ტეგები

, ,


„ნაციონალური უმცირესობების გადარჩენის წესები გარდამავლ პერიოდებში,” –  1991 წლის მაისში, ამ სათაურით გამოაქვეყნა „ნეზავისიმაია გაზეტამ” რუსი სამხედრო ექსპერტის პაველ ფენგელჰაუერის სტატია, რომელიც  სამხრეთ ოსეთის ყოფილ ავტონომიურ ოლქში (საქართველო)  მიმდინარე კონფლიქტს ეხებოდა. ავტორი კონფლიქტის ზონაში  შექმნილ ვითარებას აღწერდა და ოს სეპარატისტებს გამსახურდიას ხელისუფლებასთან მოლაპარაკებას მოუწოდებდა და აი, რატომ:  „დღევანდელ ოს ხელმძღვანელობას დაღუპვისკენ მიჰყავს თავისი ერი. მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა pavelბოლო შეტაკების დაწყებაში იმით, რომ თავი სუვერენულ საბჭოთა რესპუბლიკად გამოაცხადა. ახლა კი კარგავს თბილისთან მორიგების, ალბათ, ბოლო შანსს, რაკიღა უარს ამბობს აწარმოოს სერიოზული მოლაპარაკება. შეიძლება ძალიან არ გიყვარდეს გამსახურდია, მაგრამ მას ბევრი პრობლემა აქვს გადასაჭრელი და ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ და, მაშასადამე, გააჩნია გარკვეული სურვილი ოსებთან კონფლიქტის მოგვარებისა. შეიძლება ისეც მოხდეს, რომ ვეღარც ჩრდილოეთ ოსეთმა შეძლოს სერიოზული დახმარების აღმოჩენა სამხრეთ კავკასიელი ოსებისთვის. ჩრდილოეთ კავკასიაში, სადაც საზღვრები რესპუბლიკებს შორის სრულიად თვითნებურად არის გავლებული, სავარაუდოა, რომ ბევრი ეროვნებათშორისი კონფლიქტი მწიფდება და ჩრდილოეთ ოსეთის ხელმძღვანელობას ბევრი სხვა საზრუნავი ექნება.

1926 წლის აღწერით საბჭოთა კავშირში 194 ერი და ეროვნება იყო, 1959 წლისთვის კი მათი რიცხვი  109 – მდე შემცირდა, 1970  წელს  101–მდე. არავითარი საფუძველი არ გვაქვს ვივარაუდოთ, რომ ეს სამწუხარო პროცესი შეწყდება, თუმცა კონფლიქტი სამხრეთ ოსეთში ჯერ კიდევ არ გასცილებია ყოველგვარ საზღვრებს: მოკლულთა რუცხვი ჯერ მხოლოდ ათეულებს ითვლის, არ მომხდარა ისეთი მასობრივი სიმხეცეები, როგორიც ფერღანასა და ოშში. შერიგება და, მაშასადამე, ოსური თემის გადარჩენა სამხრეთ ოსეთში, ჯერ კიდევ შესაძლებელია.”

პაველ ფელგენჰაუერის სტატია ქართულად უთარგმნიათ და გამოუქვეყნებიათ გაზეთ “მამულში”. კიდევ ერთ ამონარიდს მოვიყვან 1991 წლის მაისში დაწერილი ამ ტექსტიდან. ის საინტერესო ინფორმაციის შემცველი უნდა იყოს იმათთვის, ვისაც დააინტერესებს, თუ როგორ აღწერა  რუსმა სამხედრო ექსპერტმა საქართველოში მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტი და როგორი იყო მისი მაშინდელი პროგნოზები.

„სამხრეთ ოსეთში საბრძოლო მოქმედებათა დაბალი ინტენსივობით მიმდინარე კამპანიამ მოწინააღმდეგის ძალისგან დაცლისკენ მიმართული კონფლიქტის დამახასიათებელი ნიშნები შეიძინა. მოპირისპირე მხარეთა მთავარი ძალები თავს არიდებენ სერიოზულ შეტაკებებს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ცუდად არ არიან  აღჭურვილნი ცეცხლსასროლი იარაღით და მძიმე იარაღის გარკვეული რაოდენობაც კი მოეპოვებათ. უკანასკნელ ხანს საბრძოლო მოქმედებათა ძირითადი მიმართულება ორივე მხრიდან იყო რეიდული თავდასხმები მოწინააღმდეგის სუსტად დაცულ სოფლებზე, იქიდან მოსახლეობის გამოძევების მიზნით. ასეთი ტაქტიკა სავსებით ბუნებრივია ძალისგან დაცლისკენ მიმართული კონფლიქტისთვის, ხოლო თუ ვინ შეძლებს ამგვარ კონფლიქტში გაიმარჯვოს, ჩემი აზრით, სრულიად ნათელია.

ომი ოსთა მხარისთვის უიმედოდ წაგებულად მესახება, რადგან მეტისმეტად უთანასწოროაcx ძალები. სოფლის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი გაიქცა კონფლიქტის ზონიდან, ცხინვალში და განსაკუთრებით სოფლების რაიონებში, ოსეთი მხარის ძალისგან დაცლა უკვე საკმაოდ ცხადად ჩანს, მაშინ როცა საქართველოს ძირითად ნაწილს არაფრით  უზარალია,  იგი შორსაა სერიოზული დაუძლურებისგან, თუ მდგომარეობა საკმაოდ უაზრო გაფიცვების შედეგად არ გაუარესდა.

სამხრეთ ოსეთის დღევანდელი ხელმძღვანელობა ( საოლქო საბჭოს აღმასკომი) მოითხოვს საგანგებო მდგომარეობის შემოღებას ოლქის მთელ ტერიტორიაზე და სსრკ–ის შინაგან საქმეთა სამინისტროს „ნეიტრალური“ ჯარების შეყვანას. მას იმედი აქვს, რომ ამით ძალთა თანაფარდობა შეიცვლება. სსრკ –ის შინაგან საქმეთა სამინისტროს მერვე პოლკი, რომელიც მუდმივად არის დისლოცირებული  თბილისში ( ახლახანს გამოყვანილი იქნა ოსების მოთხოვნით ), მოსახლეობა ახალ ნაწილებს კარგად ხვდება, მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელდება. იმ შემთხვევაშიც კი, თუ საბჭოთა კავშირის შსს ძალები უკუაგდებენ საქართველოს შსს ნაწილებს, ისინი დაიწყებენ ოპერაციებს ოსების გასაიარაღებლად, რაც მალე უკმაყოფილებას გამოიწვევს. ყარაბაღის კონფლიქტმა დაამტკიცა საგანგებო მდგომარეობის და სსრკ – ს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯარების დაბალი ეფექტურობა კავკასიის ეროვნულ კონფლიქტებში, თუმცა საეჭვოა სამხრეთ ოსეთში ჯარები დიდხანს გააჩერონ, იზრდება პოლიტიკურ გაფიცვათა ტალღა რუსეთში, ბელორუსიასა და უკრაინაში.. ასე რომ, ჯარებს  გადაისვრიან იქ, სადაც ისინი უფრო საჭირონი იქნებიან. ექსპერტები ამტკიცებენ, რომ რაოდენობა შსს–ს და სუკის ჯარებისა, რომლებიც ასე თუ ისე მომზადებულნი არიან სამოქალაქო დაუმორჩილებლობასთან ბრძოლისთვის, ქვეყანაში სრულიად არასაკმარისია. დღემდე სერიოზული კონფლიქტები განაპირა რაიონებში ხდება და ჯარები, რომლებსაც თვითმფრინავებით გადაისროდნენ, მეტ–ნაკელბად ჰყოფნიდათ. როდესაც ცენტრის რიგი მოაწევს, იძულებულნი გახდებიან განაპირა რაიონები დაივიწყონ.” ( გაზეთი „მამული”, 1991წ).