ტეგები

,


sachxere-21991 წლის 29 აპრილს საქართველოში ძლიერი მიწისძვრა მოხდა.  როგორც მაშინდელი პრესა წერდა “საჩხერის რაიონში მისმა სიმძლავრემ 7–9 ბალს მიაღწია. მიწისძვრამ მოიცვა ქალაქ ჭიათურის ზონა, ონის, ამბროლაურის და ტყიბულის რაიონები, აგრეთვე საჩხერის რაიონის მიმდებარე შიდა ქართლის სოფლები. არის ადამიანთა მსხვერპლი,  დაინგრა და დაზიანდა შენობა–ნაგებობანი. თბილისში მიწისძვრა 4–5  ბალი იყო, რასაც ნგრევა არ მოჰყოლია.” (“საქინფორმი”).

საინტერესოა როგორ იმუშავა მაშინდელმა ხელისუფლებამ დაზარალებულების დასახმარებლად და სტიქიის უმძიმესი შედეგების აღმოსაფხვრელად. თვალი გადავავლოთ ცნობებს მაშინდელი გაზეთებიდან. 

გაზეთი “საქართველოს რესპუბლიკა” სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ იუწყებოდა: “შეიქმნა სამთავრობო კომისია მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციოდ. კომისიის თავმჯდომარედ დაინიშნა რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თენგიზ სიგუა, მოადგილედ –  მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე მურმან ომანიძე. კომისიაში შედიან რესპუბლიკის მინისტრები: გურამ აბსნაძე, გურამ მირიანაშვილი, მანანა ძოძუაშვილი, იგორ ჩხეიძე, დილარ ხაბულიანი, ალექსანდრე ჩხეიძე, ქ. ჭიათურის, საჩხერის, ონისა და ამბროლაურის რაიონების პრეფექტები: ნოდარ აბჟანდაძე, ბესიკ ქუთათელაძე, ოქროპორ ნავროზაშვილი, გოჩა ბიჭაშვილი. რესპუბლიკის მთელი რიგი სამინისტროების, უწყებების, სამეცნიერო დაწესებულებების ხელმძღვანელები. იმავე დღეს თენგიზ სიგუა და კომისიის სხვა წევრები ჩავიდნენ დაზარალებულ რაიონებში.”

პირველი სამაშველო ჯგუფი, რომელიც სტიქიის ზონაში ადამიანების დასახმარებლად ძალიან სწრაფად ჩასულა ქუთაისის სანიტარული ავიაციის წარმომადგენლებისგან ყოფილა დაკომპლექტებული. ამის შესახებ ცნობას “საქინფორმი” ავრცელებდა: 

“ქუთაისის სანიტარული ავიაციის წარმომადგენლები სულ რამდენიმე  წუთში ჩავიდნენ სტიქიის ადგილებში. მათ ადგილზე შეამოწმეს დაზარალებულები, მძიმედ დაშავებულები კი გადმოიყვანეს ქუთაისის საავადმყოფოებში.

საქართველოს წითელ ჯვართან არსებული მაშველი რაზმის „სინათლის“ ექიმთა ჯგუფმა sachxere-1შვეულმფრენით შემოიფრინა დანგრეული სოფლები დაზარალებულთათვის დახმარების აღმოსაჩენად.’

ექსტრემალურ სიტუაციაში მოუწიათ მშობიარობა ამბროლაურის რაიონის მაცხოვრებლებს თამრიკო სანთელაძეს და ნათელა გვენცაძეს. დედებიც და შვილებიც ახლა თავს კარგად გრძნობენ.

ადგილზე სისტემატურად ჩადიან შვეულმფრენებით –  თბილისიდან, რესპუბლიკის სხვა ქალაქებიდან, მიაქვთ მედიკამენტები, პროდუქტი, კარვები, რაც აქ განსაკუთრებით საჭიროა.”

sacxrere-5

ისევ გაზეთი “საქართველოს რესპუბლიკა,” თვალი გადავავლოთ 1991 წლის მაისში აქ გამოქვეყნებულ ამ ცნობასაც: 

“4–5 მაისს, საქართველოს პრეზიდენტი ბატონი ზვიად გამსახურდია კვლავ ეწვია სტიქიით დაზარალებულ რაიონებს.

ამ ბოლო დღეებში  განმეორებულმა მიწისქვეშა ბიძგებმა  ეპიცენტრთან მიმდებარე რაიონებში ხელახალი ნგრევა გამოიწვია. მას მსხვერპლი არ მოჰყოლია, მაგრამ იმატა ლტოლვილთა რიცხვმა, რომელთა უმეტეს ნაწილს ქალები და ბავშვები შეადგენენ.

ბატონი გამსახურდია შეხვდა და ესაუბრა რაიონების პრეფექტებს, გაეცნო აქ არსებული შტაბების საქმიანობას, აღდგენითი სამუშაოების მიმდინარეობას.

მოსახლეობასთან საუბრისას პრეზიდენტმა საგანგებოდ გაუსვა ხაზი ღონისძიებათა მთელ კომპლექს, რომელიც მიზნად ისახავს  ადგილზე მდგომარეობის სტაბილიზაციას.

სტიქიის დღეებში ქუთაისი გახდა ის ძირითადი მაკოორდინირებელი ქალაქი, სადაც თავს იყრის სტრატეგიული და ოპერატიული საკითხები, საიდანაც მიდის უმეტესწილად დახმარება ყველა მიმართულებით.

ქუთაისში პრეზიდენტი შეხვდა ქალაქის პრეფექტს და  საგანგებო შტაბის  ხელმძღვანელს არჩილ კოსტავას, დეტალურად გაეცნო შტაბის საქმიანობას და პრობლემებს.

ბატონი ზვიად გამსახურდია იყო გელათში, მოწამეთაში. მოინახულა ჩვენი  უძველესი ძეგლები,  რომლებიც სტიქიამ რამდენადმე დააზიანა.

შაბათს, 4 მაისს საქართველოს პრეზიდენტი ქალაქ ქუთაისში შეხვდა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მდივანს როზმარ ფორსაიტს. ამერიკის საელჩოს მდივანს თან ახლდა მისი მოადგილე ვასილევსკი.

საქართველოს პრეზიდენტი ქუთაისში შეხვდა ინგლისიდან ჩამოსულ 14 კაციან მაშველთა ჯგუფს. ბატონი ზვიად გამსახურდია სტუმრებთან ერთად ეწვია საჩხერის რაიონს.”

ცოტა მოგვიანებით სტიქიის ზონაში უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის ჩასვლაც გაშუქდა: 

“სტიქიისგან დაზარებულ რაიონში იმყოფებოდა საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე აკაკი ასათიანი.

15–17 მაისს საოცრად მოდიდდა სტიქიის ზონის ყველა მდინარე, კატასტროფულად  მოიმატა წყლის დონემ მიწისძვრის შედეგად გაჩენილ საგუბრებში. დაიტბორა არა მარტო სოფლის დამაკავშირებელი პატარა ბოგირები, არამედ ორი კაპიტალური ხიდი მდინარე ყვირილაზე. რამდენიმე დღით გარე სამყაროს მოწყდა რამდენიმე სოფელი. საუბედუროდ არის მსხვერპლიც, დაიხრჩო პერეველი მექანიზატორი, ოთხი შვილის მამა ვახტანგ ბეკოშვილი. დაზიანდა მოსახლეობის სახნავ –სათესი სავარგულები, საძოვრები. ადგილზე მდგომარეობის გაცნობისას აკაკი ასათიანმა  ხაზი გაუსვა მეწყერსაშიში ზონებიდან მოსახლეობის გახიზვნისა და იქ სპეციალისტთა დამატებითი ჯგუფის მივლინების აუცილებლობას.” ( “საქართველოს რესპუბლიკა).

მალე საქართველოში პირველი საპრეზიდენტო არჩევნები უნდა ჩატარებულიყო. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ იზრუნა, რათა სტიქიით დაზარალებულებს ხელი არ შეშლოდათ არჩევნებში მონაწილეობაში.

pas