ტეგები

, ,


26-arch1991 წლის 26  მაისს ერთიან საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. ეს იყო პირველი, დემოკრატიული საპრეზიდენტო არჩევნები. ამ არჩევნებში ზვიად გამსახურდიას აქტიური ამომრჩევლის 87.03 პროცენტმა დაუჭირა მხარი. ოფიციალური შედეგების მიხდევით: 7.17 პროცენტმა ვალერიან ადვაძეს დაუჭირა მხარი, 1.58 პროცენტმა ჯიმი მიქელაძეს, 1.14 –მა ნოდარ ნათაძეს, 0.88 პროცენტმა ირაკლი შენგელაიას,  0.25 –მა კი თამაზ კვაჭანტირაძეს.  ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 594 810 იყო. არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 2 978 247 –მა .

გავიხსენოთ როგორი იყო პირველი საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, მის სხვადასხვა ქალაქებსა და რაიონებში. “დამოუკიდებლობის გაკვეთილებისთვის” შეიკრიბა იმ 26 მაისს  გაზეთ ‘საქართველოს რესპუბლიკისთვის” დაწერილი რეპორტაჟები. 

                                                   თბილისი

„26 მაისს საქართველოში, რომელმაც ამ ბოლო სამოცდაათი წლის მანძილზე პირველად ოფიციალურად აღნიშნა სახელმწიფო დღესასწაული – თავისი დამოუკიდებლობის დღე, გაიმართა რესპუბლიკის პრეზიდენტის პირველი საყოველთაო არჩევნები. აქტიურობა იგრძნობოდა დედაქალაქის ყველა უბანში. საქმიანად, მაღალფარდოვანი ლოზუნგების გარეშე დაიწყეს ამომრჩევლებმა ხმის მიცემა თბილისის საბურთალოს რაიონის 15 –ე საარჩევნო ოლქში. კომისიის წევრები შეეცადნენ ხალხი დიდხანს არ მდგარიყო რიგში.

„ჩვენს უბანში სულ 3005 ამომრჩეველია,” – ამბობს საუბნო კომიიის თავმჯდომარე გიორგი მახარაძე.  –”კენჭისყრა მიმდინარეობს ზუსტად კანონის შესაბამისად. არავითარი გაუგებრობა არ ყოფილა და ვიმედოვნებ არც იქნება. „თავმჯდომარის აზრი დაადასტურეს მეთვალყურეებმაც: ილია ჭავჭავაძის საზოგადოებიდან ალექსანდრე სუხიშვილმა, პოლიტიკური ბლოკის „თავისუფლებისა“ ნატო დანგაძემ და სხვებმა

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დიდი ხანია შეეჩვიენ არანორმირებულ სამუშაო დღეს, სხვაგვარად ვერ მოხერხდება ამ დიდი მოცულობის სამუშაოს დაძლევა. ამჯერად ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მრავალნი ადგილზე არ აღმოჩდნენ. უმრავლესობა საქართველოში ჩამოსულ უცხოელ მეთვალყურეებთან ერთად საარჩევნო უბნებზე იყვნენ.  ახლაც ბლომად იყვნენ მეთვალყურეები. ისინი ჩამოვიდნენ აშშ–დან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან, ავსტრიიდან, ფინეთიდან, ჰოლანდიიდან, ბელგიიდან, ჩეხოსლოვაკიიდან, აგრეთვე მოსკოვიდან, ლენინგრადიდან, ბალტიისპირეთის რესპუბლიკებიდან და ა. შ. მეთვალყურეებს არავინ თავს არ ახევდა ობიექტებს, სადაც უნდა მისულიყვნენ. ისინი თავად ირჩევდნენ საინტერესო რეგიონებს.

და მაინც, შემცირებული შემადგენლობითაც კი, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ღირსეულად შეასრულა არჩევნების მთავარი შტაბის ფუნქცია. აქ დილიდანვე მოდიოდა მთელი ინფორმაცია ადგილებიდან კენჭისყრის მიმდინარეობის შესახებ. ტელეფონით გაისმოდა შეკითხვები, რომლებიც მოითხოვდა სასწრაფო პასუხებს, ამა თუ იმ წამოჭრილ პრობლემებზე საკონსულტაციოდ.

ამ დღეს რესპუბლიკაში მოქმედებდა 3 ათასამდე საარჩევნო უბანი, ისინი არ შექმნილა მხოლოდ  ქალაქ ტყვარჩელში, აგრეთვე ქალაქ ცხინვალისა და ჯავის რაიონებში, სადაც არ იყო არჩევნების ორგანიზებული მოწყობის პირობები.”

                                                          სოხუმი

„დილაადრიან ქალაქ სოხუმის ქუჩებში ხალხმრავლობა და სადღესასწაულო ატმოსფერო soxსუფევდა. ამომრჩევლები ჯგუფ–ჯგუფად მიემართებოდნენ საარჩევნო უბნებისკენ, რათა ხმა მიეცათ დამოუკიდებელი საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტობის კანდიდატებისთვის.

სოხუმის 57–ე საარჩევნო უბანი სტუმართმოყვარულად გაიღო, ასე იყო 102–ე უბანშიც.

აი, რა განაცხადა საოლქო საარჩევნო კომიიის თავმჯდომარემ ზინაიდა დიხამინჯიამ: ქალაქ სოხუმში საარჩევნო სიებში შეტანილი 72701 ამომრჩევლიდან კენჭის საყრელად გამოცხადდა 64,5 პროცენტი, აქედან პრეზიდენტობის კანდიდატს ზვიად გამსახურდიას 91. 6 –მა  პროცენტმა მისცა ხმა.

აღმავლობით მიმდინარეობდა არჩევნები გულრიფშის რაიონშიც. მაღალმთიანი სოფლის – წებელდას – საარჩევნო უბანში დილაადრიან ერთ–ერთი პირველი მივიდა 85 წლის ილიკო გაბისონია. მან ხმამაღლა განაცხადა: მე ხმას ვაძლევ ზვიად გამსახურდიას. ეს კანდიდატურა მიმაჩნია ყველაზე რეალურად. მჯერა რომ ღირსეულად წარუძღვება ჩვენს მრავალეროვან რესპუბლიკას და საბოლოო გამარჯვებამდე მიიყვანს.

სოფელ განახლების საარჩევნო უბანში ქართველების და სომხების გვერდით არჩევნებში მონაწილეობა მიიღეს აფხაზებმა: ოთარ აბუხბამ, შალვა აგრბამ  და სხვებმა.

ჩვენ დავათვალიერეთ საარჩევნო უბნები, სადაც კომისიის წევრებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ არჩევნებში ქართველებთან ერთად აქტიურად მონაწილეობდნენ რუსები, სომხები, ესტონელები, ბერძნები და აფხაზი მოსახლეობის წარმომადგენლები.

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის არჩევნებში აფხაზეთში, საარჩევნო სიებში სულ შეტანილი იყო 339 ათასზე მეტი მოქალაქე. წინასწარი მონაცემებით, საარჩევნო უბნებში გამოცხადდა და მონაწილეობა მიიღო ამომრჩევლის 60 პროცენტზე მეტმა, აქედან ზვიად გამსახურდიას ხმა მისცა 93.6 პროცენტმა.”

                                                        ბათუმი

„ჯერ კიდევ არჩევნების წინა დღეს ქალაქ ბათუმის საარჩევნო უბნებში დიდი აქტიურობა იგრძნობოდა. საარჩევნო კომისიის წევრები შეეცადნენ ყველაფერი გაეკეთებინათ, რომ ყოველ ამომრჩეველს გულის კარნახით გადაეწყვიტა პრეზიდენტობის რომელ კანდიდატს მიცემდა ხმას. აი, დადგა ეს დღე, საქართველოს ისტორიაში პირველი პრეზიდენტის საყოველთაო არჩევნების დღე.

“ამომრჩეველთა სია ჩვენთან დიდი არაა.  1300–ს აღემატება,”– ამბობს 4–ე საარჩევნო უბნის თავმჯდომარე სერგო ბაზიაშვილი. “– აქ  ყველა ვერ შეძლებს მოსვლას. ხანდაზმულებს და ავადმყოფ ამომრჩევლებს თავად ვეწვევით, მივცემთ შესაძლებლობას ადგილზე გააკეთონ თავიანთი არჩევანი.”

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბათუმის ფილიალის პირველი კურსის სტუდენტ დავით ჩაგანავასთვის ეს არჩევნები პირველია ცხოვრებაში: ” დარწმუნებული ვარ, ღირსეული პრეზიდენტის არჩევა უზრუნველყოფს მთელი ძალების კონსოლიდაციას საქართველოს მოსახლეობის საერთო ინტერესებისთვის ბრძოლაში,” – თქვა მან.

არჩევნების მიმდინარეობის შესახებ პირველი ცნობები საქალაქო საარჩევნო კომისიაში დილის 10 საათიდან მოდიოდა. აი. მონაცემები არჩევნების შედეგების შესახებ, რომელიც მისმა თავმჯდომარემ იური ბიბილეიშვილმა წარმოგვიდგინა: საერთო სიაში შეტანილი იყო 85.061 ამომრჩეველი. კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 64007 კაცმა ანუ 75.2 პროცენტმა. ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა: ზვიად გამსახურდია – 77.1, ირაკლი შენგელაია – 1.3, ჯემალ მიქელაძე – 3.6, ვალერიან ადვაძე – 15.5, თამაზ კვაჭანტირაძე – 0.5, ნოდარ ნათაძე – 2 პროცენტი.

ორგანიზებულად ჩაიარა არჩევნებმა აჭარის რაიონებშიც.”

                                                        რუსთავი

26-ar1„საარჩევნო უბნები ხალხით გაივსო ხმის მიცემის დაწყებამდე კარგა ხნით ადრე. მოდიან სახეგაბადრული, კმაყოფილების გრძნობით გამსჭვალული ადამიანები, ისინი, ვინც შვიდი ათეული წელი მოტყუებული და დამცირებული იყვნენ, არჩევნებში ფორმალურად მონაწილეობდნენ, მათ ხმას ანგარიშს არავინ უწევდა. სასურველი ციფრი 99.99 პროცენტი წინასწარ იყო გამზადებული.

ჩვენ პირველ საარჩევნო უბანში ვიმყოფებით, იგი ქალაქის ცენტრში, კულტურის სასახლეშია მოთავსებული.

ასაკოვანი კაცი ვარ, ოთხ ათეულ წელზე მეტია რუსთავში ვცხოვრობ და ასეთი დღე არ მახსოვს,” – ამბობს ომისა და შრომის ვეტერანი, რუსთავის პირველი საშუალო სკოლის ყოფილი დირექტორი, ამჟამად საწამოოო გაერთიანება ‘აზოტის“ კეთილმოწყობის საამქროს უფროსი კოტე ჯოლია. “– რა ბედნიერი სიბერე მაქვს, ჩემს სიცოცხლეში პირველად მივეცი ხმა ჩემს სასურველ ადამიანს.ეს საიდუმლო როდია, ეს გახლავთ ზვიად გამსახურდია. კაცი თავის სამშობლოზე უსაზღვროდ შეყვარებული, უდიდესი მებრძოლი, პოლიტიკოსი. მისი პროგრამა გეგმაზომიერად ხორციელდება. ჩვენ მას ვენდობით

ბერძენმა ქალმა ჟენია ბუდაღოვამ თქვა: “საქართველოს დამოუკიდებლობისაკენ ერთნაირად მივისწრაფით ქართველებიც და არაქართველებიც.  დავრწმუნდით , რომ ამ უდიდეს სიმაღლეს დავიპყრობთ, თუ წინამძღოლად ზვიად გამსახურდია გვეყოლება.”

                                            საჩხერე – ჭიათურა

“მიწისძვრით დაზარალებული ამომრჩევლები, 26 მაისს ერთსულოვნად დარაზმულნი, ზოგი ძაძებით, მაინც სიყვარულის და  სიხარულის დიდი გრძნობით აძლევდა ხმას ჩვენი რესპუბლიკის პრეზიდენტობის კანდიდატს ბატონ ზვიად გამსახურდიას, რომელიც ერთ–ერთი პირველი ჩამოვიდა იმ ავბედით დღეებში მიწისძვრით დაზარალებულ საჩხერესა და ჭიათურაში. ზვიად გამსახურდიას პირადი დამსახურებაა ის უპრეცედენტო შემთხვევა არათუ კავშირის ისტორიაში, არამედ სხვაგანაც, როცა გადაწყდა, რომ საქართველოში შეწყდება ყოველგვარი სამშენებლო სამუშაოები, სანამ არ აღადგენენ მიწისძვრით დანგრეულ და დაზიანებულ ნაგებობებს. მან ქვეითად მოიარა დანგრეული რეგიონები და უსამძიმრებდა მოსახლეობას ამ დიდ ტრაგედიას. ასეთი თანადგომა და მათი სატკივარის გაზიარება მოსახლეობას არ უგრძვნია სხვა კანდიდატებისგან. ამან განაპირობა ის დიდი სიყვარული და მხარდაჭერა, რომელიც ზვიად გამსახურდიამ დაიმსახურა. საჩხერის რაიონის საარჩევნო უბნებში გამოცხადებული 27796  ამომრჩევლიდან მას ხმა მისცა 25565 –მა, ანუ 92 პროცენტმა, ხოლო ჭიათურის საარჩევნო უბნებში გამოცხადებული 37740 ამომრჩევლიდან მას ხმა მისცა 32433 კაცმა ანუ 86 პროცენტმა.

საჩხერის და ჭიათურის მიწისძვრით დაზარალებული, შრომაში მუხლმოუდრეკელი, 70 წლის მანძილზე გაუხარელი მოსახლეობა ერთსულოვნად უჭერს მხარს ჩვენი რესპუბლიკის ეროვნულ პარლამენტს და პრეზიდენტს გამსახურდიას.”