ტეგები

,


„1975 წელს შემაწუხა გრძნობამ, რომ მოვლენათა ობიექტი ვარ და ველოდები, რას ჰაველგადაწყვეტს ხელისუფლება, როგორ მომექცევა – დამაპატიმრებენ თუ არა, ჩემს დევნას უფრო გააძლიერებენ თუ არა? გადავწყვიტე, მემოქმედა, რომ, პირიქით, ისინი გამეწამებინა, იმით დატანჯულიყვნენ, როგორ მომქცეოდნენ. ასეთ სულიერ მდგომარეობაში მყოფმა დავწერე “ღია წერილი გუსტავ გუსაკს.”“ ვაცლავ ჰაველი

ეს ვრცელი და ძალზედ საინტერესო  წერილი საქართველოში 1991 წლის გაზაფხულზე გამოქვეყნდა. ჰაველის უმნიშვნელოვანესი ტექსტის თარგმანი მაშინ  მკითხველს  გაზეთმა „თავისუფალმა საქართველომ“ გააცნო. 1975 წელს ჩეხი დისიდენტი მის ქვეყანაში არსებულ სულიერ და მორალურ კრიზისზე წუხდა და აღნიშნავდა, რომ ეს კრიზისი საზოგადოებას ვერ წაიყვანდა პროგრესული განვითარების გზით. გთავაზობთ ერთ საყურადღებო ამონარიდს ჩეხოსლოვაკიის კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის გენერალურ მდივან გუსტავ ჰუსაკისადმი ვაცლავ ჰაველის ღია წერილიდან.

„თუ ადამიანი ყოველდღიურად  უსიტყვოდ ემორჩილება უვიც ხელმძღვანელობას, თუ ყოველდღიურად ასრულებს რიტუალებს, რომელნიც სინამდვილეში მას სასაცილოდ არ ჰყოფნის, თუკი ანკეტაში უნდომლად წერს იმის საწინააღმდეგოს, რასაც ფიქრობს და თანახმაა სახალხოდ თქვას უარი საკუთარ თავზე, თუკი ყოველგვარი გართულების გარეშე თვალთმაქცობს, რომ ესიმპატიურება, ანდა უყვარს ის, რის მიმართაც სინამდვილეში გულგრილია, ან სიძულვილს გრძნობს, ეს ჯერ კიდევ სრულებითაც არ ნიშნავს, რომ მასში დაშრა ერთ-ერთი ძირითადი ადამიანური  გრძნობა: დამცირების გრძნობა.

პირიქით .. და, თუმცა ამაზე არავინ ლაპარაკობს, ადამიანები ძალიან ზუსტად გრძნობენ, რით არის  გამოსყიდული მათი გარეგნული სიმშვიდე – მათი ადამიანური ღირსებების ხანგრძლივი დამცირებით. რაც უფრო ნაკლებად ებრძვის ამ დამცირებას, თუნდაც ამაში ეხმარებოდეს უნარი განდევნოს იგი თავისი შეგნებიდან და თავი მოიტყუოს, რომ განსაკუთრებული არაფერი ხდება, ანდა უბრალოდ კბილი კბილს დააჭიროს,  მით უფრო ღრმად აღიბეჭდება ყოველივე ეს მის გრძნობით მეხსიერებაში.

ის, ვისაც შეუძლია უშუალო წინააღმდეგობა გაუწიოს  დამცირებას, შეძლებს დაივიწყოს იგი, და პირიქით, ვინც შეძლებს დიდი ხნის განმავლობაში მის მდუმარედ ატანას, შეძლებს დიდი ხნითაც დაიმახსოვროს იგი, და, მაშასადამე, სინამდვილეში არაფერი რჩება დავიწყებული: მთელი გადატანილი შიში, მთელი იძულებითი თვალთმაქცობა, მთელი ეს აუტანელი და უღირსი ჯამბაზობა და, ალბათ, ყველაზე მეტად, გამოჩენილი სიმხდალის გრძნობა – ყველაფერი ეს  სადღაც საზოგადოებრივი შეგრძნების ფსკერზე ილექება და გროვდება და უჩუმრად მუშაობს.

ეს, რა თქმა უნდა, არაა ჯანსაღი სიტუაცია.  წყლული დროულად არ არის ოპერირებული, ნელ-ნელა ჩირქდება, ჩირქი კი ვერ გამოდის სხეულიდან, საწამლავი ვრცელდება მთელ ორგანიზმში.

ბუნებრივ ადამიანურ გრძნობას არ შეუძლია დიდხანს ობიეტივიზირება და წმინდა გრძნობით მეხსიერება ნელა-ნელა გადადის არაჯანსაღ კრუნჩხვებში, რაღაც შხამიანში – ისევე , როგორც არასრულყოფილი დაწვით წარმოქმნილი ნახშირჟანგი.

და რა გასაკვირვია, რომ იმ წუთში, როდესაც საფარველი გასკდება და ცხოვრების ლავა გამოხეთქს, მასში წარსული დანაშაულის გამოსწორების გაბედული მისწრაფების გვერდით და. სიმართლის და ცვლილებათაკენ სწრაფვის ცხოვრებისეული მოთხოვნილების ადეკვატურად, ჩნდება ბოღმიანი სიძულვილის, ღვარძლიანი შურისგების ელემენტები და რაღაც ციებცხელებიანი სწრაფვა დაუყოვნებელი დაკმაყოფილებისა მთელი გადატანილი დამცირების გამო.“