ტეგები

, ,


ალბათ საინტერესოა რას სთხოვდა და რას მოუწოდებდა მოსკოვში მყოფ ედუარდ შევარდნაძეს ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი. გაგაცნობთ უზენაესი საბჭოს დეპუტატის  (“მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველო”) ზურაბ წიქარიძის ღია მიმართვას სსრკ–ის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის  ედუარდ შევარდნაძისადმი, რომელიც გაზეთმა ‘საქართველოს რესპუბლიკამ” 1991 წლის მაისში გამოაქვეყნა. უზენაესი საბჭოს წევრი შევარდნაძისგან მოითხოვდა – მსოფლიოსთვის ეთქვა “სიმართლე” იმის შესახებ, რაც სამხრეთ ოსეთის ყოფილ ავტონომიურ ოლქში  ხდებოდა.

“ბატონო ედუარდ ვერ დავიჯერებ, რომ თქვენ არ იცოდეთ თუ რა ხდება საქართველოში. ვერ baდავიჯერებ, რომ თქვენ მხოლოდ ცენტრალური ტელევიზიიდან და ფლიდი საბჭოთა პრესის ფურცლებიდან ღებულობთ „ინფორმაციას“ საქართველოს შესახებ. და აი, აქ ისმება კითხვა: ნუთუ თქვენი გამჭოლი მზერა და ჭარბი სმენა, როცა ტელეგადაცემებს უცქერს, გასჭოლავს ტელემიმღებს და იფანტება სადღაც მის უკან, კედლებში, მაშინ როდესაც თქვენს სამშობლოს თავს ლაფს ასხამენ, ლანძღავენ, ამდაბლებენ და ცილს სწამებენ მთელი მსოფლიოს წინაშე…

ბატონო ედუარდ, თქვენ კარგად გიცნობენ მთელ მსოფლიოში ნამიბიიდან იაპონიამდე, ინდოეთიდან ისლანდიამდე, მაგრამ გვერწმუნე თქვენ არავინ გიცნობთ ისე, როგორც საქართველოში გიცნობენ. ნუთუ თქვენ არ ფიქრობთ, რომ როდესაც დრო დადგება, თქვენი სხეული ქართულმა მიწამ უნდა მიიბაროს.

გაქვთ შანსი ნაწილობრივ გამოისყიდოთ ის საქციელი, რომელიც თქვენ ჩაიდინეთ აქ თქვენი პირველკაცობის დროს. ბევრს არ ჩამოვთვლი, გაგახსენებთ მხოლოდ იმას, რომ ქართველებით გამოჭედეთ ციხეები იმის გულისთვის, რაშიც დამნაშავე თქვენი წინამორბედი პიროვნებები იყვნენ, რომელთა საქმესაც თქვენ აგრძელებდით.

ბატონო ედუარდ, გაყავით თავი და გააგებინეთ მსოფლიოს, რომ თქვენი სამშობლო განსაცდელშია, რომ მას უკანონოდ ართმევენ მიწა–წყალს და ქართველთა სიცოცხლეს, რომელიც გენეტიკურად არის ჩაკერებული ამ მიწა – წყალთან.

ბატონო ედუარდ! ის, რომ სამართლებრივ ქვეყანაში უკანონოდ დაპატიმრებულ კაცს მყისცე ათავისუფლებენ და უხსნიან ყოველგვარ ბრალდებას, თქვენ იცით და ყველგან იციან, თვით ნამიბიაშიც კი, ალბათ. ჰოდა გაყავით თავი და გააგებინეთ მსოფლიოს, რომ საქართველო უკანონოდ დააპატიმრეს“ 1921 წლის 25 თებერვალს და მანამდე აქ, დღეს მთელ მსოფლიოში ყბადაღებული სამხრეთ ოსეთის არსებობა არავის მოსვლია თავში.

გაბედეთ ბატონო ედუარდ, რადგაა ის, რასაც თქვენ ამ გამბედაობით მოიმკით, გაცილებით დიდი იქნება იმ მსხვერპლთან შედარებით, რისი გაღებაც მოგიწევთ თქვენი მანდაური პატრონების მრისხანების გამო.

ჩვენ, ბატონო ედუარდ, დიდი მსხვერპლის ფასად, მაგრამ მაინც ავაშებევთ ისეთ ქვეყანას, სადაც ადამიანთა შორის ურთიერთობა დამყარებული იქნება მცნებაზე: მოექეცი სხვას ისე, როგორც გინდა, რომ შენ მოგექცნენ. ჰოდა, ქენით ისე, რომ თუნდაც ერთი სიცოცხლით ნაკლები დაკარგოს საქართველომ თქვენი ძალისხმევით და მრავალი წლის შემდეგ სამშობლოში თქვენი დაკრძალვისას ვინმეს მაინც ეტკინოს გული.

თქვით, ბატონო ედუარდ, სიმართლე, ერთხელ თქვით! “