ტეგები

,


1991 წლის გაზაფხულზე საკავშირო პრესაში დაიბეჭდა აშშ–ში  გამოქვეყნებული წერილი სათაურით „ორმაგი სტანდარტი.”  მისი ავტორი ასტრიდ ტუმინესი დასავლეთის ქვეყნებს და განსაკუთრებით აშშ–ს მოუწოდებდა არ დაეხუჭათ თვალი საბჭოთა რესპუბლიკებში ადამიანის უფლებების რღვევის ფაქტებზე, ეროვნული უმცირესობების მდგომარეობაზე  და დაეგმოთ რესპუბლიკების “წვრილი დიქტატორების” ქმედებები. ამ სკანდალურ  წერილს მივაგენით 1991 წლის გაზეთ   „ თავისუფალ  საქართველოში,”  რომელსაც  „მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველო” გამოცემდა. ქვემოთ გაეცნობით ვრცელ ამონარიდს აღნიშნული ტექსტიდან, მანამდე კი სარედაქციო განმარტება, რომელიც  წინ უძღოდა მას.

„ქალბატონი ასტრიდის წერილი დასავლეთის თვალთმაქცობის და უსინდისობის გასაოცარი მაგალითია. ავტორი ორმაგ სტანდარტებზე ლაპარაკობს, ვითომდა ამერიკელები ძალზედ მკაცრად აკრიტიკებდნენ კრემლს, რესპუბლიკებს კი არა და, არაფერს ამბობს იმ ორმაგ სტანდარტზე, რომელიც სინამდვილეში არსებობს. შეერთებულ შტატებს, მაგალითად, ბალტიის ქვეყნების ანექსია არასდროს უცვნია, მაგრამ ლიტვასთან დიპლომატიური ურთიერთობები დღემდე არ დაუმყარებია, და ეს მაშინ, როცა პატარა ისლანდიამ უკვე ოფიციალურად აღიარა ლიტვის დამოუკიდებლობა.

ის, რასაც ქალბატონი ასტრიდი საქართველოზე წერს კომენტარის ღირსადაც არ მიგვაჩნია და სიტყვას აღარ გავაგრძელებთ. ერთს ვიტყვით მხოლოდ – „პატივცემულო“ ჭანტურიებო, კლიმიაშვილებო და ყველანაირომოღვაწეებო,“ გილოცავთ! თქვენი „გულიდან ამონაკვესი“ მსოფლიომ აიტაცა ( ბოსტონიდან მოსკოვამდე!), შორს გაუთქვით სახელი თქვენს საფიცარ საქართველოს! ბარაქალა!

თავისთავად ის ფაქტი, რომ წერილში დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი რესპუბლიკები  ერთ კონტექსტში მოიხსენიება, ერთნაირადაა დაგმობილი, მრავლისმთქმელია და ავტორის მიზანს ააშკარავებს – უნდა თუ არ უნდა, ქალბატონი ასტრიდი იმპერიის ინტერესებს იცავს.”

მაინც რას წერდა ამერიკელი ჟურნალისტი ასტრიდ ტუმინესი?

„მიხეილ გორბაჩოვის ცენტრალური მთავრობა რიგი რესპუბლიკების ხელმძღვანელებთან შედარებით თავშეკავებულია. ვერ ამჩნევენ რა რესპუბლიკების მიერ ადამიანის უფლებების დარღვევას მათ ტერიტორიაზე მცხოვრებ ეროვნულ უმცირესობებთან და მათ მეზობლებთან დამოკიდებულებაში, აშშ –ის ცნობილი პოლიტიკური მოღვაწეები ორმაგ სტანდარტს იყენებენ და სსრკ–ში ძალადობის გავრცელების აღსაკვეთად ხელშეწყობის შესაძლებლობას უგულებელყოფენ.

ბალტიის რესპუბლიკებში, საქართველოსა და მოლდოვაში არაკომუნისტური მთავრობები სდევნიდნენ და ხოცავდნენ ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებს, რომლებიც არ ეთანხმებოდნენ დამოუკიდებლობის მომხრე წამყვან მოძრაობებს. ბალტიის სახელმწიფოებმა 3 მილიონ რუსს, რომელიც მათ ტერიტორიაზე სახლობს, შეუზღუდეს ცხოვრების საშუალება და კვების პროდუქტების მიღების უფლება. გარდა ამისა, განიხილავენ მოქალაქეობის მიღების ძალზე მკაცრ წინაპირობებს ( რაც შეიცავს ამ რესპუბლიკებში ცხოვრების მოთხოვნას 1940 წლამდე და ადგილობრივი ენების ცოდნას), რომელთა დაკანონება რუსებისთვის მოქალაქეობის მიღების შესაძლებლობას, ფაქტობრივად, გამორიცხავს.

ლიტველები მოლოტოვ –რიბენტროპის პაქტს, რომლის საფუძველზეც ლიტვა საბჭოთა კავშირს შეუერთდა, იურიდიული ძალის არმქონედ აცხადებენ. მაგრამ ამ პაქტის შედეგად მათ მიიღეს ტერიტორია, რომელიც პოლონეთს ეკუთვნოდა, ვილნიუსის, ლიტვის ახლანდელი დედაქალაქის ჩათვლით. ვილნიუსის მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს ახლაც პოლონელები წარმოადგენენ და ამ ეროვნული უმცირესობის უფლებებს ლიტვის პარლამენტი არ სცნობს.

საქართველოში ზვიად გამსახურდიას მთავრობამ სამხრეთ ოსეთს შეუწყვიტა ელექტროენერგიის და სათბობის მიწოდება, რადგან სამხრეთ ოსეთის არაქართული მოსახლეობა საბჭოთა კავშირიდან გამოყოფის წინააღმდეგია. ოსები, რუსები და სომხები, ვინც საავადმყოფოში წევს, სიცივისგან, შიმშილისგან და ბლოკადის შედეგად იღუპებიან. ათასობით ლტოლვილმა დატოვა სამხრეთ ოსეთი ქართველთა უმრავლესობის მხრიდან შევიწროების შიშით და ჩრდილოეთ ოსეთში გაემართა ( ჩრდილოეთ ოსეთი რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შედის).

მოლდოვაში თურქული მოდგმის ხალხი – გაგაუზები და  დნესტრისპირეთის რუსული და უკრაინული მოსახლეობა  გამოყოფის წინააღმდეგ გამოვიდა და თვითგამორკვევის მიზნით თავის ტერიტორიაზე არჩევნები ჩაატარა. ამის პასუხად მოლდოვას მთავრობამ, რომელშიც დაწინაურებული მდგომარეობა ნაციონალისტურ სახალხო ფრონტს უჭირავს, მოხალისეთა ფორმირებები შექმნა, რომ ეს რეგიონები თავის კონტროლისთვის დაექვემდებარებინა, ამან გამოიწვია შეტაკებები, რის შედეგადაც ორივე მხრიდან ხალხი დაიღუპა. აზერბაიჯანში აზერბაიჯანელები, რომლებიც მოსახლეობის უმრავლესობას შეადგენენ, სომხურ მოსახლეობას არბევდნენ და სომხეთს გაზს უკეტავდნენ, რომელიც მათი ტერიტორიის გავლით მიეწოდებოდა, სომხებმა თავის მხრივ აზერბაიჯანელები აიძულეს სომხეთიდან გაქცეულიყვნენ.

რესპუბლიკების ზოგიერთი ლიდერის გამონათქვამები მეტყველებს, რომ ისინი უგულებელყოფენ უმცირესობათა უფლებებს, საქართველოს პრეზიდენტმა, რომელსაც ზოგჯერ „ქართველ მუსოლინს“ უწოდებენ, კომუნისტები დაადანაშაულა, რომ კონფლიქტი თბილისსა და სამხრეთ ოსეთს შორის მათი ინსპირირებულია და ქართველ ხალხს მოუწოდა „მოსპონ, ამოშანთონ კომუნისტები გახურებული რვალით!“ იგი, აგრეთვე იმუქრებოდა, რომ „გააძევებდნენ ყველა ვერაგ მტერს და არაქართველს, რომელმაც აქ ნახა თავშესაფარი.“

გორბაჩოვის დროს მოსკოვის მიერ რესპუბლიკების წინააღმდეგ განხორციელებული რეპრესიების შედეგად უფრო ცოტა ხალხი დაიღუპა, ვიდრე რესპუბლიკებში ეროვნებათშორის და რესპუბლიკათშორის შეტაკებებში…

ჩვენ მოსკოვის მოქმედებებზე თვალი არ უნდა დავხუჭოთ, მაგრამ უნდა დავგმოთ ადამიანის უფლებების დარღვევა იმისდა მიუხედავად, თუ ვინ სჩადის ამას. თუ რესპუბლიკები არ უზრუნველყოფენ ეროვნულ უმცირესობათა უფლებების დაცვას, დაქსაქსულ სსრკ – ში საფრთხე შეექმნება 60–70 მილიონ ადამიანს, რომლებიც ეროვნულ უმცირესობებს წარმოადგენენ. ”

tumemes

 

სტატიაში ავტორი აღნიშნავს ცხინვალისთვის ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის ფაქტს. რაში იყო საქმე?

1991 წლის 23  თებერვალს  გამოქვეყნებულ განცხადებაში ცხინვალის კომენდანტმა  განმარტა ცხინვალისთვის ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის მიზეზი და აღნიშნა: „ოსი ექსტრემისტებისა და სეპარატისტების გავლენით სამაჩაბლოს ტერიტორიაზე ( განსაკუთრებით ქ. ცხინვალში ) არსებული მთელი რიგი წარმოებები დაშვებული პროდუქციის ნაცვლად ამზადებდნენ ცეცხლსასროლ და ცივ იარაღს, აღნიშნულის აღსაკვეთად მოხდა ელექტროენერგიის მიწოდების შეჩერება, რამაც მძიმე პირობები შეუქმნა სამედიცინო და საბავშვო დაწესებულებებს. გამომდინარე ჰუმანური გრძნობებიდან, დღეიდან მიზანშეწონილად ჩაითვალოს აღნიშნული დაწესებულებებისთვის ელექტროენერგიის მიწოდება.“