ტეგები

,


  1991 წლის 7 მაისს თბილისში, საბურთალოს პანთეონში დაკრძალეს “მრგვალი მაგიდა – nodara თავისუფალი საქართველოს” აჭარის ორგანიზაციის სპიკერი, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი და აჭარის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ნოდარ იმნაძე. ის 1991 წლის 30 აპრილს მოკლა აჭარის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ ასლან აბაშიძემ. მკვლელობა აბაშიძის კაბინეტში მაშინ მოხდა, როცა იქ ნოდარ იმნაძე შვილთან (ნატო იმნაძე) ერთად შევიდა. ცნობილია, რომ იმნაძეს თან ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღი.  არსებობს ინფორმაცია, რომ იმნაძის მკვლელობის ფაქტს ასლან აბაშიძის კაბინეტში შეესწრო იმ დროს ტრანსპორტის მინისტრის მოადგილე მურმან ომანიძე.

1991 წლის მაისში გაზეთი “საქართველოს რესპუბლიკა” წერდა: “7 მაისს ქართველი საზოგადოებრიობა გამოეთხოვა საქართველოს ეროვნულ–გამათავისუფლებელი მოძრაობის  ერთ–ერთ გამოჩენილ მონაწილეს, „მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველოს“ პოლიტიკური ბლოკის აჭარის რეგიონალური ორგანიზაციის სპიკერს, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრს ნოდარ იმნაძეს. ტრაგიკულად დასრულდა სიცოცხლე ახალგაზრდა კაცისა, ვინც ცხოვრების მიზნად აირჩია ეღვაწა მამულისა და მშობლიური ერის საკეთილდღეოდ და ეს მძიმე, მაგრამ საპატიო ტვირთი შეუბღალავად ზიდა თავისი ხანმოკლე სიცოცხლის მანძილზე. მისთვის ხომ არ არსებოდა უფრო დიდი დანიშნულება, ვიდრე სამშობლოს თავისუფლებისთვის ბრძოლა.

მშობლიური ცრემლებით დაიტირა უდროოდ წასული ნოდარ იმნაძე მერაბ კოსტავას დედამ imnadzeოლღა დემურიამ.

წმინდა გიორგის ქაშუეთის ტაძარი, აქ დასვენებული იყო ნოდარ იმნაძის ცხედარი, დილიდანვე მოდიოდნენ თანამემამულენი, რათა უკანასკნელი პატივი მიეგოთ ადამიანისთვის, რომლის ნათელი, მიზანმიმართული სოცოცხლე მაგალითი უნდა გახდეს მომავალი თაობებისთვის. ღირსეული მამულიშვილის უკანასკნელ გზაზე გასაცილებლად მივიდნენ საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი  ზვიად გამსახურდია, საქართველოს უზენაესი საბჭოს წევრები. დღის 15 საათზე ნოდარ იმნაძის ცხედარი გამოასვენეს ტაძრიდან.  სამგლოვიარო პროცესია გაიმართა საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონისკენ.”

აჭარის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ ასლან აბაშიძე ახალი დანიშნული იყო. მალე კი აჭარის უზენაესი საბჭოს არჩევნები უნდა ჩატარებულიყო. აბაშიძესა და იმნაძეს შორის დაპირისპირება უფრო და უფრო მძაფრდებოდა.

ეს ის დროა, როცა აბაშიძემ  საქართველოს მაშინდელ ცენტრალურ ხელისუფლებას ჯერ აჭარის ავტონომიის გაუქმების საჭიროება დაუდასტურა, შედეგ კი აჭარის მოსახლეობა ავტონომიის მხარდასაჭერ მიტინგზე მიიწვია. 1991 წლის 22–23 აპრილს, ბათუმში გამართულ მიტინგებზე ვითარება გვარიანად დაიძაბა. ბევრი მიიჩნევს, რომ აღნიშნული მიტინგებით ასლან აბაშიძეს დარტყმები  ნოდარ იმნაძეზე მიჰქონდა. 25 აპრილს, “მრგვალი მაგიდის” აჭარის ორგანიზაციის შეკრებაზე იმნაძემ აბაშიძე სადამ ჰუსეინს შეადარა. ამ ამბების თანამედროვე, ისტორიკოსი უჩა ოქროპირიძე თავის ნაშრომში “საქართველოს ეროვნულ-გამათავისუფლებელი ბრძოლის თანამედროვე პერიოდი და აჭარა (1988.X. – 1994.III.1)” წერს: უნდა აღინიშნოს, რომ ა. აბაშიძე ამ პოსტზე, ფაქტიურად ნ.იმნაძის პროტექციით მოვიდა. მაგრამ შემდგომში განვითარებულმა მოვლენებმა, განსაკუთრებით კი 22-23 აპრილის აქციასთან დაკავშირებულმა ცნობილმა ამბებმა, მათ შორის მდგომარეობა უკიდურესად დაძაბა; და თუ მანამდე ნ. იმნაძე ა. აბაშიძეს აჭარაში, მისი აზრით, აქ გასატარებელი პოლიტიკის საყრდენად მიიჩნევდა, ამ მოვლენებმა მას დაანახა, რომ მისი ყოფილი პროტეჟე არც თუ ისე ადვილი სამართავი აღმოჩნდა, – ამასთან, მან მოახერხა ამავე აქციების წყალობით საკუთარი ძალაუფლების არა მარტო განმტკიცება, არამედ აჭარაში მიმდინარე პროცესებზე თითქმის სრული კონტროლის დაწესება. მანამდე თუ კი იმნაძის მიერ აბაშიძის მიმართ გამოთქმულ სიტყვებში, მისადმი დიდი იმედები ჩანდა (პირადად მომისმენია თბილისში საქართველოს უზენაესი საბჭოს სესიის სხდომათა შორის შესვენებაზე ნ. იმნაძესთან საუბარში), ამ აქციების შემდეგ მისი დამოკიდებულება აღნიშნული პიროვნებისადმი რადიკალურად შეიცვალა…”

ასლან აბაშიძის და მასთან დაახლოებული პირების წინააღმდეგ გამოძიება 2004 წელს დაიწყო. 2016 წლის 11 აგვისტოს ბათუმის საქალაქო სასამართლომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილ მეთაურს დაუსწრებლად მიუსჯა 15-წლიანი პატიმრობა. ა. აბაშიძეს რამდენიმე ბრალდება ჰქონდა წარდგენილი, მათ შორის ნოდარ იმნაძის მკვლელობასთან დაკავშირებით.