ტეგები

, , ,


1991 წლის 26 მაისს საქართველოში ჩატარდა პირველი საპრეზიდენტო არჩევნები, რომელშიც ზვიად გამსახურდიამ გაიმარჯვა. ჩვენი პროექტის ფარგლებში გაგაცნობთ ზვიად გამსახურდიას საპრეზიდენტო საარჩევნო პროგრამის საინტერესო მომენტებს. ამჯერად, შემოგთავაზებთ  პროგრამის ეკონომიკურ ბლოკში ჩამოყალიბებულ მთავარ დაპირებებს. საინტერესოა, რომ საქართველოს, როგორც ევრაზიის დამაკავშირებელი ხიდის ისტორიული ფუნქციის აღდგენის დაპირება და ამოცანა პირველი პრეზიდენტის – ზვიად გამსახურდიას –  პროგრამის ნაწილი  ყოფილა.

1991 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ ქართულ პრესაში გამოქვეყნებულ ვრცელ პროგრამაში ვკითხულობთ:

“28 ოქტომბერს ისტორიულ არჩევნებში ხალხმა ხმა მისცა ბლოკ „მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველოს“ ეკონომიკურ პროგრამას, რომლის ძირითადი მიმართულება იყო საქართველოს ეკონომიკური აღორძინება თავისუფალი მეწარმეობის განვითარების გზით.

zviadiგანვლილმა ექვსმა თვემ თვალნათლივ დაგვანახა,  რომ ეროვნული მთავრობის ძალისხმევის, უზენაესი საბჭოს მიერ ახალი ეკონომიკური კანონების მიღების მიუხედავად, ცენტრის ეკონომიკური მარწუხებისგან სრულად ჯერ კიდევ ვერ განვთავისუფლდით. ფასების სწრაფი ზრდა, ინფლაციის მაღალი ტემპი, საფინანსო და მატერიალური რესურსების შეზღუდვა– აი, ის იარაღი, რომლითაც ცენტრი საქართველოს დიდ ზიანს აყენებს. რესპუბლიკის ხელისუფლება ყოველმხრივ ცდილობს შეუმსუბუქოს მოსახლეობას კრემლის მიერ მიღებული ეკონომიკური გადაწყვეტილებებით მიყენებული ზარალი. ამას ადასტურებს თუნდაც ფულადი ნიშნების შეცვლის კამპანია, რომელიც ჩვენი  მოსახლეობისთვის მაქსიმალურად შეღავათიან პირობებში, ცენტრის მიერ დადგენილი რეგლამენტაციის დარღვევითაც კი ჩატარდა. საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტისა და  მთავრობის მიერ მიღებულ იქნა რიგი ბრძანებულებები და დადგენილებები, რომელთა თანახმად გაუქმდა საქალაქო მიწისზედა, საგარეუბნო და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მომატებული ტარიფები, პურისა და რიგი პირველადი მოთხოვნილების საქონლის მომატებული ფასები, უმრავლეს სახეობათა საქონლის პროდუქციაზე გაყიდვის გადასახადი. გარდა ამისა ფასების რეფორმასთან დაკავშირებით კომპენსაციები მოემატა ბავშვებიან ოჯახებს.

წინამორბედი ხელისუფლების ანტიხალხური ეკონომიური პოლიტიკის, უგერგილო და უყაირათო მუშაობის შედეგების აღმოფხვრა გვიწვეს. სოფლის მეურნეობის  განვითარების უდიდესი მნიშვნელობის გათვალისწინებით და მშენებლობაში შექმნილი მძიმე მდგომარეობის გამო, სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტურობის  პირობებში, სახელმწიფო იძულებული იყო ამ დარგების საწარმოთათვის მილიარდ მანეთზე მეტი ვადაგადაცილებული დავალიანება ჩამოეწერა.

9 აპრილს დამოუკიდებლობის აქტის მიღებით  მოსკოვთან დამოკიდებულება კარდინალურად იცვლება. დღის წესრიგში დგება ეროვნული ეკონომიკის ფორსირებული ტემპით ჩამოყალიბებისა და ცენტრის მიერ საქართველოს ეკონომიკური ექსპლუატაციისგან თავის დაღწევის ამოცანა. ნებისმიერი ჩვენი ნაბიჯი სწორედ ამ მიმართულებით იქნება გადადგმული.

საქართველოს რესპუბლიკის რეალური დამოუკიდებლობის აღდგენის ეკონომიკურ საფუძველს წარმოადგენს  საკუთრების სხვადასხვა ფორმებზე აგებული,  ცივილიზებული სამყაროს ეკონომიკური კანონებით მოქმედი და ქართულ ყოფით ტრადიციებზე დაფუძნებული ეკონომიკა. უნდა მოხდეს  სახელმწიფო საკუთრების განსახელმწიფოებრიობა, იმ ვარაუდით, რომ სახელმწიფოს საკუთრებაში დარჩება მხოლოდ ის საწარმოები, რომელთა ფუნქციონირებაც კერძო მეწარმეობის პრინციპებზე დროის მოცემულ მონაკვეთში გაუმართლებელი იქნება.

სახელმწიფოს ჩარევა ეკონომიკაში იმ ზომით,  რომელიც აუცილებელია ქვეყნის ერთიანი პოლიტიკური და სოციალ–ეკონომიკური ინტერესების ხორცშესხმისა და სამეურნეო საქმიანობის განვითარებისთვის.

სახელმწიფო მონოპოლისტური სისტემის ლიკვიდაცია ძალზე მნიშვნელოვანია, მაგრამ იგი პრობლემის მხოლოდ ერთი მხარეა. არანაკლები მნიშვნელობა აქვს ისეთი ეკონომიკური სისტემის შექმნას, რომელიც პასუხობს ადამიანთა მოთხოვნილებებს. ასეთად სოციალური საბაზისო მეურნეობა მიგვაჩნია, მის პირობებში ერთმანეთთან შეთანხმებულია თავისუფალი შრომის და სოციალური უფლებების გარანტიები, საკუთრებისადმი პატივისცემა და საზოგადოებრივი სარგებლობა, თავისუფალი მეწარმეობა და კეთილსინდისიერი კონკურენცია.

„ეკონომიური თავისუფლება, სოციალური სამართლიანობა და გარემოსადმი პასუხისგმებლური დამოკიდებულება..  ჩვენი იმ საერთო მიზნის აუცილებელი ელემენტებია, რომელიც გულისხმობს საბაზრო ეკონომიკის განვითარებას, მყარ ეკონომიკურ ზრდას, სოციალურ სამართლიანობას, აყვავებას, დასაქმების გადიდებას და ეკონომიკური რესურსების ეფექტიანად გამოყენებას. ( პარიზის ქარტია  ახალი ევროპისათვის).“

პირველყოვლისა  საჭიროა ისეთი სამეურნეო  კანონების მიღება, რომლებიც წარმოების ძირეულ რგოლებს მიანიჭებს ეკონომიკურ დამოუკიდებლობას და მაქსიმალურად შეზღუდავს სხვა ორგანოთა ჩარევას მათ  სამეურნეო საქმიანობაში. ახალ სამეურნეო კანონმდებლობას მხოლოდ მაშინ ექნება სათანადო ეფექტი, როცა სამოქმედოდ ძალაში შევა არა  ცალკეული კანონები, არამედ ნორმატიული აქტების მთელი პაკეტი ერთდროულად, რომელსაც საქართველოს პარლამენტი ამზადებს.

კანონპროექტთა პაკეტის პირველ წყებაში აუცილებლად იქნება: კანონი პრივატიზაციის შესახებ, კანონი სამეწარმეო საქმიანობის შესახებ, კანონი საკუთრების შესახებ,  კანონი მიწის  კერძო საკუთრებაში გადაცემის შესახებ, მიწათმოწყობისა და მიწათსარგებლობის შესახებ,  კანონი გლეხური მეურნეობის შესახებ,  კანონი დასაქმების შესახებ, კანონი საგადასახადო სისტემის შესახებ, კანონი სააქციო საზოგადოების შესახებ, კანონი სამეურნეო ამხანაგობის შესახებ, კანონი ინვესტიციების შესახებ, კანონი ერთობლივი საწარმოების შესახებ, ანტიმონოპოლიური კანონი, კანონი სოციალური გარანტიების შესახებ, კანონი სახელმწიფო და კერძო დაზღვევის შესახებ.

აღსანიშნავია, რომ ამ კანონპროექტთა უმრავლესობა უკვე მომზადებულია ან მზადების პროცესშია.

საქართველოს  ეკონომიკის საფუძვლად უნდა იქცეს კერძო საკუთრება. საკუთრებისდამი პატივისცემა ადამიანს  საშუალებას აძლევს უკეთ გაიგოს და შეასრულოს საზოგადოებრივი მოვალეობანი: კერძო საკუთრება არის არა მარტო პრივილეგია მესაკუთრისათვის, არამედ მოვალეობა, ვალდებულება საზოგადოების წინაშე.

საქართველოს ეკონომიკური სუვერენიტეტის დაცვა მისი შემდგომი განმტკიცება მოითხოვს თავსმოხვეული, კოლონიური სტრუქტურების დემონტაჟს და ერის ინტერესების შესაბამისად მის ხელახალ ფორმირებას.

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

აქვე ზვიად გამსახურდიას საპრეზიდენტო პროგრამის ეკონომიკის ბლოკში მინიშნებული რამდენიმე მთავარი მიმართულების შესახებ

                                            სოფლის მეურნეობა

საქართველო მაღალგანვითარებულ აგრარულ ინდუსტრიულ ქვეყნად უნდა იქცეს, რაც სასოფლო – სამეურნეო წარმოების სფეროს რადიკალურ გაუმჯობესებას მოითხოვს. იგი პირველ რიგში უნდა ემსახურებოდეს ადგილობრივი მოსახლეობისა და განვითარებული საკურორტო ტურისტული მეურნეობის მოთხოვნილებათა სრულ დაკმაყოფილებას.

                                            ენერგეტიკის სფერო

რესპუბლიკაში სათბობ –ენერგეტიკული რესურსების წარმოების მოცულობის გადიდება.

წარმოებისა და მოხმარების სფეროში პროდუქციისა  და მომსახურების ერთეულზე ენერგოდანახარჯების მკვეთრი შემცირება, ენერგორესურსების გამოყენების მკვეთრი გაუმჯობესების ეროვნული პროგრამის შემუშავება.

საბჭოთა კავშირში შემავალი რესპუბლიკებიდან და უცხოეთის ქვეყნებიდან პირდაპირი ეკონომიკური კავშირების მეშვეობით ენერგორესურსების მიღება;

ენერგიის არატრადიციული წყაროების ფართოდ გამოყენება, მცირე და საშუალო ჰიდროელექტროსდგურების მშენებლობა.

                                         საინვესტიციო პოლიტიკა

საქართველოს რესპუბლიკაში საინვესტიციო პოლიტიკა უნდა განხორციელდეს სახელმწიფო, კერძო, კოლექტიური და უცხოური ინვესტიციების ხარჯზე მათი დაბანდების, გამოყენებისა და დაცვის მტკიცე გარანტიების შექმნით, მსოფლიოში აღიარებული ფორმების გათვალისწინებით.

საინვესტიციო პოლიტიკის უმთავრესი მომენტები უნდა განისაზღვროს შემდეგი ფაქტორების გათვალისწინებით:

საქართველოს რესპუბლიკის სამეურნეო სისტემების პრიორიტებები, ტრადიციები და თავისებურაბენი;

შიდარესპუბლიკური საწარმოო და სამომხმარებლო მოთხოვნები:

მეცნიერულ–ტექნიკური პროგრესის თანამედროვე დონე;

მსოფლიო ეკონომიკის განვითარების ტენდენციები.

                          საფინანსო და ფულად საკრედიტო სისტემა

საქართველოს ეკონომიკის ნორმალური ფუნქციონირების, ეროვნული ეკონომიკის აღირძინებისა და განვითარების აუცილებელი პირობაა საკუთარი საფინანსო და ფულად საკრედიტო სისტემა, რომლის ძირითადი შემადგენელი ნაწილები უნდა იყოს:

ორიარუსიანი საბანკო სისტემა,  რომლის სათავეში იქნება ცენტრალური ეროვნული ბანკი, ხოლო მეორე იარუსზე განლაგდებიან კომერციული ბანკები. ცენტრალური ეროვნული ბანკის ფუნქცია იქნება: ფულის მიმოქცევის, ემისიის, დაკრედიტების,  დაფინანსების, ანგარიშსწორებისა და სავალუტო ურთიერთობათა სფეროში რესპუბლიკის ერთიანი პოლიტიკის გატარება, ფულად საკრედიტო სისტემის ცენტრალიზებული მართვა მყარი ფულადი მიმოქცევისა და  ქართული ფულის მსყიდველობითი უნარის განმტკიცების უზრუნველყოფა, მისი გასაცვლელი კურსის დადგენა სხვა ქვეყნების ფულად ერთეულებთან მიმართებაში და სხვა. კომერციული ბანკები კი თავიანთი საქმიანობით შექმნიან თავისუფალი საბაზრო ურთიერთობების განხორციელების აუცილებელ წინაპირობას, ერთიანი საბანკო სისტემის ჩამოყალიბებასთან ერთად

                                           ევრაზიული დერეფანი

programaსაქართველოს უნიკალური გეოგრაფიული მდებარეობა უცხოეთთან მჭიდრო სატრანსპორტო კავშირების დამყარების შესაძლებლობის, საქართველოს ეკონომიკური აღორძინების მნიშვნელოვანი რეზერვია. ამიტომ აუცილებელია აღდგეს საქართველოს, როგორც ევრაზიის დამაკავშირებელი ხიდის ისტორიული ფუნქცია, რაც აუცილებლად მოითხოვს საქართველოს საზღვაო ( ბათუმი, ფოთი, სოხუმი) და საჰაერო კარიბჭეთა ოპტიმალურ გამოყენებას და მათ სწრაფ რეკონსტრუქვიას. ამასთან განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს საავტომობილო ტრანსპორტის, როგორც მეზობელ ქვეყნებთან კონტაქტების, შიდა რესპუბლიკური გადაზიდვებისა და მნიშვნელოვანი ტრანზიტული შემოსავლების მიღების საუკეთესო საშუალებებს.