ტეგები

, ,


ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებამ  ნაციონალური არმიის ფორმირებაზე ზრუნვა ეროვნული გვარდიის ჩამოყალიბებით დაიწყო. 1991 წლის 26 მაისს გვარდიელებმა საზეიმო ფიცი დადეს ქვეყნისა და პრეზიდენტის წინაშე, თავდაცვის კომისიის თავმჯდომარე კი  თენგიზ კიტოვანი იყო. 1991 წლის ივნისში ის კმაყოფილებით იხსენებდა, თუ  როგორი აღმაფრთოვანებელი იყო ყველასთვის და, განსაკუთრებით, პრეზიდენტ გამსახურდიასთვის,  ეროვნულ სტადიონზე გვარდიელების გავლა ქართველი ოფიცრების წინამძღოლობით. „დამოუკიდებლობის გაკვეთილები” გთავაზობთ ამონარიდს  გაზეთ „ეროვნულ გვარდიაში” გამოქვეყნებული ინტერვიუდან, რომელშიც შეკითხვებს თავდაცვის კომისიის თავმჯდომარე თენგიზ კიტოვანი პასუხობდა, ხელისუფლების შეიარაღებული გზით დამხობამდე  6 თვე რჩებოდა.

„ – ბატონო თენგიზ, სამი თვეა, რაც ჩამოყალიბდა ეროვნული გვარდია. კმაყოფილი ხართ ტენგოიმით, რაც ამ პერიოდში გაკეთდა?

  • ყველაფრით კმაყოფილი ვინ და როდის ყოფილა? მთავარი საქმე გაკეთდა – გვარდიას საფუძველი ჩაეყარა და უკან დახევა არ შეიძლება. მეტიც – ეროვნული ჯარი უკვე მყარად დადგა ფეხზე.

– თავიდან შინაგან ჯარზე იყო ლაპარაკი..

– დიახ. და ეს კეთდებოდა ტაქტიკური მოსაზრებით. თავიდანვე ყველაფერს ვერ ვიტყოდით. ჩანასახშივე მოსპობდნენ იმპერიული ძალები ეროვნულ გვარდიას, სხვაგვარი ინტერპრეტაცია რომ მიგვეცა ჩვენი მოქმედებისთვის, ფრჩხილები რომ გაგვეხსნა. დღეს, მოგეხსენებათ, საქართველოს დამოუკიდებლობა უკვე გამოცხადებულია და ასე ხელაღებით ვერავინ გაბედავს ჩვენს დათრგუნვას. 

-ე.ი დღეს ყალიბდება ეროვნული ჯარი?

-დიახ. ეს აუცილებლად საჭიროა. სავსებით დასაშვებია სიტუაციები, როდესაც ჩვენ შეიძლება სრულიად დაუცველნი დავრჩეთ: საქართველოდან გაიყვანონ ის სამხედრო ძალა, რომელიც ახლა დგას ჩვენს სამშობლოში. ასეთი ვითარებისთვის მზად უნდა ვიყოთ. ამ დროს ყველაფერია მოსალოდნელი: ახალი ოკუპაცია, ახალი ანექსია, სულერთია ვისი მხრიდან. მერე – თავიდან უნდა დაიწყოს ბრძოლა თავისუფლებისთვის.

– ცალკე თემაა ქართველი ოფიცრები…

-ჩვენ მოვიზიდეთ ის ოფიცრები, რომლებიც სსრკ არმიაში იყვნენ გაბნეული და პრაქტიკულად საქართველოსთვის დაკარგულნი. ეროვნულ სტადიონზე ფიცის დადების ცერემონიალი ხომ გახსოვთ? რა ვაჟკაცები გამოჩდნენ მაშინ, როგორ ემოციურად აღიქვა ბატონმა ზვიად გამსახურდიამ ეს მოვლენა – ქართველი ჯარის გავლა ქართველი ოფიცრების წინამძღოლობით! 70 წელიწადი ასეთ რამეზე ოცნებაც არ შეგვეძლო. 26 მაისს ჩვენ ხალხს დავანახეთ რას წარმოადგენს დღეს ეროვნული გვარდია. რასაკვირველია, ყველა დონის მეთაურის აღზრდა ჩვენი სერიოზული ზრუნვის საგანია და გადაწყვეტილი გვაქვს აღვზარდოთ ისინი იქ, საიდანაც ჩვენი ტრაგედია დაიწყო – შავნაბადაზე. აქ უკვე მიმდინარეობს სპეციალური სამუშაოები. გავიმარჯვებთ იქ, სადაც დავმარცხდით.”

ქვემოთ მოყვანილი ფოტო 1991 წლის ქართულ პრესაში იყო გამოქვეყნებული, ის 26 მაისს არის გადაღებული და  გვარდიელების მიერ ფიცის დადების ცერემონიალს ასახავს.

 

ფიცი