ტეგები

, ,


1991 წლის 26 მაისის საპრეზიდენტო არჩევნების წინ გაზეთმა „ახალგაზრდა ივერიელმა“ საპრეზიდენტო კანდიდატებს რამდენიმე შეკითხვით მიმართა. საინტერესოა, თუ როგორ აფასებდნენ მაშინდელ ვითარებას პირველ საპრეზიდენტო მარათონში ჩართულები და რამდენად აცნობიერებდნენ ისინი სიმძიმეს  პასუხისმგებლობისას, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში რომ  დაეკისრებოდათ. შეკითხვა 6 იყო, აქ ორ მათგანზე   პასუხებს გაეცნობით.

„დამოუკიდებლობის გაკვეთილებში“ 1991 წლის მაისია.

SHEKITXVA

ზვიად გამსახურდია (საქართველოს რესპუბლიკის  პრეზიდენტი, „მრგვალი მაგიდის“ სპიკერი): „საზოგადოებისთვის ცნობილ გარემოებათა გამო, კომუნისტური რეჟიმის დროს ჩემთვის მიუღებელი იყო ყოველგვარი სურვილი და ფიქრი საქართველოში პირველი პოსტის დაკავებისა.პრეზიდენტობა არც დღესაა ჩემთვის თვითმიზანი. მე რომ მქონდეს გაცნობიერებული, თუ რაოდენ დიდ პასუხისმგებლობას მაკისრებს საქართველოს პრეზიდენტობა, არც დავთანხმდებოდი ჩემი კანდიდატურის წამოყენებაზე.

სამწუხაროა, რომ ე.წ.„კონგრესის“ მოღვაწეობა ჰგავს ბალტიისპირეთში „ინტერფრონტის“ მოღვაწეობას, რომელიც მიმართულია დემოკრატიული გზით არჩეული ეროვნული მთავრობის დამხობისკენ, რასაც ადასტურებს მათი წინასაარჩევნო აქციები და განცხადებები. დამაფიქრებელია ისიც, რომ „კონგრესი“ და კრემლი ერთნაირი ეპითეტებით ამკობენ საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას.”

ვალერიან ადვაძე ( „საქართველოს ეროვნული თანხმობისა  და აღორძინების კავშირის“ გამგეობის თავმჯდომარე“): „იმ კანდიდატურისთვის, ვისაც შეხვდება წილად არჩევნებში გამარჯვება დაპრეზიდენტი გახდება, ეს არის ნამდვილად ჯვარცმა, გოლგოთა. ისტორიული პასუხისმგებლობა ძალიან დიდია და საქართველოს გადარჩენა შეიძლება იმ შემთხვევაში, თუ იგი შეძლებს ამოიყენოს გვერდში ქართველი ხალხი: ქართველიც და არაქართველიც.

კონგრესში არის გაერთიანებული საკმაოდ დიდი ინტელექტუალური პოტენციალი, ჩვენი ერის ნაწილი და მისი გამოყენება აუცილებელია საქართველოს კეთილდღეობისთვის. ჩემი პოზიცია შემრიგებლურია კონგრესსა და უზენაეს საბჭოს შორის.”

თამაზ კვაჭანტირაძე („საქართველოს თავისუფალ – დემოკრატთა კავშირი“): „ ჯვარცმის პერსპექტივის წინაშე თვით მაცხოვარსაც კი ძრწოლვა იპყრობს გეთსემანიის ბაღში ლოცვისას. მე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ მზად ვარ ამ ჯვრის ღირსეულად მტვირთველს რიგით მოლაშქრედ გავყვე თავისუფლებისთვის გოლგოთის გზაზე.

კონგრესმა უფრო ქმედითი, კონსტრუქციული როლი უნდა შეასრულოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მოპოვების საქმეში. ჩემი დამოკიდებულება კონგრესის მიმართ ლოიალურია.”

ნოდარ ნათაძე ( საქართველოს სახალხო ფრონტის გამგეობის თავმჯდომარე): ნებისმიერი ჯარისკაცი მზად უნდა იყოს ნებისმიერი ბრძოლისთვის, მათ შორის მეც. როცა საქმე გასაკეთებელია, იგი ვიღაცამ უნდა გააკეთეს, მით უმეტეს როცა ხედავ, რომ ცუდად აკეთებენ ან არ შეუძლიათ. თქვენს კითხვას ვუპასუხე, დიახ, მზად ვარ.

კონგრესი სათათბირო და აზრის შემმუშავებელი ორგანოა. მაგრამ პარლამენტის ალტერნატიული ფუნქციები მას არა აქვს. ის გარემოება, რომ კონგრესში შესული და მის გარშემო მდგარ პატრიოტ ადამიანთა უზარმაზარი პოტენციალი საქმის გარეთ არის დატოვებული, ხელისუფლების  მიუტევებელ დანაშაულად მიმაჩნია.”

ჯიმი მიქელაძე ( „საქართველოს დამოუკიდებელი კომპარტია): „იკისრო პრეზიდენტობა, მით უფრო დღევანდელ საქართველოში, ეს უდიდეს გამბედაობასთან ერთად, უდიდეს პასუხისმგებლობას ნიშნავს საკუთარი ერისა და ქვეყნის წინაშე. გულახდილად გეტყვით, ძალზე გამიჭირდა თანხმობის მიცემა პრეზიდენტობის კანდიდატად წამოყენებაზე. რაც შეეხება ჩემს მზადყოფნას, აქ მხოლოდ ერთი რამ არ მაეჭვებს, ნამდვილად ვარ მზად ყველაფერი უშურველად გავიღო ჩემი ქვეყნისთვის.

კომუნისტთა დღევანდელი თაობა პოლიტიკაში, ეკონომიკაში, სოციალურ ურთიერთობებში ევოლუციური ეტაპობრივი, თანმიმდევრული გარდაქმნების მომხრეა. არ ვიზიარებთ შეურიგებლობის, რადიკალიზმის, არასამართლებრივი მეთოდებით ბრძოლის კურსს. ამასთან, მიგვაჩნია, რომ ყველგან და ყველა შემთხვევაში აუცილებელია პოლიტიკური ძალების, მთელი ეროვნულ -დემოკრატიული მოძრაობის კონსოლიდაცია.“