ტეგები

, , ,


1991 წლის გაზაფხულზე,  “მრგვალი მაგიდის” საპარლამენტო უმრავლესობასა და საპარლამენტო  ოპოზიციის წარმომადგენელ ნოდარ ნათაძეს შორის მწვავე დისკუსია უზენაესი საბჭოს კედლებს გასცდა. უმრავლესობა და საპარლამენტო ოპოზიციის ეს წარმომადგენელი ერთმანეთს ვრცელი საგაზეთო წერილებით გაეპაექრნენ.

საგულისხმოა, რომ კამათი არა მარტო მიმდინარე, არამედ წარსულ ამბებსაც შეეხებოდა: ერთის მხრივ ზვიად გამსახურდიას და “მრგვალი მაგიდის” როლს ეროვნულ – გამათავისუფლებელ მოძრაობაში, მეორე მხრივ “სახალხო ფრონტის” როლს პირველი მრავალპარტიული არჩევნების ( 1991წ. 28 ოქტომბერი) დანიშვნის საქმეში. ეს კი,  როგორც ჩვენი მკითხველისთვის ცნობილია, ჯერ კიდევ გუმბარიძის კომუნისტური ხელისუფლების მიერ მოხდა, მასზე ზვიად გამსახურდიას “მრგვალი მაგიდის” საპროტესტო აქციების ზეწოლის პირობებში.  გავიხსენოთ, რა პრეტენზიას უყენებდა “მრგვალი მაგიდის” უმრავლესობა “სახალხო ფრონტს” და მის თავმჯდომარეს აღნიშნულთან დაკავშირებით.

nodaras

 უფრო ადრე კი, სახალხო ფრონტის ყრილობაზე, თქვენ მომხრე იყავით “სახალხო ფრონტში” კომუნისტების დატოვებისა, რის გამოც მას გამოეყო  რადიკალური კავშირი. თქვენ და “სახალხო ფრონტს” არ მიგიღიათ მონაწილეობა არც ერთ საპროტესტო აქციაში, რომელიც მიზნად ისახავდა  დემოკრატიული არჩევნების დაშვებას, მათ შირის არც სამტრედიის რკინიგზის აქციაში, რომელმაც აიძულა მთავრობა დაენიშნა ეს არჩევნები. ასე რომ, თქვენი „ძალისხმევა“ უფრო იმ ბრძოლის წინააღმდეგ იყო მიმართული, რომელმაც მოიტანა დემოკრატიული არჩევნები  და უსისხლო რევოლუცია საქართველოში.” – ასე  მიმართავდნენ მრგვალი მაგდის” წარმომადგენლები  სახალხო ფრონტის” თავმჯდომარეს.  როგორი იყო ნოდარ ნათაძის პასუხი ?

nodara„საქართველოს ხალხო ფრონტი” 1990 წლის 25 მარტამდე ( როცა არჩევნები იყო დანიშნული), თითქმის ერთადერთი პოლიტიკური ორგანიზაცია იყო, რომელიც საარჩევნო ბრძოლის მომხრედ გამოდიოდა. ის „უსისხლო რევოლუცია“ ( თქვენი გამოთქმით), ანუ საპარლამენტო არჩევნებში მოპოვებული ის გამარჯვება, რომელზეც თქვენ ლაპარაკობთ, სხვა არაფერია, თუ არა საქართველოს „სახალხო ფრონტის“ მაშინდელი გეგმის განხორციელება.

თქვენ, „მრგვალი მაგიდის“ შემადგენელი პარტიები, მაშინ არჩევნებში მონაწილეობის წინააღმდეგნი იყავით, თუმცა გამარჯვების პრაქტიკული შესაძლებლობა, მაშინ, ეროვნულ მოძრაობას, მთლიანობაში აღებულს, ზუსტად იგივე ჰქონდა, რაც ოქტომბერ–ნოემბერში. თქვენი ერთობლივი პასიური ბოიკოტი უაღრესად აქტიურ ბოიკოტად  იქცა მას შემდეგ, რაც სახალხო ფრონტის” ინიციატივით საქართველოს სსრ უზენაესმა საბჭომ საქართველოს ანექსიის ფაქტი სცნო და ზემოხსენებულ დოკუმენტთა ბათილობა აღიარა.

თქვენი ვერსიით ის არჩევნები – 25 მარტის არჩევნები „საბჭოური” იყო, ოქტომბერ – ნოემბრისა კი „არასაბჭოური”. 25 მარტს, „საქართველოს სსრ“ უზენაეს საბჭოს ვირჩევდით, ოქტომბერ –ნოემბერში კი  – „საქართველოსას“. კი მაგრამ, თუკი 25 მარტის არჩევნებში გავიმარჯვებდით, განა პირველსავე სესიაზე ჩვენს ქვეყანას „სსრ“–ის სახელს ვერ მოვაშორებდით? განა ერთპარტიულ უპარტიო სისტემითა და დეპუტატების ინდივიდუალური არჩევით ვერ გავიყვანდით იმ პიროვნებებს, რომლებიც გვინდიდა? თქვენი პასუხი ვიცი: „ოფიციალურად მრავალპარტიული სისტემა ხომ მაინც სჯობია ოფიციალურად ერთპარტიულ ინდივიდუალურს და  ამთავითვე საქართველოს უზენაესი საბჭოს“ არჩევა ხომ სჯობია ჯერ „საქართველოს სსრ საბჭოს“ არჩევას და შემდეგ სახელის შეცვლას! ჩვენ განვჭვრიტეთ, რომ ამ მეორე, უკეთესი სისტემით მოგვეცემოდა არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა და ამიტომ უარვყავით პირველი და უარესიო. არა მეგობრებო, არაფერი არ განგიჭვრეტიათ  და არავითარ უკეთეს არჩევნებში მონაწილეობა თქვენ მაშინ აზრად არ გქონიათ! თქვენ შეგნებულად ჩაშალეთ არა 25 მარტის არჩევნები, იმ ლოგიკით, რომ არჩევნები მაინც ჩატარდებოდა და კომუნისტები მოიგებდნენ და ჩაშალეთ პატრიოტული ძალების გამარჯვება ამ არჩევნებში..”

“მრგვალი მაგიდის” საპარლამენტო უმრავლესობისადმი თავის ვრცელ მიმართვაში, ამავე საკითხზე, ნოდარ ნათაძე წერდა:

თქვენ „გხსომებიათ,“ თქვენი სიტყვებით, ჩემი „ალიანსი ბ–ნ გუმბარიძესთან“, რომელიც, თურმე, ცდილობდა არასგზით არ დაეშვა დემოკრატიული საარჩევნო კანონის მიღება გასული წლის 18 აგვისტოს სესიაზე. კანონისა, რომელმაც ისევ თქვენი გამოთქმით, საქართველოში „უსისხლო რევოლუცია,“ ანუ დღევანდელი უზენაესი საბჭოს არჩევნები მოიტანა. ეს ისეთი დეზინფორმაცია გახლავთ, რომელიც საზოგადოებისთვის უცნობ მრავალ გარემოებასთანაა დაკავშირებული, ამიტომ საჭიროდ ვთვლი, საქმე ცოტა ფართოდ განვმარტო.

ჩემი „ალიანსიბ–ნ გუმბარიძესთან, როგორც უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარესთან, იმაში მდგომარეობდა, რომ მე „სახალხო ფრონტის“ წევრ დეპუტატთა, აგრეთვე „დასის“ წევრთა ერთ ჯგუფთან ერთად შემქონდა საკანონმდებლო წინადადებები, რომლებიც გარკვეული მოლაპარაკების შემდეგ სესიაზე გადიოდა და მიიღებოდა იმავე პროცედურით, რაც საერთოდ არსებობდა იმ დროს…

25 მარტის არჩევნების არ ჩატარება და მათ ნაცვლად სხვა, ამჯერად მრავალპარტიული არჩევნების ჩატარება თქვენგან დამოუკიდებლად მოიფიქრა საქართველოს „სახალხო ფრონტმა“ და „დასმა.“ ამ ორგანიზაციათა მიერ დაიგეგმა, მომზადდა და გატანილ იქნა. მე მაქვს უფლება ეს სრული კატეგორიულობით გამოვაცხადო, რადგან სწორედ ის ადამიანი გახლავართ, ვისაც ეს აზრი პირველად დაებადა 25 მარტის არჩევნებში პატრიოტული ძალების დამარცხების მომლოდინეს და ვინც ამ გეგმის მიღწევის ლოგიკური სქემაც მოვიფიქრე. ჩვენ „საქართველოს სახალხო ფრონტმა“ მივმართეთ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმს განცხადებით, რომ, ვინაიდან სსრკ უზენაესმა საბჭომ გააუქმა თავისი კონსტიტუციის 6–ე  მუხლის ის რედაქცია, რომელიც კომპარტიის მმართველ პარტიად აცხადებდა, ჩვენ პრაქტიკული  შესაძლებლობა გაგვიჩნდა რეპრესიის შიშის გარეშე გავაუქმოთ ანალოგიური მუხლი ჩვენს კონსტიტუციაში. შესაბამისად, ჩვენ აღარ გვეკადრება ოფიციალური ერთპარტიულობის პირობებში არჩეული პარლამენტის ყოლა. ამიტომ, მოვითხოვეთ, დადგინდეს მრავალპარტიული არჩევნების ჩატარება. გაუქმდეს  25  მარტის არჩევნები, როგორც ერთპარტიული, და დაინიშნოს მრავალპარტიული არჩევნები. უფრო გვიან „სახალხო ფრონტის“ ეს მოთხოვნა ჩაბარდა იმას, ვისაც არჩვენების დანიშვნის და გაუქმების უფლება ჰქონდა. სახელდობრ პრეზიდიუმს. „სახალხო ფრონტის“ წევრ დეპუტატთა იმავე ჯგუფმა „დასელებთან“ ერთად კვლავ აწარმოა მოლაპარაკება პრეზიდიუმის თავმჯდომარესთან  და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან და მიაღწია შეთანხმებას მრავალპარტიული არჩვენების ჩატარების დადგენისთვის სესიის მიერ. ამავე მოლაპარაკებაზე  მიღწეულ იქნა  შეთანხმება ახალი საარჩევნო კანონის ზოგი დეტალის შესახებაც. მაგალითად, დეპუტატთა რაოდენობა 400– დან 300– მდე იქნა ჩამოყვანილი.

ის რაც მიღწეულ იქნა გაფორმდა სესიის დადგენილების სახით და გამოქვეყნდა, ასე რომ მისი შესრულება, პრინციპში, პრობლემას აღარ წარმოადგენდა. პრობლემას წარმოადგენდა ამ დადგენილების შესრულების დროულობა. სავსებით გეთანხმებით, რომ დადგენილების შესრულების დაჩქარებაში გარკვეული როლი ითამაშეს საზოგადოებრივმა აქციებმა. პირველ რიგში თსუ სტუდენტთა აქციამ! მაგრამ უმართებულოდ გაზვიადებულად მიმაჩნია თქვენი განცხადება სამტრედიის აქციის გადამწყვეტ როლზე.”

შეგახსენებთ, რომ 1990 წლის 7 თებერვალს სსრკ-ს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პლენუმმა უარი თქვა კომპარტიის ხელმძღვანელ როლზე და აღიარა საბჭოთა კავშირში მრავალპარტიული სისტემის შემოღება. მალევე უარი ითქვა საბჭოთა კავშირის კონსტიტუციის მექვსე მუხლზე, რომელიც ამბობდა: „ხელმძღვანელი და წარმმართველი ძალა საბჭოთა საზოგადოებისა, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა არის კომუნისტური პარტია. საბჭოთა კომუნისტური პარტია არის ხალხისთვის და ემსახურება მას.“ ამას წინ უძღოდა დიდი საპროტესტო გამოსვლები მოსკოვში. 1990 წლის 4 თებერვალს   300 000 -მდე მოსკოველმა დაუჭირა მხარი დემოკრატიულ ცვლილებებს. საბჭოთა კავშირის დედაქალაქში შედგა გრანდიოზული  საპროტესტო მარში, რომელზეც გამოტანილი ჰქონდათ ლოზუნგები: “არა კომუნისტურ პარტიას!” ” გაუმარჯოს თავისუფლებას!”