ტეგები

, ,


soxumi

1991 წლის ივნისი იდგა. მთელ საბჭოთა კავშირში და მათ შორის საქართველოში  ეკონომიკური და სოციალური ვითარება უკიდურესად მძიმდებოდა. გაზეთი “ლიტერატურული საქართველო” აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეზე დაყრდნობით აფხაზეთში შექმნილ კრიზისზე წერდა: “აფხაზეთის სახალხო მეურნეობა პარალიზებულია. სახელმწიფო საწარმოები სსრკ– დან ნედლეულს აღარ ღებულობენ. თუ რამე შემოდის, იმასაც კოოპერატივები იტაცებენ. მთლიანად ჩავარდა სასურსათო წარმოება. მაგალითად, სოხუმის საკონდიტრო ფაბრიკა ფუნთუშებსღა აცხობს. სამშენებლო მასალების მოუწოდებლობის გამო შეჩერებულია ბინათმშენებლობა. სოფლად კატასტროფულად შემცირდა საქონლის სულადობა. ძალზე იკლო თამბაქოს წარმოებამ. ბუნებრივიცაა, ეს ხომ კატორღული შრომაა, ანაზღაურება კი  – გროშები. სახელმწიფო გლეხებისგან ერთ კილოგრამ „სამსუნს” ათ მანეთად ყიდულობს და ამ ერთი კილოგრამი თამბაქოდან უშვებს 100 კოლოფ სიგარეტს.  მერე გლეხი მიდის და ბოშებისგან 5 მანეთად  ყიდულობს კოლოფს.

სანაპიროს ეკოლოგიური ვითარება  სავალალო ხდება. კოოპერატიევბის უსისტემო მშენებლობამ კი ლამის არარაობად აქციოს ზღვის ეკოლოგიური სისუფთავისთვის მებრძოლთა შრომა.

რაც შეეხება საკურორტო „ინდუსტრიას“, – წელს მისი მოგება თითქმის ნულის ტოლი იქნება, რადგან აქ დამსვენებელი აღარ მოდის.”

1991 წლის 6–10 ივნისის “ლიტერატურული საქართველო” ეხმაურებოდა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან გამოყვანილი მედესანტეების ნაწილის აფხაზეთში გადმოსროლის ფაქტს:  „აღმოსავლეთ ევროპელმა“ მედესანტეებმა უკვე  დაარღვიეს აფხაზეთის ასსრ კონსტიტუცია, სოხუმის შუქურასთან ( „მაიაკთან“) დისლოკაციის პუნქტის  შესასვლელთან არმიელებმა აბრა გააკრეს, რომელზედაც მხოლოდ რუსულ და ქართულ ენებზე აწერია: „შეჩერდი, გესვრი!“ როგორც ჩანს, სტუმრებმა არ იციან, რომ აფხაზეთში სამი სახელმწიფო ენაა : აფხაზური, ქართული და რუსული.”