ტეგები

, ,


მერაბ მამარდაშვილის გარდაცვალებიდან ერთი წელი იყო გასული, როცა ერთ–ერთმა mamardashviliქართულმა გაზეთმა ( ეს იყო გაზეთი „მამული“) გამოაქვეყნა 1990 წლის ნოემბრის დასაწყისში ჩაწერილი მისი ინტერვიუ, რასაც ასეთი წინასიტყვაობა დაურთო: „გვჯერა, რომ საქართველოსთვის მერაბ მამარდაშვილის აღმოჩენა ჯერ კიდევ წინ არის. ჩვენ კი, მისმა თანამედროვეებმა, ვინც ვერ მოვუფრთხილდით მას, ეგებ იმით მაინც გამოვხატოთ ჩვენი პატივისცემა და მადლიერება დიდი მოქალაქისა და მეცნიერისადმი, რომ ქუჩას, რომელზედ ის ცხოვრობდა, ვუწოდოთ მისი სახელი. მიგვაჩნია, რომ ამ ინტერვიუში გამოთქმული მოსაზრებები დღესაც აქტუალურია.“

25 წელი გავიდა. ვიხსენებთ ინტერვიუს, რომელში გამოთქმული მოსაზრებებიც დღესაც აქტუალურია. ამჯერად ინტერვიუს მხოლოდ ერთ ნაწილს შემოგთავაზებთ. მასში მერაბ მამარდაშვილი მაშინდელ ინტელიგენციას ხალხის მანკიერი ჩვევებით თამაშის გამო საყვედურობს და ხსნის იაკობ გოგებაშვილის იდეას „ახალი ქართველის“ შექმნის თაობაზე, ამ იდეის განხორციელების სასიცოცხლო მნიშვნელობაზე საუბრობს.

„მე ვფიქრობ, რომ არც რუსთაველის საზოგადოებამ, არც ილია ჭავჭავაძის საზოგადოებამ და არც მთლიანად არაპოლიტიკურმა ინტელიგენციამ არ შეასრულა თავისი ფუნქცია და როლი, რომელიც სრულებით არ მდგომარეობს მასში, რომ გაჰყეფოს კომპარტიას და ამით იდისიდენტოს. მისი ვალია დაინახოს გადაგვარების პროცესები ერში, უთხრას ეს ხალხს, მოუხმოს განწმენდის გზისკენ, რაღაც იარაღი მისცეს ამისთვის.

მე, რა თქმა უნდა, სულიერ, საზოგადოებრივ იარაღს ვგულისხმობ.. სად არის ქართული სიბრძნე? პოლიტიკოსის, დიპლომატის, მეომრის სიბრძნე? ვერ გავუმკლავდებით რუსულ ჯარს და გავუმკლავდებით მხოლოდ მეორე ქართველს. რაც უკვე ხდება სამწუხაროდ.

ქართველმა ინტელიგენციამ არ გამოიყენა ბოლო ხუთი წელი, რათა სიმართლე ეთქვა თავისი ერისთვის, როცა მინიმალური საშუალება გაჩნდა საჯარო სიტყვის თქმისა. ერთია, როცა შენ თვითონ, შენს ვიწრო წრეში ამუშავებ რაღაც აზრს და სხვაა, როცა გეძლევა საჯარო ასპარეზზე გამოსვლის საშუალება.. იმის მაგივრად, რომ შებრძოლებოდა უკვე ფეხმოკიდებულ მავნე ჩვევებს ქართველი ხალხისას: ყალბად გაგებულ პატრიოტიზმს, ჩამორჩენილობას, საკუთარ თავში შეყვარებას, ამპარტავნებას, რწმენას, რომ ყველაზე კარგები, ჭკვიანები, ლამაზები ვართ და სხვა არავინ გვჭირდება, ინტელიგენცია ეთამაშებოდა ხალხის მანკიერ ჩვევებს, ნაცვლად იმისა, რომ შეესრულებინა ფუნქცია, რომელსაც მე–19 საუკუნის ქართულ კულტურაში ჩაეყარა საფუძველი და იაკობ გოგებაშვილმა გამოხატა სიტყვებით „ახალი ქართველის“ შექმნა.

ი. გოგებაშვილი ოცნებობდა, რომ დაიბადებოდა და  განვითარდებოდა ტიპი IAKOBIქართველი კაცისა –თავისუფლისა თავკერძობისგან, პროვინციული ტრაბახისა და პოზიორობისგან. ამ პრობლემის გადაჭრის  გზაზე საქართველო დადგა მე–20 საუკუნის დასაწყისში, მაგრამ, ერთის მხრივ, ამ იდეის მატარებლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ სოციალ–დემოკრატები და სხვები, მეორე მხრივ, თავად  ნაწილი ხალხისა მოხიბლა ინტერნაციონალისტურკლასობრივმა თეორიამ, სოციალიზმის პრინციპმა, სწორედ, განაწილების სისტემით და ყალბი ლოზუნგით, რომლის თანახმად სოციალიზმი და მოწინავე ევროპა ხალხის წარმოსახვაში ემთხვეოდა ერთმანეთს. ეს დიდი შეცდომა იყო, მაგრამ არა მარტო ქართველები შეცდნენ, ასე შეცდა ბევრი სხვა ხალხიც… „ახალი ქართველის“ პრინციპის ნაცვლად გაბატონდა კლასობრივი პრინციპი, ამიტომაც მოკლეს ილია და ბევრი სხვა დააშინეს.

„ახალი ქართველის“ იდეა კი, ეს არის ეროვნული პრინციპის მიხედვით დასტრუქტურება ჩვენი პოლიტიკური, სამეურნეო და კულტურული ცხოვრებისა. ამისთვის, უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია ქართველმა ერმა ჯერ ყურადღებით შეხედოს საკუთარ თავს სარკეში, შერცხვეს ტრაბახის და უსაქმურობისა, თავისი მონური რეაქციებისა და სტერეოტიპებისა და დაფიქრდეს – ვინ ვიყავი მე მთელი ეს წლები? რას ვაკეთებდი? ვისი მჯეროდა? ვის მივყვებოდი? წინააღმდეგ შემთხვევაში შეუძლებელი გახდება ქართველთა გამოსვლა იმ მდგომარეობიდან, რომელსაც ჰქვია „საბჭოთა ადამიანი“და რომელიც წარმოადგენს ანთროპოლოგიურ საფუძველს საბჭოთა ხელისუფლებისა. იგი კი არის გადაგვარებული ნიმუში Homo Sapies–სი და მასაზრდოებელი სტალინის ფენომენისა.

სტალინისტურს დავარქმევდი მე იმ მორალურ მდგომარეობას, რომელიც ასაზრდოებს სტალინიზმს, როგორც ფენომენს. აქ არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, თუ ვინ რას ამბობს მასზე. სხვათა შორის უმეტესობა ცუდს არაფერს ამბობს  სტალინზე.. მაგრამ მოვეშვათ ამას. საქმე იმაშია, რომ სამწუხაროდ საბჭოთა ადამიანის ფენომენი, მისი მიდრეკილებები და განწყობილებები ისევ  ძლიერია ქართველ ადამიანში და ეს არის ერთგვარი გამარჯვება სტალინიზმისა, რამდენიც არ უნდა გამოვთიშოთ არჩევნებიდან საზოგადოება „სტალინი.“ “