ტეგები

, ,


„თუ თქვენ გსურთ კარგი ურთიერთობა ჩვენთან, უნდა იქცეთ ნამდვილ დემოკრატებად:  პატივი სცეთ ადამიანის, მცირე ეროვნებების და საკუთარი თავის უფლებებს, არ გაათელინოთ სიტყვის თავისუფლება,”– ამას 1991 წლის ზაფხულის დასაწყისში, თბილისში გამართულ ლექციაზე გვეუბნებოდა ცნობილი ამერიკელი სოვეტოლოგი, ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი და საქართველოს ერთგული მეგობარი რიჩარდ პაიპსი. იმ პერიოდის ქართული პრესა აქტიურად აშუქებდა ამერიკული სტუმრის მიერ თბილისში გამართულ შეხვედრებს, აქვეყნებდა მის მოსაზრებებს, მასთან ინტერვიუებს. მაშინდელი პრესის ფურცლებზე შემონახული ცნობების თანახმად, პაიპსი აღნიშნავდა საქართველოსადმი დასავლეთის პრესის ნეგატიურ განწყობას და ამას ხსნიდა იმით, რომ საქართველოს “წინააღმდეგ მოქმედებენ კგბ და დასავლეთელი ლიბერალები.”  “პაიპს მიაჩნია, რომ საქართველომ საერთაშორისო სარბიელზე ავტორიტეტი უმდა აიმაღლოს დემოკრატიის შეუნელებელი განვითარებით,”– წერდა გაზეთი “დრონი.” მოვიყვანთ ამონარიდს ამავე გაზეთის 1991 წლის ივნისის ერთ–ერთ ნომერში გამოქვეყნებული ინტერვიუდან რიჩარდ პაიპსთან.

„ – ბატონო პაიპს, ჩვენ გვესმის, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს სურს კარგი ურთიერთობები ჰქონდეს გორბაჩოვთან და, თუ ამერიკა დაუჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, ეს შესაძლოა გორბაჩოვთან ურთიერთობების გაუარესების საწინდარი გახდეს. რა როლი შეიძლება შეასრულოს აშშ–მ საქართველოს მხარდასაჭერად?

papრიჩარდ პაიპსი: ეს საკმაოდ ნელი პროცესი იქნება როდესაც მე ვლაპარაკობ ორმაგ პოლიტიკაზე, ვგულისხმობ იმას, რომ პოლიტიკური ურთიერთობა მხოლოდ საბჭოთა მთავრობასთან გვაქვს, მაგრამ ვიწყებთ მუშაობას იმაზეც, რომ გვქონდეს წარმომადგენლობები სხვადასხვა რესპუბლიკებში. ვფიქრობ ეს მოხდება რუსეთში არჩევნების ჩატარების შემდეგ. რუსეთი ხდება სუვერენული ქვეყანა საკუთარი პრეზიდენტით. ვფიქრობ, ჩვენ გვექნება არა დიპლომატიური, არამედ არაოფიციალური წარმომადგენლობა, მსგავსი იმისა, რაც ტაივანში გვაქვს. ჩინეთის მთავრობამ დაუშვა ამგვარი წარმომადგენლობის არსებობა, მიიჩნია იგი დამაკმაყოფილებლად. ალბათ, ეს იქნება პირველი ნაბიჯი დიპლომატიური ცნობისკენ.

– მიგაჩნიათ თუ არა სსრკ ზესახელმწიფოდ?

რიჩარდ პაიპსი: სსრკ არის ზესახელმწიფო თავისი ბუნებით, იგი ზესახელმწიფოა თავისი მოსახლეობით, მას უკავია გეოგრაფიულად უზარმაზარი ტერიტორია, დედამიწის ხმელეთის ნახევარი. ასე რომ, ამ მნიშვნელობით იგი შეიძლება ჩაითვალოს ზესახელმწიფოდ. იგი არ არის ზესახელმწიფო იმ მნიშვნელობით, რადაც წლების მანძილზე სურდა თავის მოჩვენება. მე არასოდეს არ მივიჩნევდი მას ზესახელმწიფოდ. იგი ზესახელმწიფოა მხოლოდ თავისი ბირთვული არსენალის წყალობით.

– როგორ ფიქრობთ, ხომ არ გააგრძელა ე.წ. „პერესტროიკამ” საბჭოთა კავშირის დაღუპვის წინარე აგონია?  ხომ არ დაინგრეოდა სისტემა აქამდე „პერესტროიკა“ რომ არ ყოფილიყო?

რიჩარდ პაიპსი: ჩემი აზრით პირიქით, მან დააჩქარა პროცესი. ძველი სისტემა კიდე გაძლებდა წლების მანძილზე. გორბაჩოვმა დაიწყო მისი შეკეთება და აღმოჩნდა, რომ  ყველაფერი დაინგრა. იგი ცდილობდა განემტკიცებინა სისტემა, პირიქით კი აღმოჩდა, მან დააჩქარა სისტემის ნგრევა.

– და თუ ასეა ხომ არ თვლით, რომ “პერესტროიკა” გამოვიდა მისი კონტროლიდან და ამჟამად გორბაჩოვი უფრო ეხმიანება მოვლენებს, ვიდრე ქმნის მათ? ეს ხომ არ არის მიზეზი იმისა, რომ იგი ყოველთვის დაგვიანებით მოქმედებს?

რიჩარდ პაიპსი: დიახ, მან სწრაფად  დაკარგა კონტროლი “პერესტროიკაზე.” მე არ მგონია, რომ მას თავად კარგად ესმოდა რას აკეთებდა, როცა ქვეყნის მმართველობას  ჩაუდგა სათავეში. მას წარმოდგენა არ ჰქონდა, როგორ განვითარდებოდა მოვლენები. ნამდვილად სჯეროდა რომ შეძლებდა სისტემის შეკრებას და ამით ყველაფერი გამოსწორდებოდა.”

და ისევ 1991 წლის ივნისის  დრონი”, ამონარიდი  სტატიიდან, რომელსაც ხელს აწერს “ა.გ.” ( სავარაუდოდ გაზეთის რედაქტორი). საინტერესო ტექსტია იმაზე წარმოდგენის შესაქმნელად, თუ როგორც ჩანდა საქართველოდან დამოუკიდებლობისთვის  მებრძოლი საბჭოთა რესპუბლიკებისადმი დასავლეთის დამოკიდებულება, რიჩარდ პაიპსის მაშინდელი მოსაზრებების გათვალისწინებით.

„მსოფლიოში ერთ–ერთი უპირველესი ანტიკომუნისტის, სოველტოლოგის, ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორის რიჩარდ პაიპსის ჩამოსვლა საქართველოში, პრეზიდენტის არჩევნების დღეს, შემთხვევითი არ ყოფილა. 1990 წლის 28 ოქტომბრის შემდეგ საქართველოსა და მოსკოვის ურთიერთობა საგრძნობლად შეიცვალა. თუმცა, მოსკოვი გარეგნულად რეაქციას აღარ ახდენს რესპუბლიკების მიერ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტთან დაკავშირებით. მისთვის მტკივნეული და შეურაცხმყოფელია  რესპუბლიკების ანტიკომუნისტურ მთავრობებთან ურთიერთობა. მას სულ უფრო მეტად უჭირს რკინის მუშტის მოშველიება „ურჩ“ რესპუბლიკებთან ჭიდილში, რომლებიც, ფაქტობრივად, აღარ ცნობენ თავიანთ ტერიტორიებზე ცენტრის კანონებს და საკუთარი სახელმწიფოებრიობის ინსტიტუტებს ქმნიან. ეს იქნება ეროვნული ატრიბუტიკა და სიმბოლიკა, თუ ეროვნული გვარდია.

ყოველკვირეულმა „მეგაპოლის ექსპრესმა“ ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების, საკრებულოების არჩევნებს საბჭოთა ხელისუფლების პანაშვიდი  უწოდა. გავიხსენოთ რიჩარდ ნიქსონის ვიზიტიც. ბალტიისპირეთის პრესაში გამოქვეყნებულ მის ერთ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ საბჭოთა კავშირს ყველაზე მალე თავს დააღწევს ორი რესპუბლიკა – საქართველო და ლიტვამ, რადგან ეს ქვეყნები ყველაზე მეტად ესწრაფვიან თავისუფლებას.

ეს პოზიტიური და კეთილგანწყობილი დამოკიდებულება დღევანდელ საქართველოსადმი სათავეს იღებს ჩვენი ერის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის გარიჟრაჟზე. სხვათაშორის, საქართველის უახლესი ისტორიის ერთ – ერთი მკვლევართაგანია  რიჩარდ პაიპსი. მისმა ამასწინანდელმა სააჯარო ლექციამ თბილისის უნივერსიტეტში საზოგადოების ძალზე დიდი ინტერესი გამოიწვია. პაიპსი ბევრ პრობლემურ საკითხს შეეხო, ვრცლად გაანალიზა საბჭოთა იმპერიის კრახი და მისი გამომწვევი მიზეზები, თუმცა, კომპეტენტურ აუდიტორიას არ დაუმალა, რომ დასავლეთის წამყვანი სახელმწიფოების პოლიტიკურ და საქმიან წრეებს ურჩევნიათ არსებობდეს მოდერნიზებული იმპერია, ვიდრე არასტაბილური თხუთმეტი ქვეყანა. თუ რატომ, ამას თავისი ახსნა აქვს. პაიპსმა ისიც გაიხსენა, რომ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა, ჩვენი ახალგაზრდა დემოკრატია და დამოუკიდებლობა იმსხვერპლა საბჭოთა რუსეთისა და ინგლისის გარიგებამ, რომელმაც რუსეთს  ხელ–ფეხი შეუხსნა  საქართველოს დასაპყრობად.  ძნელია იმ აზრთან შეგუება, რომ პატარა ქვეყნები, თუნდაც უდიდესი კულტურის მქონენი, დიდი სახელმწიფოების გეოპოლიტიკურ ინტერესს ეწირებიან, მაგრამ, საუბედუროდ, ასეც ხდება ხოლმე. შემთხვევითი არ არის, რომ ბალტიისპირეთის რადიკალურად განწყობილი ქვეყნების მუდარას დასავლეთის დიდი სახელმწიფოები დიპლომატიური ეტიკეტის ყველა წესის დაცვით ისმენენ, მაგრამ, ჯერჯერობით, ხელს მოსკოვისკენ იშვერენ.: მათი აზრით, ბალტიისპირელების ბედი უნდა გადაწყდეს არა იმდენად ვაშინგტონსა თუ ლონდონში, რამდენადაც მოსკოვში.”