ტეგები

, ,


თუ ზვიად გამსახურდიას მიერ სხვადასხვა დროს წარმოთქმულ სიტყვებს გადავხედავთ, თვალშისაცემი გახდება მკვეთრი ცვლილება დისიდენტისა და ეროვნულ–გამათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერის ტონსა და აქცენტებსა და პრეზიდენტის ტონსა და აქცენტებს შორის, განსაკუთრებით ეროვნულ უმცირესობებთან მიმართებაში.  მაშინდელი ოპოზიციის წარმომადგენლები კი  გამსახურდიას, მისი პრეზიდენტობისას, აქტიურად  სდებდნენ ბრალს უმცირესობების შევიწროებაში, ამის შესახებ იწერებოდა  საბჭოთა თუ დასავლეთის პრესაში. პირველი პრეზიდენტი ლამის ყოველ პრესკონფერენციაზე  ჩიოდა, რომ ოპონენტები ცილს სწამებდნენ და კრემლის პროპაგანდისტულ მანქანასთან ერთად, მისგან მიზანმიმართულად ქმნიდნენ ეთნიკური უმცირესობების მდევნელის “ხატს”.

გავიხსენოთ რას ამბობდა ზვიად გამსახურდია ეროვნულ უმცირესობებზე ხელისუფლებაში არჩევამდე და შემდეგ.

zvi1989 წელს, ” სახალხო ფრონტის”  ყრილობაზე გამოსვლისას,  “ჰელსინკის კავშირის” თავმჯდომარემ და ეროვნულ–გამათავისუფლებელი მოძრაობის ერთ–ერთმა  ლიდერმა “სახალხო ფრონტი”  გააკრიტიკა იმის გამო, რომ მისი წარმომადგენლები სამომავლო კონსტიტუციის პროექტში ათანაბრებდნენ საქართველოში ქართველი ერისა და სხვა ერების წარმომადგენელთა ინტერესებს. “კვლავ გათანაბრებაა, მეგობრებო… საქართველო არის ქართველების ქვეყანა, ეს აქსიომა უნდა იყოს არეკლილი ამ ქვეყანაში. კონსტიტუცია უნდა გამოხატავდეს ქართველი ერის ინტერესებს და, ამავე დროს, ყველა პიროვნების ინტერესებს რა ეროვნებისაც არ უნდა იყოს ის. არა ერების ინტერესებს ! ჩვენ აქ აზერბაიჯანის ინტერესებისთვის არ ვიბრძვით…  მიმდინარეობს ისევ და ისევ კრემლისეული  პოლიტიკა ოსების და აფხაზების პრივილეგირებისა საქართველოში, რატომღაც აფხაზები და ოსები არის გამოყოფილი და  სახალხო ფრონტი იბრძვის  აფხაზების და ოსების  უფლებების დასაცავად. მათ  ძალიან კარგი დამცველი ჰყავთ კრემლის სახით, თქვენ საქართველოს ინტერესები დაიცავით.” – ამბობდა ზვიად გამსახურდია. 1989 წელს, “სახალხო ფრონტის” ყრილობაზე,  ის ყურადღებას ამახვილებდა დემოგრაფიულ ექსპანსიონიზმსა და არაქართველი ეთნიკური ჯგუფების პროვილეგირების პოლიტიკაზეც  და გამოთქვამდა მოსაზრებას, რომ თანდათანობით უნდა დაწყებულიყო “უკანონოდ შემოჭრილი არაქართველი მოსახლეობის განსახლება საქართველოდან”.

უნდა გავიხსენოთ 1989 წლის აპრილში, რუსთაველის პროსპექტზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ნათქვამიც. აქცია კი დაიწყო ლიხნის ცნობილი შეკრების პასუხად, რომელზეც სეპარატისტულად განწყობილმა აფხაზებმა აფხაზეთის საქართველოდან გამოყოფა მოითხოვეს. ზვიად გამსახურდია  ამის შემდეგ ამბობდა: “აფხაზი ერი ისტორიულად არასოდეს  არსებობდა. აფხაზეთი იყო სახელწოდება დასავლეთ საქართველოსი და აფხაზები იყვნენ დასავლეთ ქართველები. ასე რომ, აფხაზი ერი იყო იგივე ქართველი ერი, ხოლო ის ძველი, ქრისტიანი აფხაზები დღეს აღარ არსებობენ. სახელწოდება „აფხაზი“ დღეს არასწორად იხმარება „აფსუას“ ტომთან დაკავშირებით. „აფსუა“ ანუ „აფსარნი“ ეს არის ჩრდილოეთ კავკასიური, ადიღეური მოდგომის ტომი და ჩვენ არც ერთი ტომის  ან ტომების ჯგუფის თვითგამორკვევის წინააღმდეგი არ ვართ, თუ ის ერად ქცევას ლამობს, მითუმეტეს თუ აქვს ერის ნიშნები დღეს, ოღონდ მის ისტორიულ ტერიტორიაზე – ჩრდილოეთ კავკასიაში. თუ ეს ტომები ამას შეიგნებენ, ამოუვიდგებით მხარში , ოღონდ იმ პირობით, რომ აღადგინონ ისტორიული სამართლიანობა, დაგვითმონ ჩვენი მიწა–წყალი და დამკვიდრნენ იქ, საიდანაც მობრძანდნენ.”

ახლა გადავხედოთ  ზვიად გამსახურდიას განცხადებებს უკვე  ხელისუფლებაში მოსვლისა და პრეზიდენტად არჩევის შემდეგ.

fici1991 წ. 27 მაისის პრესკონფერენცია, წინა დღეს შედგა პირველი საპრეზიდენტო არჩევნები, ზვიად გამსახურდია პრეზიდენტად აირჩია ერთიანი საქართველოს ამომრჩევლის 87%–მა. 

  – თქვენი კომენტარი იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში მცხოვრები სომხების აბსოლუტურმა უმრავლესობამ თქვენ მოგცათ ხმა.

ზ. გამსახურდია: სხვათაშორის ის დეზინფორმატორები, აქედან რომ აგზავნიან დასავლეთში ცრუ ინფორმაციას და მოტყუებული ყავთ ჟურნალისტები, რომლებიც აქ მე მისვამენ ასეთ შეკითხვას, როგორიც  თქვენ მოისმინეთ, ავრცელებენ, რომ მე ვარ სომხების მოსისხლე მტერი და ვაპირებ საერთოდ სომხების გენოციდის მოწყობას საქართველოში. თითქოს სომხებს ვჩაგრავ და ყველაზე დაჩაგრული ერი საქართველოში სომხები არიან. როგორც ხედავთ, აი, ამ დაჩაგრულმა სომხებმა, რომელთა მტერიც თურმე ვარ, ხმა მომცეს. ასე რომ, მე მგონი ნათელია რამდენად მართალ ინფორმაციას აგზავნიან აქედან ჩვენი ე.წ. ოპოზიციონრები. იგივე ეხება აზერბაიჯანლებს. ამ ზაფხულში ჩემმა ე.წ. ოპოზიციამ პრაღის კონფერენციაზე მიაღწია რეზოლუციის შექმნას, რომელშიც ეწერა, რომ ჩვენ ვართ ყველა ეროვნული უმცირესობის მტრები და ვაპირებთ მათ გასახლებას საქართველოდან. აგრეთვე, ვიწვევთ ეთნიკურ კონფლიქტებს ყველა ეროვნების წარმომადგენლებთან. სინამდვილეში კი, როგორც ხედავთ, საქართველოს არაქართველმა მოსახლეობამ, ძირითადმა მასამ, დიდმა უმრავლესობამ დამიჭირა მხარი ამ არჩევნებში. აი, ასე გაბათილდა ყველა სიცრუე, რასაც პროვოკატორები მთელ მსოფლიოში ავრცელებენ.

– თქვენ პირველები იყავით  საბჭოთა კავშირში, ვინც ჩაატარეთ მრავალპარტიული არჩევნები და პირველებმავე ჩაატარეთ ძალიან კარგი საპრეზიდენტო არჩევნები. თუ შეიძლება კიდევ რაში უნდა იყოთ პირველები ამ იმპერიაში?

ზ. გამსახურდია: დემოკრატიაში. ადამიანის უფლებების პატივისცემაში და ლოცვაში. და  უნდა ვიყოთ ამ ტოტალიტარულ იმპერიაში დემოკრატიული კუნძული, რომელიც მთელ მსოფლიოს აჩვენებს, თუ რა შეუძლია მთელი ერის, მთელი მოსახლეობის გაერთიანებულ ბრძოლას და ძალისხმევას. ამას ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ.”

უზენაესი საბჭოს სესიაზე ზვიად გამსახურდიას 1991 წლის 11 ივნისის გამოსვლიდან: 

„სახელმწიფო მოწყობას საფუძვლად უნდა დაედოს  მმართველობისა და თვითმმართველობის ისეთი პოლიტიკური პრინციპები, რომლებიც გამორიცხავენ სახელმწიფოსა და  მისი შემადგენელი ნაწილების დაპირისპირებას, დაიცავენ სახელმწიფოს ერთიანობას და ხელს შეუწყობენ რესპუბლიკის სტრუქტურულ ერთეულთა ინტერესების დაცვას. ეროვნულ –სახელმწიფოებრივი მოწყობის ერთ–ერთი აუცილებელი საფუძველი უნდა იყოს აფხაზების, როგორც საქართველოს მკვიდრი ერის პოლიტიკურ უფლებათა აღიარება, ტრადიციული ქართულ–აფხაზური მეგობრობა. აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია. იგი სამშობლოა როგორც ქართველთა, ისე აფხაზთა. საქართველოს რესპუბლიკის მიერ კონსტიტუციურად გარანტირებული იქნება აფხაზეთის პოლიტიკური ავტონომია და აფხაზთა ეროვნული უფლებების ხელშეუხებლობა”

საქართველოს მოსახლეობისადმი პრეზიდენტ გამსახურდიას 12 ივნისის მიმართვიდან ( 1991წ):

„საქართველოში მრავალი ეროვნული წარმომადგენელი ცხოვრობს. საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენის ლოზუნგებმა თავდაპირველად  ისინი შეაშინა. რაც განპირობებული იყო, ერთი მხრივ, არსებული სტატუს –კვოს დარღვევის საშიშროებით, ხოლ მეორე მხრივ, შედეგი კრემლის „ინტერნაციონალისტური“ გაკვეთილებისა. საბედნიეროდ, არაქართველმა მოსახლეობამ სწორად შეაფასა მიმდინარე პროცესების ხასიათი და მიზნები და განუდგა საბჭოთა იმპერიალიზმს. ქართველი ხალხის ისტორიულად ჩამოყალიბებულმა ტოლერანტობამ და რელიგიურმა შემწყნარებლობამ უკვალოდ არ ჩაიარა. სხვა ეროვნების წარმომადგენლები მიხვდნენ, რომ დემოკრატიული, თავისუფალი ქვეყანა მათი კულტურული თუ სოციალური თვითმყოფადობის შენარჩუნების გაცილებით უფრო ძლიერი გარანტი იქნება, ვიდრე საბჭოთა რესპუბლიკა, რომელიც დიდი იმპერიის ერთ–ერთ გეოგრაფიულ პროვინციას წარმოადგენდა. სამწუხაროდ ისეთი ღირებულებები, როგორიცაა ენა, კულტურა, ხალხის კეთილდღეობა, ნაკლებად აწუხებთ ცხინვალის და ჯავის რაიონებში თავმოყრილ ექსტრემისტებს.

ზოგ –ზოგმა პოლიტიკურმა ამბიციებმა დიდი სისხლისღვრა გამოიწვია, რაც თანაბრად სტკენს გულს ყველას, ვისთვისაც  თანასწორუფლებიანობა და კეთილმეზობლობა ლიტონი სიტყვები არ არის. კონფლიქტის მშვიდობიანი, პოლიტიკური გზით გადაჭრის მიზნით საქართველოს უზენაესი საბჭოს ინიციატივით შეიქმნა და თვეზე მეტია კონფლიქტის რაიონებში მუშაობს საპარლამენტთაშორისო კომისია, რომელმაც დასახა სტაბლიზაციის გზები, გამონახა ოს მოსახლეობასთან შეხების წერტილები. გაირკვა, რომ ისინი არანაკლებ შეწუხებულები არიან გაჭიანურებული საომარი მდგომარეობით.”

1991 წ. 27 ივნისი. გაზეთი “ტრუდი.” ამონარიდი აქ გამოქვეყნებული ინტერვიუდან:

ზ. გამსახურდია:„ კრემლს სწორედ ეს გეზი აქვს აღებული ჩემს მიმართ: დეზინფორმაცია, ცილისწამება, კომუნისტური სიცრუე.  სამწუხაროდ, ჯერჯერობით ყოვლისშემძლეა. შემდეგ კი ეს ყოველივე ვრცელდება დასავლეთში. სხვათა შორის, რეფერენდუმის შედეგებიც კი არსად არის ნახსენები. არადა მოსახლეობის 98 %, მათ შორის არაქართველთა უმრავლესობა მხარს უჭერს დამოუკიდებლობას. მათ აგრეთვე მომცეს ხმა პრეზიდენტის არჩევნებში. ყველაფერ ამას  მალავენ და იმავდროულად ავრცელებენ სიცრუეს, თითქოს  ყველა არაქართველს ვასახლებდე საქართველოდან და ლამის გენოციდს ვუწყობდე აქ მცხოვრებ ყველა ეროვნებას. მაგრამ ფაქტები? სად არის ფაქტები? არსად. არის ასეთი ოხუნჯობა“ ნაპოლეონი გაცოცხლებულა და გაზეთი „პრავდა“ რომ წაუკითხავს უთქვამს: „ასეთი გაზეთი რომ მქონოდა, მსოფლიო ვერ შეიტყობდა ვატერლოოსთან ჩემი დამარცხების ამბავსო.“