ტეგები

, , , ,


“დამოუკიდებლობის გაკვეთილებში” გასული საუკუნის ოთხმოცდაათიან წლებს ვიხსენებთ. იმ წლებში  კი,  საბჭოთა სივრცეში,  საქართველოს წინა ხაზზე იყო დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში ლიტველებთან, ლატვიელებთან და ესტონელებთან ერთად. ქართულ პრესაში ხშირად იბეჭდებოდა ცნობები ბალტიისპირელების ბრძოლის შესახებ. ერთი  საინტერესო ცნობა 1991 წლის ზაფხულში გამოუქვეყნებია გაზეთ “თბილისს.” ის აშშ –ის პრეზიდენტთან ბალტიისპირელი ლიდერების შეხვედრას შეეხებოდა.

“1991 წლის 8 მაისს აშშ პრეზიდენტი ჯორჯ ბუში თეთრ სახლში შეხვდა ბალტიის სამი სახელმწიფოს ლიდერებს: ლიტვის რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეს ვიტაუტას ლანდსბერგისს, ლატვიის რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეს ივარს გოდმანისს, ესტონეთის რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს ედგარ სავისაარს. საუბარში, რომელმაც ერთ საათს გასტანა, მონაწილეობდა აშშ სახელმწიფო მდივანი ჯეიმს ბეიკერი, პრეზიდენტის შტაბის გამგე ჯონ სუნუნუ, მრჩეველი ეროვნული უშიშროების საკითხებში  და სხვა მრჩევლები. განხილულ იქნა ბალტიის სახელმწიფოების განმტკიცების, მათი საბჭოთა კავშირთან მოლაპარაკებების, ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის პროცესში მეთვალყურეების სტატუსით მონაწილეობის და სხვა საკითხები.

შეხვედრის შემდგომ გამართულ პრესკონფერეციაზე ბატონმა ლანდსბერგისმა აღნიშნა: შეხვედრას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან აშშ–მ განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინა ჩვენი სახელმწიფოების ბედისადმი, გამოითქვა მზადყოფნა მხარი დაუჭიროს ჩვენს სწრაფვას დამოუკიდებლობისადმიო.

ბატონი ლანდსბერგისი ვაშინგტონიდან ლოს ანჯელესში გაემგზავრა. თეთრ სახლში გამართული შეხვედრის ირგვლივ თვითმფრინავში მას “ელტას “კორესპონდენტი ესაუბრა.

– საუბრის დასაწყისში პრეზიდენტმა ბუშმა გაიხსენა ლიტვაში მომხდარი ტრაგიკული მოვლენები და სსრ კავშირის მთავრობა დაადანაშაულა. იგი შეეხო ბალტიის სახემწიფოების მომავალს. პრეზიდენტის აზრით, ბალტიის ქვეყნები უნდა დაუბრუნდნენ ევროპას ჰელსინკის პროცესების მეშვეობით, მათ უნდა მიენიჭოთ მეთვალყურის სტატუსი და  გამოეყოთ კრედიტები, არ გამორიცხა სსრ კავშირის მიერ ეკონომიკური ბლოკადის განახლების შესაძლებლობა.

ვიტაუტას ლანდსბერგისმა განუცხადა აშშ– ის პრეზიდენტს, რომ მათი პოზიცია მტკიცედაა განსაზღვრული– ჩვენ გვსურს აღვიდგინოთ უწინდელი სამართლებრივი და ნორმალური სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობანი, რასაც 1940 წლამდე ჰქონდა ადგილი.”