ტეგები

, , ,


აქტიური ამომრჩევლის (2 978 247 )   87.03 % –მა აირჩია საქართველოს პრეზიდენტად ზვიად გამსახურდია.  უკვე გაგაცანით ზვიად გამსახურდიას საპრეზიდენტო პროგრამის ნაწილი, რომელიც ეკონომიკას ეხებოდა, ამჯერად ამავე პროგრამის საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებზე შევაჩერებ თქვენს ყურადღებას. თუ გაინტერესებთ, რა მთავარ ამოცანებს აყალიბებდა ამ  კუთხით პრეზიდენტობის კანდიდატი ზ. გამსახურდია და, როგორ  წარმოედგინა მას საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის რეალური აღდგენა, გადახედეთ მისი პროგრამის ამ  ძალიან საინტერესო ნაწილს.  საბჭოთა კავშირი ჯერ კიდევ არსებობდა. 1991 წლის 26 მაისის არჩევნებისთვის გამოქვეყნებულ პროგრამაში ეწერა:

117„ საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოს ფაქტობრივი და იურიდიული ცნობა მსოფლიო ერთა  თანაარსებობის, ევროპული და კავკასიური უსაფრთხოების მნიშვნელოვანი საკითხია. საქართველოს ისტორია და გეოპოლიტიკური მდგომარეობა განაპირობებს მის მასტაბილიზებელ როლს კავკასიის რეგიონში პოლიტიკური, თავდაცვითი, ეკონომიკური, ეროვნებათშორისი თუ სხვა პრობლემების თვალსაზრისით. ქართველ ერსა და ქართულ სახელმწიფოს ტრადიციულად ჰქონდა ეს ფუნქცია და ყოველთვის ღირსეულად ართმევდა მას თავს.

საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითადი ამოცანაა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის რეალური აღდგენის უზრუნველყოფა 1918 წლის 26 მაისისა და 1991 წლის 9 აპრილის აქტების საფუძველზე.

საქართველოს საგარეო პოლიტიკური საქმიანობის შესაძლებლობები განისაზღვრება სახელმწიფოს რეალური საერთაშორისო სამართლებრივი სტატუსისა და საქართველოს რესპუბლიკის ცნობით მსოფლიოს სხვა სახელმწიფოთა მიერ. საქართველოს რესპუბლიკის საერთაშორისო ცნობის უმნიშვნელოვანესი შიდაპოლიტიკური წინაპირობაა დემოკრატიული წესით არჩეული ეროვნული ხელისუფლების მიერ საქართველოს რესპუბლიკის მთელს ტერიტორიაზე სუვერენული ძალაუფლების განხორციელება. ეს წინაპირობა უკავშირდება სახელმწიფო მმართველობის ისეთი მნიშვნელოვანი ფუნქციების რეალიზაციას, როგორიცაა თავდაცვა, სახელმწიფო უშიშროება, საბაჟო სამსახური და საგარეო კავშირები. ეს ამოცანები უნდა გადაიჭრას საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის, მთავრობისა და უზენაესი საბჭოს კომპეტენციის ფარგლებში და საბჭოთა კავშირთან მოლაპარაკებების გზით.

სსრ კავშირთან ურთიერთობის პრობლემას საქართველოს რესპუბლიკისთვის პირველხარისხოვანი მნიშვნელობა აქვს. საქართველოს რესპუბლიკის საერთაშორისო აღიარება სხვა სახელმწიფოთა მიერ უკავშირდება საქართველოსა და სსრ კავშირს შორის დაძაბულობის შენელებას. მისი საფუძველი უნდა გახდეს სსრ კავშირის მხრივ საქართველოს რესპუბლიკის დამოუკიდებლობის ცნობა. ორ სახელმწიფოს შორის თანასწორუფლებიანობა, ურთიერთპატივისცემა და ურთიერთდაინტერესებაზე დამყარებული ურთიერთობა. ამასთანავე ორივე სახელმწიფო თანამშრომლობისას უნდა იღებდნენ ვალდებულებას ერთურთის საშინაო საქმეებში ჩაურევლობის და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის შესახებ. უნდა მოხდეს შეთანხმება: ერთობლივი სახელმწიფო საზღვრისა და მისი რეჟიმის შესახებ, საზღვრების გადაკვეთისა და საბაჟო კონტროლის  თაობაზე, ეკონომიკური ურთიერთობების შესახებ, ჰუმანიტარულ სფეროში თანამშრომლობის და ადამიანის უფლებათა დაცვის ერთობლიობის უზრუნველყოფის შესახებ, საქართველოს ტერიტორიაზე სსრ კავშირის შეიარაღებული ძალების სამხედრო ბაზების სტატუსის, მათი დისლოკაციის პირობებისა და ვადების შესახებ.

საქართველოსთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებს, საქართველოს რესპუბლიკასა და რუსეთის ფედერაციას შორის თანასწორუფლებიანი და კეთილმეზობლური ურთიერთობების დამყარება წარმოადგენს ორივე მხარის ჭეშმარიტ ინტერესებს.

უნდა აღინიშნოს, რომ დღესდღეობით საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის ურთიერთობა თვისებრივად ახალ შინაარსს იძენს, ამის ნათელი დადასტურებაა საქართველოს რესპუბლიკასა და რსფსრ–ს ხელმძღვანელთა შორის 1991 2ლის 23 მარტს დაბა ყაზბეგში გამართული მოლაპარაკების შედეგად მიღებული დოკუმენტი. მასში ფაქტობრივად აღიარებულია სამართლიანობა ექვსი რესპუბლიკის სწრაფვისა სრული სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისკენ, რისი ლოგიკური დასასრულიც უნდა იყოს საბჭოთა კავშირის მხრიდან ამ რესპუბლიკების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ცნობა.

საქართველო სოლიდარობას უცხადებს და მხარს უჭერს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ რესპუბლიკებს. მათთან ურთიერთობა დაემყარება მეგობრობის თანამშრომლობისა და ურთიერთპატივისცემის აღიარების პრინციპებს

პრეზიდენტის საქმიანობის ერთ–ერთი ძირითადი მიმართულება უნდა იყოს საქართველოს რესპუბლიკის საერთაშორისო ურთიერთობების აღდგენა–გაფართოება. პირველ რიგში კი საქათველოს დამოუკიდებლობის ცნობა უცხოეთის ქვეყნების მიერ. საქართველოს უზენაესი საბჭოს მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას უდიდესი მნიშვნელობა ექნება ქვეყნის საგარეო ურთიერთობების აღდგენის და გაფართოების საქმეში. თუმცა აშკარაა, რომ ამ მიმართულებით უამრავი სიძნელეა გადასალახი. ამ მხრივ პრეზიდენტის მთელი ძალისხმევა უნდა იყოს მიმართული იქითკენ, რომ:

საქართველოს დამოუკიდებლობა ცნონ უცხოეთის ქვეყნებმა და შესაბამისად აღდგეს მისი დამოუკიდებელი სუვერენული სტატუსი.

აღდგეს და გაფართოვდეს საქართველოს დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობები უცხოეთის ქვეყნებთან.

საქართველო გახდეს გაეროსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წევრი და მათ საქმიანობაში შეასრულოს აქტიური როლი.

დღეისთვის საქართველოს რესპუბლიკის დამოუკიდებლობის საერთაშორისო აღიარება მნიშვნელოვნად დამოკიდებულია საბჭოთა კავშირის მიერ მის ცნობასთან. მოლაპარაკების საფუძველზე მიღწეულ უნდა იქნეს, რომ საბჭოთა კავშირმა აღიაროს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1991 წლის 9 აპრილს მიღებული საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის კანონიერება. გარკვეულ იმედს გვაძლევს 25 აპრილს გამოქვეყნებული სსრ კავშირის პრეზიდენტისა და 9 მოკავშირე რესპუბლიკის ხელმძღვანელთა მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი და სსრ კავშირის ეროვნებათა საბჭოს 24 აპრილის დადგენილება. ამავე დროს უნდა გაფართოვდეს მოლაპარაკებები უცხოეთის ქვეყნებთან. ამ მხრივ მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებული შტატების სენატში განსახილველად შეტანილი 94–ე რეზოლუცია, რომელშიც გამოთქმულია ეროვნული და ტერიტორიული დამოუკიდებლობის აღდგენის საქმეში ქართველი ხალხის მხარდაჭერა და მოთხოვნა სსრკ მთავრობისადმი აღიაროს ქართველი ხალხის ნება და ცნოს 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმის ლეგიტიმურობა.

საქართველოს რესპუბლიკის ცნობის პროცესი დაკავშირებულია აქტიურ საგარეო პოლიტიკასთან, რაც გულისხმობს: უცხო ქვეყნებთან საკონსულო ურთიერთობათა დამყარებას, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობაში მეთვალყურისა და მონაწილე სახელმწიფოს სტატუსით ჩართვას. სხვადასხვა საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობას. უკვე ისახება საკონსულო ურთიერთობების პერსპექტივები აშშ–სთან, ისრაელთან და სხვა ქვეყნებთან.

საქართველოს რესპუბლიკის წარმომადგენელთან ვიზიტები აშშ–ში, საფრანგეთში ავსტრიაში,იტალიაში, თურქეთში, ესპანეთში შეიძლება ჩაითვალოს მოსამზადებელ ეტაპად მსოფლიო სახელმწიფოებში საქართველოს წარმომადგენლობითი ცენტრების დაარსებისთვის. ეს ცენტრები შექმნიან საქართველოს რესპუბლიკის საელჩოთა ჩამოყალიბების საფუძველს. ასევე მნიშვნელოვანია საქართველოს ტერიტორიაზე სხვა სახელმწიფოთა წარმომადგენლობის საქმიანობის ხელშეწყობა. ამ მიზნით უნდა გამოვიყენოთ უკვე არსებული სამეურნეო კავშირები, ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობანი, რომლებიც ამ ბოლო დროს დამყარდა საზღვარგარეთის ქვეყნებთან. აუცილებელია კონტაქტების გაფართოება უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან, მათ ორგანიზაციებთან, რათა აქტიურად გამოვიყენოთ ეს პოტენციალი საქართველოს საგარეო პოლიტიკის მხარდასაჭერად.

საქართველოს ტრადიციულად მჭიდრო კავშირ – ურთიერთობანი ჰქონდა უახლოეს მეზობლებთან – კავკასიის  სახელმწიფოებთან და ხალხებთან. ამ ურთიერთობათა აღორძინება კეთილმეზობლობისა და მეგობრობის პრინციპის საფუძველზე უნდა წარმოადგენდეს კავკასიის რეგიონში საქართველოს რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტულ მიმართულებას. ეს ყოველივე ხელს შეუწყობს კავკასიის სახელმწიფოების მსოფლიო პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ პროცესებში მონაწილეობას და მოგვცემს რეგიონალურ დონეზე თანამშრომლობის საშუალებას.

შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებთან მჭიდრო ურთიერთობის დამყარება ხელს შეუწყობს საქართველოს საზღვაო სახელმწიფოდ ჩამოყალიბების პროცესს. ამისათვის უნდა გამოვიყენო არსებული კავშირები უკრაინასთან და რუსეთის ფედერაციასთან. ამასთან უნდა გავითვალისწინოთ მათ მიერ მიღებული სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის დეკლარაციები, განვავითაროთ პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობა ბულგარეთთან და რუმინეთთან.

ეკონომიკურ სფეროში თურქეთის რესპუბლიკასთან თანამშრომლობის გამოცდილება გვიჩვენებს, რომ არსებობს გარკევული ერთობლივი ინტერესები და წინაპირობები მათი განვითარებისთვის. ეს ყოველივე, შესაძლოა, გახდეს შავი ზღვის აუზის სახელმწიფოთა რეგიონალური თანამშრომლობის ხელშეწყობის ფაქტორი.

საქართველოს რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკური საქმიანობის ერთ–ერთი ძირითადი ამოცანაა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან ისტორიულად არსებული პოლიტიკური, კულტურული და ეკონომიკური კავშირ –ურთიერთობების აღდგენა. ეს განპირობებულია საქართველოს  მდებარეობით ჩრდილოეთ–სამხრეთისა და დასავლეთ–აღმოსავლეთის თანამშრომლობის ხაზთა გადაკვეთაზე. ამ მიმართულებით გამოყენებულ უნდა იქნეს ქართველ და ებრაელ ხალხთა შორის ტრადიციულად არსებული მეგობრული დამოკიდებულება. უკვე იქმნება პირობები ამ უძველესი ერების სახელმწიფოთშორის და მთავრობათშორის დონზე კავშირებისთვის. ხელი უნდა შევუწყოთ რეგიონის ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოსთან ურთიერთსარგებლობისა და ურთიერთხელსაყრელობის პრინციპებზე აგებულ თანამშრომლობას.

ეკონომიკურ ინტერესებთან დაკავშირებული საგარეო მიმართულებანი

მიგვაჩნია,  რომ უნდა შევინარჩუნოთ ხელსაყრელი ეკონომიკური ურთიერთობანი საბჭოთა კავშირთან და მასში შემავალ რესპუბლიკებთან. დღესღეობით საქართველოს რესპუბლიკის სტატუსის გაურკვევლობის გამო ევროპულ გაერთიანებასთან ეკონომიკური ურთიერთობების შეზღუდულია. აუცილებელია საერთო ევროპულ სტრუქტურებთან საქართველოს ეკონომიკური დაახლოების პროცესის ხელშეწყობა. ამ მიმართებით საქართველოს ხელისუფლება ეფექტიანად მოქმედებს, აღსანიშნავია, რომ უმოკლეს პერიოდში გაიხსნა და იხსნება საქართველოს რესპუბლიკის სამრეწველო –სავაჭრო პალატის მუდმივი წარმომადგენლობები სხვადასხვა ქვეყნებში ( ავსტრიამ მაროკო, თურქეთი, ისრაელი, აშშ).

ვითვალისწინებთ რა საქართველოს რესპუბლიკის მძიმე მდგომარეობას ჩვენს ბაზარზე აქტიური მოქმედების საშუალებას მივცემთ საზღვარგარეთის პარტნიორებს, რათა დააბანდონ თავიანთი სახსრები,  იჯარით აიღონ საწარმოები, გახსნან თავიანთი წარმომადგენლობები და ა.შ.

აღსანიშნავია ისიც, რომ ინვესტიციათა მოზიდვის ეკონომიკური ეფექტიანობის აუცილებელი წინაპირობაა საქართველოში ახალი ეკონომიკური სისტემის ჩამოყალიბება. უნდა აღდგეს ეკონომიკური სუვერენიტეტი, განხორციელდეს დემონოპოლიზცაია, პრივატიზაცია, თავისუფალი მეწარმეობის ხელშეწყობა, საბაზრო ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბება და მის პარალელურად მოხდეს საზღვარგარეთული ინვესტიციების მოზიდვა. “