ტეგები


1991 წლის გაზაფხულზე გაზეთმა “მამულმა” ( რუსთაველის საზოგადოება) მკითხველს აცნობა, რომ მალე წაიკითხავდნენ  საქართველოს 1921 წლის ოკუპაციის შემდეგ პარიზში, ფრანგი ავტორის – რემონ დიუგეს –   ძალიან საინტერესო წიგნს” მოსკოვი და წამებული საქართველო.” ის  ქართულად  მზია ბაქრაძემ და აკაკი  ბაქრაძემ თარგმნეს, გაზეთმა ‘მამულმა” კი ერთგვარი ანონსის სახით მკითხველს წიგნის წინასიტყვაობა გააცნო, რომელიც ასევე საქართველოს და ქართველების დიდ გულშემატკივარს  ჟ.ბ. სტოკის დაუწერია.

124

ამონარიდი რემონ დიუგეს წიგნის წინასიტყვაობიდან, რომელიც რუსთაველის საზოგადოების გაზეთმა გამოაქვყენა: “მოსკოვთან ურთიერთობაში ქართული მთვარობა მიამიტი იმედებით იკვებებოდა. სჯეროდა, რომ ბოლშევიკებს განსაკუთრებული დამოკიდებულება ექნებოდათ მენშევიკებთან, თავიანთ სოციალისტ ძმებთან. მართლაც რომ ბალღური იყო ეს იმედი.

ავტორი საოცარი სიცხადით გვიჩვენებს – სოციალისტთა შორის ამგვარი სოლიდარობისგან რას უნდა ელოდეს კაცი.

მოკავშირეებთან ურთიერთობისას ქართული მთავრობა მისთვის არახელსაყრელ მდგომარეობაში ვარდებოდა. ის არ იცნობდა ანტანტის ხალხების მსოფლმხედველობას. თუ რა ვნება მოჰქონდა ამ უცოდინრობას, ნიმუშად ერთ მაგალითს მოვიშველიებ –ეროვნულ გვარდიას წითელი დროშა ჰქონდა, საქართველოში ჩამოსული უცხოელები ამ დროშის დანახვისთანავე საქართველოს აღიქვამდნენ ბოლშევიკურ ქვეყნად. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ყველა მეგობარი ურჩევდა უარი ეთქვა ამ დროშაზე, იგი მაინც რამდენიმე თვის განმავლობაში ინარჩუნებდა მას…

ამგვარ ნაშრომს სრული ობიექტურობა უნდა ახლდეს. ამიტომ ჩემს მოვალეობად ვთვლი ვაღიარო: მთავრობას არცერთი შეცდომა რომ არ დაეშვა, მაინც არა ვარ დარწმუნებული, რომ იგი შეძლებდა საქართველოს დამოუკიდებლობის შენარჩუნებას წითელი ძალის პირისპირ.

დაპყრობის წინ და შემდგომ საქართველოსადმი ბოლშევიკების დამოკიდებულებისა და მოქმედების დაწვრილებით აღწერით მიმაჩნია, რომ ავტორმა დიდი  დახმარება გაუწია მომავალ თაობებს…

ავტორი დიდი სიმპატიით საუბრობს ქართველებზე, მე მთლიანად ვიზიარებ ამგვარ შეხედულებას.

ქართველი ხალხი მკვეთრად გამოხატული ეროვნული გრძნობებით, დიდებული ისტორიით, კუნთმაგარი და სახეაზროვნების გლეხებით ( რაც მისი მოსახლეობის უმრავლესობაა) ცხოვრობს საოცრად ლამაზი ბუნების წიაღში. მისი წიაღი ძალიან მდიდარია. ეს ხალხი უდაოდ იმსახურებს იმას, რომ მიეცეს საშუალება განვითარდეს თავისუფალ, საკუთარ მისწრფებათა შესაბამისად და მშვიდობიანად.

მაგრამ, ალბათ ჯერ შორს ვართ ამგვარი შესაძლებლობების განხორციელებისგან. საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა ( ისევე როგორც მისი წიაღისეული) წარმოადგენს ყევლაზე დიდ საფრთხეს ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის გზაზე. თუ ერთ მშვენიერ დღეს ერთა ლიგა მართლა გახდება მსაჯული ერთა შორის დავისა, მაშინ საქართველო კარგად დააფასებს სპარსული ანდაზის ჭეშმარიტებას: „მოთმინება მწარეა, მაგრამ ნაყოფი მისი ტკბილი.“ ასეთია ჩემი ურყევი იმედი. მე ვწერ როგორც კაცი, რომელმაც დააფასა ქართველების დიდი და მრავალი ღირსება სწორედ იმ პერიოდში, როცა ისინი სამშობლოს დასაცავად იბრძოდნენ ვაჟკაცურად და თავგამეტებით,თუმცა ამაოდ. ისინი თითქმის მთლიანად გაანადგურეს თბილისის მისადგომებთან ბრძოლაში. ეს ნებას არ გვაძლევს დავკარგოთ იმედი იმ ქვეყნისა, რომელმაც ასეთი ამაღლებული გმირები შვა.”

diugeამ ფოტოზე ქაქუცა ჩოლოყაშვილის გევრდითაა ფრანგი პოლკოვნიკი რემონ დიუგე, ავტორი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი  წიგნისა “მოსკოვი და წამებული საქართველო.”