ტეგები

, , ,


1991 წლის მაისში გაზეთი “საქარველოს რესპუბლიკა” შეეცადა მკითხველისთვის შეექმნა მკაფიო წარმოდგენა იმის შესახებ, თუ რას ფიქრობდა საბჭოთა კავშირის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ედურად შევარდნაძე საბჭოთა კავშირში მიმდინარე პროცესებზე, ახალი სამოკავშირეო ხელშეკრულების საკითხზე, საქართველოს ახლადარჩეულ ხელისუფლებაზე და 31 მარტის რეფერენდუმზე საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის მიერ გაკეთებულ არჩევანზე. გაზეთმა გამოაქვეყნა შევარდნაძის მიერ სხვადასხვა ინტერვიუებში ჩამოყალიბებული მოსაზრებები და მათ ასეთი შინაარსის სარედაქციო განმარტებაც დაურთო:

“ედუარდ შევარდნაძე კვლავ ამტკიცებს, თბილისში და ვილნიუსში ხალხის ხოცვა–ჟლეტის შესახებ გორბაჩოვმა და მთავრობამ არაფერი იცოდნენო. ამავე დროს აღიარებს, რომ ადგილებზე  უშიშროების ღონისძიებების განმტკიცებისთვის, ხალხისა და ქონების დაცვისთვის დამხმარე ნაწილების გაგზავნა მოსკოვის ბრძანებით იყო გათვალისწინებული.

ამხანაგი ედუარდი ოსებსა და ქართველებზე ისე ლაპარაკობს, თითქოს თვითონ ამერიკელი იყოს, შორიდან უყურებდეს და არ ესმოდეს რა ხდება მის სამშობლოში, სამაჩაბლოში. იმის მეტს არაფერს ამბობს, რომ ქართველებსაც  და ოსებსაც უნდა ეყოთ ჭკუა და მრავალი ათეული წლის მეგობრობა აღადგინონ, ხოლო ვინ ვის ესხმის თავს, ამაზე კრინტს არ ძრავს. განა ძნელი იყო იმის თქმა, რომ საქართველო, რომელიც დამოუკიდებლობისთვის იბრძვის სისხლხორცეულად არის დაინტერესებული, რომ მის ტერიტორიაზე მშვიდობა იყოს.”

 

 

2

                               “საქართველოს რესპუბლიკა”. 1991 წ. მაისი

„ბოლო პერიოდში, საბჭოთა კავშირის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრ ედუარდ შევარდნაძესთან რამდენიმე ინტერვიუ აიღეს. გთავაზობთ შევარდნაძის პასუხებს, რომლებიც მის მსოფლმხედველობას და საქართველოს ეხება.

გერმანული ჟურნალის „შტერნის“ კორესპონდენტი ეკითხება შევარდნაძეს – შესაძლებელი იყო თუ არა საბჭოთა კავშირში ეროვნული კომპრომისების მთავრობის შექმნა?

პასუხი: დიახ, შესაძლებელი იყო, მაგრამ ბევრი გადაწყვეტილების მიღება დაგვიანდა.

შეკითხვა: კერძოდ?

პასუხი: საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლა. უფრო ადრე უნდა გადავსულიყავით, 2–3  წლის წინ. ახლა კი ვშიშობ, დრო დავკარგეთ. ეს შეეხება ეროვნულ საკითხსაც. ჩვენ რომ ახალი სამოკავშირეო ხელშეკრულების იდეა 2–3 წლის წინათ წამოგვეყენებინა, დღეს პრობლემა არ გვექნებოდა. ახლა კი ცენტრი იძულებულია ნაბიჯ–ნაბიჯ უკან დაიხიოს.

შეკითხვა: ახლა საბჭოთა იმპერია ირღვევა?

პასუხი: ჩვენ უნდა შევქმნათ და ეს სასიცოცხლო აუცილებლობაა, სრულიად ახალი კავშირი რესპუბლიკებს შორის, რომელიც რესპუბლიკების თანასწორუფლებიანობზე იქნება დაფუძნებული. იქნებ საჭირო იყოს ახალი სამოკავშირეო ხელშეკრულების არეალის გაფართოებაც.

შეკითხვა: შესაძლებელია თუ არა ზოგიერთი რესპუბლიკის დაუყოვნებლივ გასვლა?

პასუხი: ამისათვის დრო იქნება საჭირო. მაგალითად, ბალტიისპირეთის რესპუბლიკები.. მე მესმის გორბაჩოვის, რომელიც მოითხოვს კონკრეტულ პროცედურას გასვლისთვის. ეს კონსტიტუციის ფარგლებში უნდა მოხდეს, სხვაგვარად არანორმალური იქნება. ლიტვაში ტანკების  გამოყენება ფატალური შეცდომა იყო, რომელსაც მე ვგმობ. ტანკებზე არ შეიძლება ახალი  კავშირის აგება.

ფრანგული „მონდი“

შეკითხვა: თბილისში მომხდარი რეპრესიების შემდეგ, თქვენ იქ ვითარების გამოსაძიებლად მიგავლინეს, როგორია დასკვნები და, როგორია თქვენი შეხედულება იმის შესახებ, რომ იგივე სცენარი განმეორდა მიმდინარე წლის იანვარში ვილნიუსში?

პასუხი: მე ვერ გეტყვით, რომ ეს იყო რომელიმე სცენარის განმეორება. ეს სხვადასხვა ამბებია.

შეკითხვა: მაგრამ თქვენ ხომ ორივე შემთხვევაში ამბობდით, რომ სამხედროები მოქმედებდნენ საკავშირო მთავრობასთან შეუთანხმებლად?

პასუხი: ამ შემთხვევაში რაღაც კავშირი არსებობს. თბილისის მოვლენების შესახებ ჩემი მთავარი დასკვნა იმაში მდგომარეობს, რომ პოლიტიკურ ხელისუფლებასა და სოციალურ ძალებს შორის, ე.წ. ოპოზიციის ჩათვლით, არ იყო დიალოგი. დიალოგი საჭიროა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ტრაგედია ხდება. იგივე შემიძლია ვთქვა ვილნიუსის შესახებაც.

შეკითხვა: დასაჯერებელია თუ არა მტკიცება ორივე შემთხვევაში, რომ საკავშირო მთავრობამ მომხდარი ამბების შესახებ არაფერი იცოდა?

პასუხი: რაც შეეხება თბილისის ამბებს.. მე მოწმე ვარ იმისა, რომ გორბაჩოვმა არაფერი იცოდა. არაფერი ვიცოდი მეც.

შეკითხვა: იძლეოდა თუ არა ვინმე ბრძანებებს მოსკოვიდან?

პასუხი: მაგრამ როგორი ბრძანებები? უშიშროების ღონისძიებების განმტკიცება? ხალხისა და ქონების დაცვა? დამხმარე ნაწილების გაგზავნა? დიახ, ეს გათვალისწინებული იყო, მაგრამ სხვა ყველაფერი ადგილებზე წყდებოდა, და აი, შედეგიც. რაც შეეხება ლიტვის ამბებს, როგორც თქვენ იცით გორბაჩოვმა საჯაროდ განაცხადა საქმის კურსში არ ვიყავიო. მე პირადად დავუსვი მას ეს კითხვა და მან დამაჯერა, რომ არაფერი იცოდა, თანაც თავდაცვის სამინისტრომაც განაცხადა, რომ ისიც არ იყო საქმის კურსში. თუმცა იმის გასარკვევად, თუ მაინც რა მოხდა, საჭიროა საპარლამენტო გამოძიების ჩატარება.

კითხვა: თუ მთავრობამ არ იცოდა  რა მზადდებოდა, ხომ არ ამტკიცებს ეს გარემოება მის სისუსტეს?

პასუხი: ძალიან საშიშია, როცა ძალის გამოყენება შესაძლებელია მთავრობის ნებართვის გარეშე. ჩემი სიტყვები მოსალოდნელი დიქტატურის შესახებ დაფუძნებულია შემდეგ კონსტატაციაზე: უცებ ვინმემ მოსკოვში, მაგალითად ქალაქის კომენდატმა გასცა ბრძანება ომის დასაწყებად, ეს ძალიან საშიში ფენომენია. ჩემი აზრით, ქვეყნის ხელმძღვანელობამ და პარლამენტმა სერიოზული დასკვნები უნდა გააკეთონ.

კითხვა: მიუხედავად ამისა, ეს ხელისუფლების სისუსტეზე მეტყველებს.

პასუხი: სისუსტეზე? რა ვიცი.. ყოველ შემთხვევაში ვერ არის კარგად საქმე, როდესაც სამხედრო ხელისუფლება ადგილებზე გამოდის ასეთი ინიციატივით. ეს ნიშნავს, რომ კანონი აღარ მოქმედებს და უნდა ვიცოდეთ რატომ.

შეკითხვა: როგორია თქვენი შეხედულება ვითარებაზე თქვენს მშობლიურ საქართველოში? რას ფიქრობთ პრეზიდენტ გამსახურდიას მოღვაწეობაზე?

პასუხი: მე არ მინდოდა რაიმე მეთქვა რომელიმე ხელმძღვანელზე. ეს არის შედის ჩემს ამოცანებში, რადგან ვფიქრობ, რომ ჩემი მსჯელობანი ვერ იქნებიან ობიექტურნი.  იქ არსებობს საკმაოდ რთული პრობლემები, მაგალითად კონფლიქტი ოსებთან. ყველაფერი რაც მე შემიძლია ვთქვა ის არის, რომ ქართველებსაც და ოსებსაც უნდა ეყოთ ჭკუა, რათა საერთო ენა გამონახონ. მრავალი ათეული წელია ისინი მეგობრულად ცხოვრობდნენ. ალბათ დრო არის საჭირო მეზობლობის აღსადგენად.

შეკითხვა: წახვედით თუ არა საქართველოს პოლიტიკიდან? თუ აპირებთ კვლავ რაღაც როლი ითამაშოთ?

პასუხი: ეს არ შედის ჩემს გეგმაში. იქ ჩატარდა თავისუფალი არჩევნები, ხალხმა აირჩია უზენაესი საბჭო, ხოლო მან კი აირჩია თავმჯდომარე. ამ შედეგს პატივი უნდა ვცეთ.

შეკითხვა: თვლით თუ არა თქვენ, რომ უახლოეს წლებში საქართველო დამოუკიდებელი გახდება?

პასუხი: საქართველოს პარლამენტმა კავშირიდან გასვლა გამოაცხადა. აი, კიდევ ერთი გარემოება: ელცინმა და გამსახურდიამ მოილაპარაკეს და ხელი მოაწერონ შეთანხმებას რუსეთსა და საქართველოს შორის. ეს არის შეთანხმება ორ სუვერენულ სახელმწიფოს შორის. ასეთ შეთანხმებებს აქვს არსებობის  უფლება.

“ნეზავისიმაია გაზეტა”

შეკითხვა: როგორ უყურებთ საქართველოს მიერ მიღებულ აქტს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ. როგორია თქვენი აზრით მომავლის პერსპექტივები ცენტრსა და რესპუბლიკებს შორის?

პასუხი: ძნელი კითხვაა. ეს არის ყველა ხალხის კონსტიტუციური უფლება, მათ შორის საქართველოს ხალხის. რესპუბლიკაში ჩატარდა რეფერენდუმი, ჩატარდა არჩევნები, ხალხმა ასეთი გადაწყვეტილება მიიღო. მე მათ შორის ვარ, ვინც ხალხის ნებას პატივს სცემს, სხვა საკითხია როგორ მოხდება მისი რეალიზაცია. საქართველოს ურთიერთობა კავშირის სხვა რესპუბლიკებთან ათეული წლების განმავლობაში შენდებოდა.  რა იქნება შემდეგ რეალურ ცხოვრებაში? რა გამოვა? ამიტომ მე მომხრე ვარ ცენტრსა და რესპუბლიკებს შორის სერიოზული დიალოგისა.”