ტეგები

, ,


1991 წლის მაისში თბილისში ლიტვის დელეგაცია იმყოფებოდა, დელეგაციაში იყო ლიტვის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მრჩეველი, ასევე  სხვა ოფიციალური პირები. “საქართველოს რეპუბლიკამ” შეკითხვები დაუსვა ლიტველ სტუმრებს,  ამ შეკითხვებზე პასუხები დღევანდელი გადასახედიდან საინტერესოა და აღწერს ლიტვის მაშინდელ გზას,  გვაწვდის ცნობებს იმაზეც, თუ რა იცოდნენ ლიტველება საქართველოში მაშინ  მიმდინარე პროცესებზე.

litva

“რომელ ქვეყნებში აქვს ლიტვას გახსნილი ეკონომიკური ან საინფორმაციო წარმომადგენლობა?

ვიქტორას ბალტუშასი: ჩვენ გვაქვს საინფორმაციო ბიურო კოპენჰაგენში, სტოკჰოლმში, ოსლოში, ბრიუსელში, ლონდონში, გერმანიაში, ვაშინგტონში, გვყავს წარმომადგენლობა ვატიკანშიც. მათი სტატუსი სხვადასხვაა. მაგალითად კოპენჰაგენის ბიუროს აფინანსებს დანიის მთავრობა, ვაშინგტონისასკონგერესი, დანარჩენს  კი საზოგადოებრივი ორგანიზაციები. ისინი ცდილობენ აღნიშნულ ქვეყნებში ლიტვის საკითხი სწორად წარმოაჩინონ.

ორიოდე სიტყვით გვითხარით ლიტვის ემიგრაციაზე..

ლიტვის ემიგრაცია უპირატესად შეერთებულ შტატებში ცხოვრობს – 799–800 ათასი კაცი. მათი ცენტრი ჩიკაგოშია. კანადაში 100–120 ათასი ლიტველია. ლიტველები სკანდინავიის ქვეყნებშიც ცხოვრობენ, ავსტრალიაშიც, სკანდინავიის ქვეყნებში ყველაზე დიდი ემიგრაცია ლიტველებს და ესტონელებს აქვთ. ლიტვურ ემიგრაციაში ბევრი ცნობილი პიროვნებაა. ისინი წარმოდგენილები არიან ხელისუფლებაშიც. 3 ამერიკელი კონგრესმენი ლიტვური წარმოშობისაა.

რას იტყოდით პრეზიდენტ ბუშის და ვიტაუტას ლანდსბერგისის შეხვედრაზე?
აურელიუს კატკიავიჩუსი: ბატონ ლანდსბერგისის შეხვედრას ბუშთან დიდი მნიშვნელობა აქვს. მომზადებულია  რეზოლუციის პროექტი  ლიტვის შესახებ, რომელიც უნდა განიხილოს სენატის უშიშროებისა და თანამშრომლობის კომისიამ. პროექტის მიხედვით შეერთებულმა შტატებმა დაუყოვნებლივ უნდა ცნოს ლიტვის დღევანდელი მთავრობა, ვაშინგტონის ლიტვურ წარმომადგენლობას საელჩოს სტატუსი მიანიჭოს, შეიქმნას ფონდი და ბანკი, რომელიც დაეხმარება ბალტიისპირეთის სამივე რესპუბლიკას საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლაში. უნდა აღინიშნოს, რომ რეზოლუციას პრეზიდენტისთვის სარეკომენდაციო  ხასიათი ექნება.

რომელია დღევანდელ ლიტვაში ყველაზე სერიოზული პრობლემა თავისუფლების მოპოვების გზაზე?

აურელიუს კატკიავიჩუსი: ბევრი პრობლემა გვაქვს – ინფლაცია, ცენტრის მხრივ ბლოკადა, მაგრამ ძალიან რთულია აგრეთვე საკუთრების უფლების პრობლემა. როგორ აღვადგინოთ იგი? ეს საკითხი მოსახლეობის ფართო ფენებს ეხება.  სერიოზული პრობლემაა საზღვრების კონტროლის საკითხი, როდესაც ლიტვამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, მან, ეყრდნობოდა რა ჰელსინკის საბოლოო აქტს, განაცხადა, რომ მეზობელ ქვეყნებთან არავითარი ტერიტორიული პრეტენზია არა აქვს. მიუხედავად ამისა მოსკოვი საზღვრების საკითხს შანტაჟისთვის იყენებს.  როდესაც ისინი ამბობენ, კლაიპედას მხარე საბჭოთა კავშირს ეკუთვნისო, ეს იგივეა, რომ განაცხადო ავსტრია საბჭოთა კავშირის არისო, იგივე შეიძლება ითქვას ვილნიუსის მხარეზეც.

რა ფორმით ხორციელდება კავშირი ბალტიის რესპუბლიკებს შორის?

აურელიუს კატკიავიჩუსი: ყველაზე კარგი და ეფექტური საშუალებაა ბალტიის საბჭო. მასში შედიან ესტონეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე, პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი;  ლატვიის რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარ, პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი ; ლიტვის რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ვიტაუტას ლანდსბერგისი, პრემიერი ვაგნოლისი და საგარეო საქმეთა მინისტრი ანტონასი. საბჭო ორ თვეში ერთხელ იკრიბება, თუ საჭიროა მისი მოწვევა საგანგებოდაც ხდება. სხვადასხვა საკითხები იხილება, რომელთა პროექტები წინასწარ მზადდება. ეს შეეხება მხარის დაცვას და ბალტიის ბაზრის შექმნას.

რით გამოიხატება მოსკოვის ბლოკადა ლიტვის მიმართ?

ვიქტორ ბალტუშასი: უწინარესად ეს საბჭოთა ჯარებს ეხება. ისინი ხელს გვიშლიან სამშობლოს დაცვაში. ხელს უშლიან ჩვენს საბაჟოებს მუშაობაში, რომელთა ნორმალური ფუნქციონირება მთავარი ფაქტორია რესპუბლიკის ეკონომიკის სტაბილურობის. ფულის ემისია მათ ხელშია. როცა უნდათ რესპუბლიკას აავსებენ ე.წ. „ხის მანეთებით“და, როცა მოუნდებათ მისგან ცლიან. ჩვენ ხშირად მოსახლეობას ხელფასსაც ვერ ვუხდით, რადგან მოსკოვი ფულს არ აგზავნის. ამავე დროს ცენტრი ხელს გვიშლის საზღვარგარეთის ქვეყნებთან ნორმალური კონტაქტების დამყარებაში, ეს საქართველომაც კარგად იცის.

რა სტადიაში ლიტვური პასპორტის, ფულისა და თავისუფლების სხვა ატრიბუტების შექმნის საკითხი?

აურელიუს კატკიავიჩუსი: ლიტვის მოქალაქეობის კანონით, რომელიც 1989 წელს მივიღეთ, საბჭოთა პასპორტის მოქმედების ვადა 3 წლით განვსაზღვრეთ. ეს ვადა წელს ნოემბერში გადის. ამ დროისთვის შემოვიღეთ აგრეთვე ლიტვის მოქალაქეობის მოწმობა. მალე მზად იქნება ახალი პასპორტი და ეროვნული ვალუტაც, რომლის მიმოქცევის ტექნიკური მხარეებიც ზუსტდება.

რა ისმის ლიტვაში საქართველოს შესახებ?

ვიქტორას ბალტუშასი: რასაც საკდესი გადმოსცეს აღარავის სჯერა. ლიტვამ გამოხატა თავისი დამოკიდებულება 9 აპრილის მოვლენების მიმართ. სხვადასხვა ორგანიზაციებმა სამძიმრის დეპეშები გამოუგზავნეს საქართველოს, უზენაეს საბჭოში  დამოუკიდებლობის აქტის გამოცხადების შემდეგ კი მისალოცი დეპეშები.  საქართველოს დამოუკიდებლობისკენ რომ მიდის იცის ყველა ლიტველმა, ისიც იციან, რომ  რაც ხდება საქართველოში, ცხინვალში, კრემლის ხრიკებია. მაგრამ ჩვენს პრესას აკლია კონკრეტული მასალები. მაგალითად: კონკრეტულად, სად და  რა დანაშაული ჩაიდინეს საბჭოთა ჯარისკაცებმა. სად დაწვეს ეკლესიები, როგორ გაჰქონდათ იარაღი გასაყიდად..როგორც ლიტვას, ისე საქართველოს სჭირდება კონკრეტული მოვლენების ამსახველი მასალების ოპერატიული მიღება და მინდა, რომ ორივე რესპუბლიკის საინფორმაციო სააგენტოებმა მჭიდრო კონტაქტები დაამყარონ ერთმანეთთან, ასევე საჭიროა ჩვენს პარლამენტში აკრედიტირებული იყოს საქართველოს ჟურნალისტი, ხოლო თქვენთან კი ჩვენი ჟურნალისტი.”