ტეგები

, ,


1991 წლის აგვისტოს ბოლოს პრეზიდენტ გამსახურდიას პრეს–ცენტრი  თენგიზ სიგუას ბრალდებებს გამოეხმაურა, მათ შორის ბრალდებებს პრივატიზაციის განზრახ გაჭიანურებისა და კოოპერატივების წინააღმდეგ მოქმედებასთან დაკავშირებით: „სიგუა პროვოკაციულად სდებს  ბრალს პრეზიდენტს, თითქოს იგი გამოვიდა კოოპერატივების, ერთობლივი საწარმოების, ბირჟების წინააღმდეგ. საბედნიეროდ არსებობს ჩანაწერი სესიაზე პრეზიდენტის გამოსვლისა, სადაც პრეზიდენტმა შეუტია ისეთ კოოპერატივებს, რომლებიც არაფერს აწარმოებენ და წარმოადგენენ პარაზიტებს სახელმწიფო სასურსათო საწყობებისას, რის შედეგადაც იძარცვება ხალხი, ცარიელდება მაღაზიები, ადამიანები ვეღარ ღებულობენ თავიანთ კუთვნილს. მწარმოებელ კოოპერატივებს სახელმწიფო ყოველთვის ეხმარებოდა, ზოგიერთი ერთობლივი საწარმო კი, მართლაც, არაფერს აძლევს რესპუბლიკას ზარალის გარდა. აი, თურმე რა მოსწონთ თ. სიგუას და ძმათა მათთა: უნდა მივუშვათ თავის ნებაზე საეჭვო კოოპერატივები, კომერციული მაღაზიები, ერთობლივი საწარმოები, ვინაიდან ეს საუკეთესო გზაა მოსახლეობაში უკმაყოფილების დათესვისა და ხალხის ამხედრებისა პრეზიდენტის წინააღმდეგ… სიგუა ატყუებს საზოგადოებას, თითქოს, საქართველოს ხელისუფლება არ აპირებდეს პრივატიზაციას, ვითომ „არ იცის“, რომ პრივატიზაციას სჭირდება საკანონმდებლო საფუძველი, პრივატიზაციის კანონი კი ეს–ესაა მიიღო პარლამენტმა.”

საინტერესოა, თუ  რა განცხადებები კეთდებოდა მანამდე, როგორ წარმოედგინა პრეზიდენტ გამსახურდიას საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლა, როგორ აყალიბებდა ის დიდი პრივატიზაციის დაწყების გეგმას. 

ზ.გამსახურდიას გამოსვლა უზენაეს საბჭოში 1991წლის 7 ივნისს:  „ სახელმწიფო ეკონომიკაში უნდა ჩაერიოს იმ საზომით, რომელიც აუცილებელია ქვეყნის ერთიანი პოლიტიკური და სოციალ–ეკონომიკური ინტერესების დაკმაყოფილებისა და სამეწარმეო საქმიანობის განვითარებისთვის. სახელმწიფო მონოპოლისტური სისტემის ლიკვიდაცია ძალზე მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს პრობლემის მხოლოდ ერთი მხარეა. არანაკლები მნიშვნელობა აქვს ისეთი ეკონომიკური  სისტემის შექმნას, რომელიც პასუხობს ადამიანთა მოთხოვნილებებს. ასეთად სოციალური საბაზრო მეურნეობა მიგვაჩნია. იგი ანსახიერებს ამ უმნიშვნელოვანეს სოციალურ ფასეულობებს – თავისუფლებას, ეფექტიანობას და სოციალურ თავისუფლებას. მის პირობებში ერთმანეთთან შეხამებულია თავისუფალი შრომის და სოციალური უფლებების გარანტიები – საკუთრებისადმი პატივისცემა და საზოგადოებრივი სარგებლიანობა, თავისუფალი მეწარმეობა და  კეთილსინდისიერი კონკურენცია.

სოციალურ საბაზრო მეურნეობაზე გადასვლას გარკვეული დროს სჭირდება და თანაც პოლიტიკური სიტუაციის გაუმჯობესება. ჩვენ გვესმის რომ გარდამავალი პერიოდის პირველ ეტაპზე შეიძლება მოხდეს წარმოების მოცულობის დროებითი შემცირება, მაგრამ ეს არის ჩვენი საზღაური 70 წლიანი ტოტალიტარული სისტემისგან გასათავისუფლებლად, რადგან მხოლოდ ეს გზა იძლევა თავისუფალი დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბებისა და საქართველოს ეკონომიკური აღმავლობის შესაძლებლობას. ამავე დროს, ჩვენი მიზანია ეს გადასვლა განხორციელდეს მინიმალური დანაკარგებით, რადგან დგება საქართველოს გათავისუფლების ჟამი და იგი არ უნდა ასოცირდებოდეს უმუშევრობასთან ან ინფლაციასთან.

ეკონომიკის მძიმე, კრიზისული მდგომარეობის ერთ–ერთი მიზეზია საქართველოსთვის თავსმოხვეული დეფორმირებული საკუთრებითი ურთიერთობების სისტემა. წარმოების საშუალებები ფაქტიურად მთლიანად სახელმწიფოს  საკუთრებაში იმყოფება. ამიტომ ეკონომიკური რეფორმის მთავარ ამოცანა საკუთრების სხვადასხვა ფორმების და სახეების თანასწორუფლებიანობის უზრუნველყოფაა. ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით თანაბარი სასტარტო პირობები შევუქმნათ ყველას, რათა პრივატიზაციის შედეგებით ისარგებლონ  ნამდვილად სამეურნეო და მეწარმეობის უნარის მქონე პირებმა.

პრივატიზაცია ჩვენ გვესმის, როგორც საქონლისა და მომსახურების გადაცემის სტრატეგია, რომელიც ორგანიზებულია სახელმწიფო საწარმოებში, კერძო კომპანიების ხელში მთავრობის ხარჯების შემცირებისა და იმ უპირატესობის გამოყენების მიზნით, რომელსაც  იძლევა საბაზრო სისტემა ( რონალდ რეიგანი), უპირველეს ყოვლისა უნდა ჩატარდეს საქართველოში ეროვნული სიმდიდრის ინვენტარიზაცია, მოხდეს მისი სწორი შეფასება, რაც განსაზღვრავს, თუ სახელმწიფო ქონების რა ნაწილი, რა სფეროები და როგორი თანმიმდევრობით გადაეცეს კერძო სექტორს. პრივატიზციასთან ერთად უნდა ჩატარდეს ბიუჯეტური დეფიციტის აღმოფხვრის მკაცრი ზომები და კრედიტის შეზღუდვა, თავისუფალ ფასებზე გადასვლა და საზღვარგარეთული ინვესტიციების მოზიდვა. ყოველივე ეს კი წარმოადგენს ეკონომიკის გაჯანსაღების ერთადერთ წინაპირობას. პრივატიზაციის განხორციელება საშუალებას მოგვცემს არა მარტო შევამციროთ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაუმართლებელი ხარჯები, რომლებიც მიმართული იყო ზარალიანი საწარმოებისა და ორგანიზაციების შესანახად, არამედ ხელს შეუწყოს მოსახლეობიდან გადავადებული მოთხოვნის სახით ფულადი სახსრების ამოღებას ბიუჯეტის სასარგებლოდ. ამით შემცირდება აჟიოტაჟური მოთხოვნა სამომხმარებლო ბაზარზე და  ურთიერთშესაბამისობაში მოვა მოთხოვნა და მიწოდება.”

აქვე მოვიყვანთ 1991 წლის 28 ივნისის პრესკონფერენციაზე გაკეთებულ განცხადებას.

ზ. გამსახურდია: „ მცირე სახით პრივატიზაცია უკვე ხორციელდება საქართველოში: მაღაზიების, პატარა საწარმოების და ქარხნების გარკვეული ნაწილი კერძო საკუთრებაში გადადის, უფრო მასშტაბურად, ერთბაშად შეუძლებელია  განხორციელდეს. ყველაფერი საფუძვლიანად უნდა მომზადდეს. საამისოდ აუცილებლია გამოვეყოთ საბჭოთა კავშირს. ახლა ჩვენ საბჭოთა ეკონომიკასთან მჭიდროდ ვართ დაკავშირებული, ჩვენ უნდა გავწყვიტოთ ყველა ეს კონტაქტი და  ჩამოვაყალიბოთ ახალი ეკონომიკური სისტემა, დამოუკიდებელი ეკონომიკა, მაგრამ მეურნეობა რომ განვითარდეს და ხალხის დაინტერესებაც რომ გაიზარდოს, საჭიროა სრული პრივატიზაცია.”