ტეგები

, ,


მერაბ მამარდაშვილი უკვე გარდაცვლილი იყო. გაზეთმა „მამულმა”მის გასახსენებლად გამოაქვეყნა, უზენაესი საბჭოს არჩევნებში ზვიად გამსახურდიას ბლოკის გამარჯვებიდან რამდენიმე დღეში ჩაწერილი ინტერვიუ სახელოვან ფილოსოფოსთან. ვნახოთ ხსენებულ ინტერვიუში რა ძირითად პრეტენზიას უყენებდა  „მრგვალ მაგიდას” მერაბ მამარდაშვილი, რომელსაც მანამდე ნათქვამი ჰქონდა: „თუკი საქართველო ზვიად გამსახურდიას აირჩევს, მე მომიწევს ჩემი ხალხის წინააღმდეგ წასვლაო, ეს იყო პოლიტიკური თამაშიდან მაშინდელი ინტელიგენციის გამოთიშვის პრეტენზია. 

mama

„სამწუხაროდ „მრგვალი მაგიდის“ შემადგენლობა ისეთია, რომ მასში თითქმის გამორიცხულია ქართველი ერის ინტელექტუალური ელემენტი. ეს უკვე ტრაგედიაა! ასეთი რამ უკევ მოხდა 1917 წელს რუსეთში, სადაც ინტელიგენცია ჯერ გამოთიშეს პოლიტიკური ცხოვრებიდან და როდესაც  მან არ დაიჩოქა ლენინის წინაშე,  ბელადმა მას „ხალხის ტვინი“ კი არა –  „ნეხვი“ უწოდა. დღეს ჩვენშიაც იგრძნობა ტენდენცია – გამოთიშონ ინტელექტი, გამოთიშონ ინტელიგენცია და თუ მან არ დაიჩოქა,  მას დაერქმევა – ნეხვი. ეს იქნება ერის ტრაგედიის მაუწყებელი.

ვნახოთ სია! არის  სათანადო კომპეტენციის და განათლების მატარებელი ხალხი? თვითონ ზვიადი არის პოლიტიკოსი. მე შეიძლება ვიყო მისი პოლიტიკური მოწინააღმდეგე, მაგრამ ვაღიარებ, რომ იგი პოლიტიკოსია. მის გვერდით მე ვერ ვხედავ ასეთებს, გარდა ვთქვათ პაატაშვილისა, კომპეტენციის ელემენტს მე ვგრძნობ მასში. როგორ უნდა მართოს ასეთმა უზენაესმა საბჭომ ქვეყანა?! მე მგონი თვითონაც გრძნობს ამას გამსახურდია.

დაკმაყოფილდა ამბიცია, რაც თავისთავად არ არის მანკი, მაგრამ ვინ უნდა წარმართოს პოლიტიკა? ინტელექტის გამოთიშვა უკვე მოხდა და მოხდა არა გამსახურდიას ინტრიგის შედეგად, არამედ ხალხმა აღიქვა ასე და  გადაწყვიტა, ესაა უბედურება!

მე მოვალე ვარ ვუთხრა ხალხს: ვინ ხართ? რა ხართ? არ გჭირდებათ თქვენი სისხლი და ხორცი, თქვენი ინტელიგენცია? იმიტომ, რომ ეს ურაპატრიოტული რაღაცეები გაკმაყოფილებთ? იმიტომ ,რომ გული მოიფხანოთ, რომ ლამაზები ვართ, „რაც კარგები ვართ, ქართველები ვართ ?!“ ეს პროვინციული ტრაბახი და ამპარტავანება გაკმაყოფილებთ? ასე წყვეტთ  ქვეყნის ბედს?

მე პირადად არც ერთ პარტას არ ვეკუთვნი..

მე ვეცდები არ დავუშვა ჩემს თავში ისეთი პოლიტიზაცია, რომ  ვერ დავინახო კეთილი საქმე, გაკეთებილი დეპუტატის, ან დეპუტატთა ჯგუფის მიერ, რომლებიც „მრგვალ მაგიდას“ ეკუთვნის, იმიტომ რომ მას ეკუთვნის – არ დავინახო და მხარი არ დავუჭირო. ეს ჩემთვის ზნეობრივად შეუძლებლია.”