ტეგები

, , ,


1991 წლის 14 მაისს   საქათველოს პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდია  სსრკ შს მინისტრს ბ. პუგოს მიმართა და შეატყობინა, რომ 13 მაისს ქ. ცხინვალში დისლოცირებული შინაგანი ჯარების ნაწილი, რომელიც ახორციელებდა „რეიდს“ ყოფილი  ავტონომიის ტერიტორიაზე, შეიჭრა გორის რაიონის ერთ – ერთ სოფელში და სოფლის ცენტრში შეკრებილი მაცხოვრებლების თვალწინ ჩამოგლიჯა და შეურაცხყო სკოლის შენობაზე აღმართული საქართველოს ეროვნული დროშა.

„თქვენდამი რწმუნებული ჯარის ნაწილები, რომლებიც  არაერთგზის ავიწროებენ მშვიდობიან მოსახლეობას, სტაცებენ ქონებას, პირუტყვს და სჩადიან სხვა ძალადობას, ახლა უკვე მთელი ქართველი ხალხის თავმოყვარეობისა და ღირსების შემლახავად მოიქცნენ.“- აღნიშნავდა ბ. პუგოსადმი  მიმართვაში ზვიად გამსახურდია. ის მოითხოვა სსრკ შინაგანი ჯარის ნაწილების თავნებობის აღკვეთას და მოძალადეების დასჯას.

უკვე 16 მაისს, საქართველო პრეზიდენტმა სსრკ თავდაცვის  მინისტრს დ. იაზოვს და ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სარდალს პატრიკეევს მიმართა. ამ შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლების პირველი პირი გორში საბჭოს ჯარის წარმომადგენლებს მიერ ჩადენილ შემზარავ დანაშაულს, ბავშვის მკვლელობას გმობდა და დამნაშავეების უმკაცრესად დასჯას მოითხოვდა.

„ქ. გორში ჯარისკაცები  გამოეკიდნენ ბავშვებს, რომლებიც ფეხბურთს თამაშობდნენ სამხედრო ქალაქის ტერიტორიაზე, შემდეგ კი ავტომატებით  ცეცხლი დაუშინეს მათ, რის შედეგად მოკლული იქნა 14 წლის ზაზა კაკაშვილი. საქართველოს რესპუბლიკის ხელმძღვანელობა და ხალხი აღშფოთებულები ვართ ამ გაუგონარი ბარბაროსული აქტით.  მოვითხოვთ სასწრაფოდ გამოძიებას და დამნაშავე პირთა დასჯას, წინააღმდეგ შემთხვევაში მთელი მორალური და იურიდიული პასუხისმგებლობა დაგეკისრებათ თქვენ.“