამ შეიძინა. მე მოგიწოდებთ საზომს ჭეშმარიტი რადიკალიზმისას დღევანდელ პირობებში: ეს არის გონივრული და შედეგიანი ბრძოლა რომელიც ამავე დროს ზიანს არ მოუტანს მოძრაობას, დარაზმავს ხალხის მასას ეროვნულ  – გამათავისუფლებელი ბრძოლისთვის. დღესდღეობით, ჩემის აზრით, ყველაზე მეტად რადიკალური იქნება ის პარტია. ან ის gamsaxurdia-2ორგანიზაცია, რომელიც პრაქტიკულად განახორციელებს მუშათა მოძრაობის ორგანიზებას, თავისუფალი პროფკავშირების ჩამოყალიბებას, გასდებს ხიდს პოლიტიკური მოძრაობის აქტივისტებსა და  მუშებს შორის, შექმნის მუშათა მოძრაობას, რომელიც შეძლებს პოლონური მოდელის გადმოტანას ჩვენს სინამდვილეში. რა იქნებოდა პოლონეთის „კორ“–ი ან ახალგაზრდული ორგანიზაციები, მათ რომ არ ჩაებათ მუშათა კლასი თავის მოძრაობაში? დღესდღეობით პოლონეთის პოლიტიკური მოძრაობა, ეკლესია და მუშათა მოძრაობა გაერთიანებულია, ერთი მიზნისთვის იბრძვის. ერთ მუშტად არის შეკრული ტოტალიტარიზმის წინააღმდეგ. ჩვენში კი რა ხდება? ერთობა არ არსებობს თვით პოლიტიკურ ორგანიზაციებს შორის, რომელთაც, თითქოს, ერთი მიზანი უნდა აერთდებდეს. ყველას სურს ავტონომიური მოქმედება. ეკლესია პარალიზებულია, ინფილტრირებულია საბჭოთა ხელისუფლების მიერ, მას ფაქტობრივად  ცენტრალური კომიტეტი მართავს, რის შედეგადაც იგი გამოთიშულია როგორც ეროვნული მოძრაობისგან, ასევე საზოგადოებრივი ცხოვრებისგანაც. მუშათა კლასი  დაურაზმავია და დაშინებული, გლეხობა განზე დგას, არ არსებობს არავითარი რეალური კავშირი მასებსა და ეროვნულ მოძრაობას შორის, რომლის აუდიტორიაც არის ძირითადად სტუდენტები და მოსწავლე ახალგაზრდობა. ამის გამო დღევანდელ პირობებში რადიკალიზმი უნდა ნიშნავდეს  განდისა და პოლონეთის გზით სიარულს, მასების მობილიზაციას საყოველთაო ეროვნული დაუმორჩილებლობისთვის და არა გარიბალდის გზას. ის ეტაპი, როდესაც საჭირო გახდება გარიბალდისა და მოჯაჰედინების გზაზე დადგომა ჩვენთვის ჯერ შორს არის. ნუ დავივიწყებთ რომ ქვეყანას და ხალხს სამოცდაათწლიანი სტალინისტური ქადაგებით მოწამლულს, უკიდურეს აპათიაში ჩავარდნილს, აპოლიტიკურს, ურელიგიოს და ზნეობრივად ინდეფერენტულს, ჯერ სჭირდება აღზრდა, პოლიტიკური გათვითცნობიერება, გამოფხიზლება, ეთიკური ჩვევების შემუშავება და შემდეგ ხანგრძლივი შემზადება ეროვნულ–გამათავისუფლებელი ბრძოლისთვის, რომლის შესაძლებლობაც შესაბამისმა ისტორიულმა მომენტმა უნდა მოგვიტანოს. ყოველგვარი ნაადრევი მოქმედება ამ მიმართულებით კი დამღუპველი იქნება ეროვნული მოძრაობისთვის.

ერთი სიტყვით, მოცემულ ეტაპზე ჩვენთვის პირველ პლანზე უნდა იყოს ჩვენი „პროგრამა მინიმუმის“ პროპაგანდა და მისი განხორციელება, რის გარეშეც პროგრამა მაქსიმუმზე ფიქრიც კი წარმოუდგენელია. მოდით, ნუ დაგვეხვევა თავბრუ იმ მცირე წარმატებებისგან, რომელთაც მივაღწიეთ. 1989გვახსოვდეს, რომ მთავარი საქმე ჯერაც არ დაგვიწყია. მოდით, კვლავ ერთობლივი ძალისხმევით განვახორციელოთ ის, რაც მიგვიყვანს საბოლოო მიზნამდე. ცალ–ცალკე მოქმედება  კი მხოლოდ დაგვაშორებს მიზანს. ნურასოდეს დავივიწყებთ რომ თავისუფლება მხოლოდ ბრძოლით როდი მოიპოვება, არამედ  შრომითაც. შრომა, შრომა, თავისუფალი შრომა, აი, რა გვმართებს დღეს. მხოლოდ დროშების ფრიალით და ლოზუნგების სკანდირებით, თუნდაც მიტინგზე მშვენიერი სიტყვის წარმოთქმით, პასპორტების ან პარტიული მანდატების დახევით, ჩვენი უბედურების გლოვით, 26 მაისის ზეიმით, თავისუფლებას ვერ მივაღწევთ. ჩვენ უნდა ვიშრომოთ ერთობლივად, რათა ჩვენი მოძრაობა საერთო სახალხო, საქმიან მოძრაობად გადაიქცეს, რითაც ჩვენ უნდა ვიხსნათ ჩვენი ქვეყანა ზემოთხსენებული საფრთხეეებისგან და მოვამზადოთ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის.

აუცილებელია აგრეთვე პოლიტიკური განათლების შეტანა მასებში. თანამედროვე პოლიტოლოგიის და სოვეტოლოგიის  იდეების პროპაგანდა სოციალისტური ბანაკის ეროვნულ და სოციალურ მოძრაობათა შესახებ ( განსაკუთრებით პოლონეთის და ჩეხოსლოვაკიის მოძრაობის შესახებ) ფართო ინფორმირება მოსახლეობის ყველა ფენებისა, მხედველობაში მაქვს, როგორც სსრკ რესპუბლიკებში, ასევე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში მიმდინარე პროცესები. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ამ ერების  გამოცდილება და მივუსადაგოთ ის ჩვენს დღევანდელ სინამდვილეს. ჩვენ უნდა შევქმნათ კომისიები ყველა საჭირბოროტო ეროვნულ და სოციალურ პრობლემებთან დაკავშირებით და უნდა ჩავიბაროთ ანგარიშები მათი მუშაობის შესახებ. ჩვენი საერთო მიზანი უნდა იყოს ამ გზით საქართველოს ღღევანდელი საბჭოთა ხელისუფლების კონტროლი და კურირება ყველა სფეროში. მკაცრი კონტროლი ხელისუფლების ყველა ღონისძიებაზე, რათა ძირშივე აღმოვფხვრათ ყოველგვარი შესაძლებელი მავნებლობა ხელისუფლების მხრივ დემოგრაფიულ, ეკოლოგიურ და სხვა სფეროებში. ”


„ ხელისუფლებაზე დაწოლის მიზნით, შეიძლება გამოვიყენოთ სახალხო ფრონტი, თუ ამ ფრონტის პროგრამა იქნება გამოხატულება ყველაზე რადიკალური ეროვნული ძალების მიზნებისა და ამოცანებისა, თუ ხელისუფლება  ვერ შეძლებს ფრონტის გამოყენებას მავნე მიზნებით, რაზედაც დაწესებული იქნება ფრონტში მყოფი პატრიოტების კონტროლი, თუ გადამწყვეტი ხმა ექნებათ რადიკალებს, მაშინ ფრონტმა შეიძლება დადებითი როლი ითამაშოს, ხოლო თუ ეს ყოველივე არ განხორციელდება, რადიკალები უნდა გამოვიდნენ ფრონტიდან, გაემიჯნონ და ბრძოლა გამოუცხადონ მას, ვინაიდან იგი ერისთვის ზიანის მეტს არაფერს მოიტანს. საინტერესოა მოსკოვის დამოკიდებულება საქართველოს სახალხო ფრონტთან.. ნოემბრის შიმშილობის დღეებში მოსკოვმა აშკარად წაახალისა საქართველოს კომუნისტური ხელისუფლება მხარი დაეჭირა სახალხო ფრონტის შექმნისათვის, რომელიც მას სჭირდებოდა მდგომარეობის განსამუხტავად, ხალხის ყურადღების ფრონტზე გადასატანად და შიმშილობის აქციის ჩასაშლელად. მაგრამ შემდეგში, როგორც ჩანს, მოსკოვი შეაშინა რადიკალების შესვლამ საქართველოს სახალხო ფრონტში და ახლა გადაწყვიტა ხელი შეუშალოს მათ მიერ ფრონტის ხელში ჩაგდებას. ინგლისში გამომავალ ჟურნალ „აღმოსავლეთ ევროპაში“ დაბეჭდილი პასკვილი საქართველოს სახალხო ფრონტში დისიდენტების მონაწილეობის შესახებ ამ მიზნით უნდა იყოს ინსპირირებული კრემლის მიერ ( ცნობილია, რომ ამ ჟურნალის მუშაობაში ფარულად ურევს ხელს შევარდნაძისეული „მიდი“ და „კაგებე“, ხოლო ინგლისში მოქმედებს სუკის ფართო ქსელი, ამით სურთ ქართველ დისიდენტებს დააბრალონ კოლაბორაციონიზმი და ამით დაფრთხონ სახალხო ფრონტიდან, რათა შემდეგში თავად ჩაიგდონ ფრონტი ხელში და საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენონ ( ძნელი წარმოსადგენია ინგლისში იცოდნენ ასეთი ნიუანსები ქართველი დისიდენტების შესახებ. აშკარაა, რომ მასალა მოსკოვიდან არის მიწოდებული, მით უმეტეს რომ სტატია ანონიმურია).”


„რაც შეეხება დიალოგს. მთავარია ჩვენ არ წავიდეთ მტერთან არავითარ კომპრომისზე, ხოლო როდესაც მტერი თავად მოდის კომპრომისზე, მას უნდა შევუწყოთ ამაში ხელი, ამ გზით განხორციელდება ხელისუფლების ინფილტრაცია და მისი ამ გზით ეროვნული ძალების ნებისადმი დაქვემდებარება. ეს ყოველივე ამავე დროს საწყისი ფაზაა ეროვნულ –გამათავისუფელვბელი მოძრაობისა, რომელიც მომავალში განვითარდება და სახეს იცლის იმპერიაში შექმნილი პოლიტიკური სიტუაციის შესაბამისად. მაგრამ ამასთან ნუ მივეცემით ილუზიებს. საქართველოში ჯერაც მყარად არსებობს კომუნისტური ხელისუფლება და მას მონოპოლიზირებული აქვს როგორც სოციალ –პოლიტიკური და ეკონომიკური სფერო, ასევე პროპაგანდისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებები. ეს ხელისუფლება კვლავინდებურად ტოტალიტარულია და რეპრესიული, მიუხედავად ე.წ „გარდაქმნისა და დემოკრატიზაციის“ ნიღბისა, მისი დამხობა კი იმპერიის დღევანდელი სამხედრო პოლიტიკური ძლიერების პირობებში, ჯერჯერობით, უტოპიაა.

რაც შეეხება ზემოხსენებულ პროცესს ხელისუფლების ინფილტრირებისას. ეროვნული ძალების ნებისადმი მისი დაქვემდებარებისას და ამრიგად მისი რეალური და არა ილუზირებული გარდაქმნისას – ასეთ რამ უფრო შესაძლებელია, როგორც ამას ცხადყოფს ბალტიისპირეთის გამოცდილება.

მეოცე საუკუნის იმპერიულ რეჟიმებთან ბრძოლის გამოცდილებაც  ცხადყოფს, რომ  ახალ დროში ე.წ. „მცოცავი“ რევოლუციები უფრო დიდ შედეგებს იძლევიან, ვიდრე უეცარი „აფეთქებითი,“ „ბლიცკრიგის” მსგავსი რევოლუციები, რომელთა მარცხი გვახსოვს ახლო წარსულში, მაგალითად უნგრეთში. პოლიტიკური რომანტიზმი დღეს ვერ გაიმარჯვებს, დღეს საჭიროა უკიდურესი რეალიზმი და პრაქტიკული ალღო პოლიტიკაში, რადიკალიზმთან ერთად.

რაც შეეხება ხელისუფლებასთან საქმიან დიალოგს ძალის პოზიციიდან, იგი პოლიტიკური  ბრძოლის ერთ–ერთი ფორმაა იმ შემთხვევაში, თუ იგი პრინციპულია და უკომპრომისო. დიალოგის, როგორც ბრძოლის საშუალების ეფექტურობა დაადასტურა ისევ განდის, „სოლიდარობის“ გამოცდილებამ. დიალოგი არის ამქვე  დროს გზა ორხელისუფლებიანობისკენ, რომელიც აუცილებლად გარდამავალი ეტაპია ხელისუფლების ინფილტრაციისკენ და საბოლოოდ პარლამენტური გზით, დემოკრატიული არჩევნების გზით, ახალი ეროვნული ხელისუფლების შექმნისკენ. ცხადია, დიალოგი სხვაა და კაპიტულაცია ან კომპრომისული, ამორალური გარიგება სხვაა. მაგრამ ნუ დავივიწყებთ, რომ ჯერ არ მომხდარა არც ერთი ომი, არ ყოფილიყო  მხარეებს შორის მოლაპარაკება. ასეთი მოლაპარაკებით კი გონიერი მოწინააღმდეგე ზოგჯერ მეტს აღწევს, ვიდრე ძალის გამოყენებით. როგორც მაგალითად ვალენსამ მიაღწია იარუზელსკის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებით. მაგრამ ყოველივე ზემოთქმული არ მიიღწევა, სანამ ხელისუფლება არ დაინახავს სერიოზულ საფრთხეს ქვეყანაში პოლიტიკური და ეკონომიკური დესტაბილიზაციისას, სიტუაციაზე კონტროლის დაკარგვისას, სანამ არ დაკარგავს იმედს პროპაგანდისტული კამპანიებით და რეპრესიებით მოძრაობის ჩახშობისას და მდგომარეობის სათავისოდ გამოსწორებისას. ყოველივე ეს დადგება მაშინ, როცა ჩვენ შევძლებთ ფართო მასების ამოძრავებას, ავამაღლებთ მათ პოლიტიკურ ცნობიერებას, ცხადვყოფთ, რომ ეროვნული ხსნისათვის, ეროვნული თავისუფლებისათვის ბრძოლას ალტერნატივა არ გააჩნია დღევანდელი რეჟიმის პირობებში. ყოველივე ეს კი წარმოუდგენელია მასების ინფომირების გარეშე, მშვიდობიანი პოლიტიკური ბრძილის გარეშე, დაუმორჩილებლობის გარეშე, მასობრივი აგიტაციის გარეშე, მრავალათასიანი ტირაჟის პრესის გარეშე: აი, რა მიმართულებებით უნდა წარვმართოთ ჩვენი მუშაობა და ჩვენი სახსრები. tatishvili_nuca-084ყოველივე ზემოთქმულის გამო, ცენტრიდანულ დამშლელ ძალებს, განხეთქილების ძალებს დავუპირისპიროთ ცენტრისკენული, გამაერთიანებელი ძალისხმევა, შევქმნათ მთელი ეროვნული მოძრაობის გამაერთიანებელი საკოორდინაციო ცენტრი ან კომიტეტი, სათათბირო, რომელშიც გაერთიანდება ყველა პრინციპული, ნამდვილად ეროვნული გაერთიანებანი. ცენტრი ან სათათბირო შეიკრიბოს ხოლმე საჭიროებისამებრ და გადაწყვიტოს პარიტეტულ და დემოკრატიულ საწყისებზე ჩვენი მოძრაობის გეზი და პერსპექტივა. ერთობლივად დაგეგმოს დიდი მასშტაბის აქციები, იმსჯელოს მათ საჭიროებაზე. მოკლედ ვიბრძოლოთ ჩვენი მოძრაობის გაერთიანებისა და კოორდინირებისთვის. დავგმოთ ყოველგვარი პარტიული ეგოიზმი, პარტიკულარიზმი, განსაკუთრებულობის და ელიტარულობის პრეტენზიები, თვითგანდიდება და თვითკმაყოფილება. მხოლოდ ამრიგად  მივაღწევთ საბოლოო მიზანს, წინააღმდეგ შემთხვევაში გველის დაქსაქსვა და დაუძლურება.” ზვიად გამსახურდია, 1989 წ. ივნისი.