ტეგები

,


პირველი საპრეზიდენტო არჩევნების წინ პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ უარი თქვა პრეზიდენტობის სხვა კანდიდატებთან ერთად ტელე–დებატებში მონაწილეობაზე, თუ რატომ, ამის შესახებ განმარტება კი არჩევნებამდე 10 დღით ადრე – 1991 წლის 16 მაისს გააკეთა:

„როგორც მოვისმინე ტელევიზიით, პრეზიდენტობის ზოგიერთი მაძიებელი მიწვევს ტელე –დებატებში. უნდა განვაცხადო რომ ტელე –დებატებში ყოველთვის მონაწილეობენ თანაბარ პირობებში მყოფი პირები. რამდენადაც ვარ ფაქტობრივი პრეზიდენტი, ვერ გავუთანაბრებ ჩემს თავს პრეზიდენტობის მაძიებლებს, რომლებიც ესოდენ მომრავლდნენ ჩვენში, მით უმეტეს ისეთებს, რომლებიც რუსეთის სპეცსამსახურებთან არიან დაახლოებულნი. ჩემმა ასეთმა დებატებმა შეიძლება ზიანიც მიაყენოს სახელმწიფოს. საერთოდ კი, ჩემს ოპონენტებს მე ვეკამათები მხოლოდ საქმით.” 

გადავავლოთ თვალი როგორ აჯამებდნენ მაშინდელ წინასაარჩევნო პერიოდს ზვიად გამსახურდის ოპოზიციის ფლანგიდან. პრეზიდენტის ოპონენტების მოსაზრებებს აქტიურად აშუქებდა გაზეთი  „ქართული ფილმი.”  ამ გაზეთში გამოქვეყნებული ერთი სტატიით გავიხსენოთ –  რა არ მოწონდათ საპრეზიდენტო არჩევნების წინა პერიოდში, რა შენიშვნებს და პრეტენზიებს გამოთქვამდნენ  მედიის მიმართ და პრეზიდენტის მიმართ.

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

„წინასაარჩევნო კამპანია  გადამწყვეტ ფაზაში შევიდა. ზოგიერთი დასკვნის გაკეთება უკვე შეიძლება – ჩვენ საქართველოს პირველი პრეზიდენტის არჩევნების მოწმენი და თანამედროვენი ვართ. ნუ ვითაკილებთ თუ ვიტყვით –  წინასაარჩევნო კამპანიის ფსიქოლოგიური ფონი იმდენად მუქია და ცივილიზებული სამყაროს ნორმებისგან დაშორებული, რომ იგი ყალყზე შემდგარი ნერვებით დამუხტულ სამგლოვიარო პროცესიას დაემსგავსა.

1. წინასაარჩევნო კამპანიის მთავარი აზრი და მნიშვნელობა პრეზიდენტობის ამა თუ იმ კანდიდატის მიერ საკუთარი პოლიტიკური და ეკონომიკური პროგრამის ასო–ასო გაშუქებაა. უბრალოდ პრეზიდენტობის კანდიდატმა უნდა თქვას რას გააკეთებს იგი პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში. საქართველო პრობლემათა უსაზღვრო სპექტრის წინაშე დგას: სათქმელი ბევრია ( თუმცა რომ თქვა უნდა შეგეძლოს კიდეც, რადგან თქმა შეპირებას ნიშნავს, ხოლო როდესაც პრეზიდენტობის კანდიდატი ამომრჩეველს რაიმეს პირდება, იგი უზარმაზარ ტვირთსა და პასუხისმგებლობას კისრულობს). რას მოვიმოქმედებთ ქვემო ქართლში, აფხაზეთში, ეკონომიკის სფეროში, დღეს ჩვენ უპირველესად გვაწუხებს ეს და არა პრეზიდენტობის კანდიდატთა ურთიერთობები.

2.  პრეზიდენტობის კანდიდატები რატომღაც ერიდებიან სვლას საქართველოს ყველაზე მწვავე პრობლემათა რეგიონებში. არადა, თუ ისინი საქართველოს ისტორიის ამ ურთულეს ეტაპზე პრეზიდენტობას ნამდვილად აპირებენ, უპირველესად იქ უნდა ჩავიდნენ, სადაც ყველაზე უფრო ჭირს. უბრალო ლოგიკაა –  დენთის სუნი არ მოგვწონს? მაშინ რეგიონალურ პრობლემათა მოგვარების სხა გზები ვეძებოთ და ვერიდოთ მკვეთრ საკანონმდებლო ჟესტებს. პრეზიდენტობა უფრო ტვირთია, ვიდრე უპირატესობა, უფრო ჯვარი და გოლგოთა, ვიდრე პატივი.

3.  სატელევიზიო დებატებს  უდიდესი მნიშვნელობა აქვს. აქ, როგორც იტყვიან, თვალსაჩინოა ყველაფერი და ხელშესახები. საქართველოს დღევანდელი პრეზიდენტის ქედმაღლური უარი ცოტა არ იყოს მოულოდნელი და ღიმილის მომგვრელია, ასეთი რამ ცივილიზებულ სამყაროში არ ხდება, ასეთ ჟესტებს უნდა ვერიდოთ. ვიგრძნოთ მთელი სერიოზულობა მომენტისა. ერთიცაა: პოლიტიკაში კერძი პირი ქრება, იგი უკვე პოლიტიკური ფიგურაა. რაც შეეხება  პიროვნულ და ადამიანურ თვისებებს,  მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ ამ თვისებებზე ამაღლება, თორემ პოლიტიკური ცხოვრება ჭირვეული ბავშვების კინკლაობას დაემსგავსება.

4.  დიდია მასობრივი ინფორმაციის საშუალებების როლი და მნიშვნელობა წინასაარჩევნო კამპანიაში. პრესა და ტელევიზია წყაროა, არხი და არა ცენზორი. რაც შეეხება პომპეზურობისა და ამა თუ იმ კანდიდატის გადამეტებულ ხოტბას, ეს უკვე აშკარა პროვინციალიზმია და არაფრით თავსდება თანამედროვე პოლიტიკური აზროვნების კონტექსტში. ხოტბა კი არა, პროგრამა გვინდა. იურიდიულადაც და ზნეობრივადაც სრულიად გაუმართლებელია კოლექტიური წერილების კითხვა. ეს ამომრჩეველზე ფსიქოლოგიური ზემოქმედების ასგზის ნაცადი (კომუნისტების მეთოდი) პრიმიტიული ხერხია და თავისუფალ საქართველოში არ გვეკადრება. რაც შეეხება ჟურნალისტთა კომენტარებს ( იშვიათი გამონაკლისის გარდა), ნუთუ ასე ერთ თარგზეა გამოჭრილი ყველა ჟურნალისტის ჭკუა–გონება? დროა ვისწავლოთ მოვლენათა ინდივიდუალური, დამოუკიდებელი შეფასება, ამ ნიჭის გარეშე ჩვენ ვერასდროს დავიცავთ მოქალაქეობრივ და ვერც ჟურნალისტურ ღირსებას.

5. ძალზედ დაძაბული ურთიერთობაა თავად პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის, ფსიქოლოგიური ატმოსფერო პირქუშია. რა მოგვდის? ბოლოს და ბოლოს პრეზიდენტობა თვითმიზანი ხომ არაა? მეტი მოთმინება და შემწყნარებლობა მოეთხოვებათ იმ პიროვნებებს,  რომლებიც ამ უმძიმეს და ურთულეს ეტაპზე საქართველოს პირველ მოქალაქეობას უმიზნებენ. პოლიტიკურ ცხოვრებას თავისი ეთიკა აქვს, ნუ დავარღვევთ ამ ეთიკას, ნუ შევურაცხყოფთ ერთმანეთს. ”  „ქართული ფილმი,” 1991 წლის მაისი, ლაზარე (გელა) ზაქარიაძე.

.