ტეგები

, , ,


1991 წლის გაზაფხულზე გაზეთმა „ლიტერატურულმა საქართველომ” გამოაქვეყნა ზვიად გამსახურდიას  წერილი  „დილემა კაცობრიობის წინაშე“. ის საბჭოთა „უძრაობის”ეპოქაში,  1977 წელს არის დაწერილი.  „დამოუკიდებლობის გაკვეთილებში„ შეგვაქვს ერთი ამონარდი ამ  საინტერესო ტექსტიდან. მასში   დასავლეთსა და აღმოსავლეთს, დემოკრატიისა და ტოტალიტარიზმის შორის დაპირისპირებაა განხილული, ის დროა, როცა აშშ-ის პრეზიდენტი ჯიმი კარტერია. მივყვეთ იმას, თუ რას წერდა გამსახურდია 1977 წელს, რას მოუწობედა დასავლეთს და კეროძოდ ამერიკის შეერთებული შტატების  მაშინდელ პრეზიდენტს.

„დასავლეთში შეიქმნა უკიდურესობანი დემოკრატიული თავისუფლების სფეროში, zviadiმწარმოებლობის სფეროში, რამაც გზა მისცა არა მხოლოდ პიროვნების აღვირახსნილობას, არამედ სოციალურ ქაოსს, იდეოლოგიურ კრიზისს დასავლეთისას, რომელმაც უკვე დაყარა ფარ-ხმალი ტოტალიტარიზმთან იდეოლოგიურ ბრძოლაში და ე.წ.  “დეტანტის” მეშვეობით იმედოვნებს საკუთარი სტატუს ქვო-ს შენარჩუნებას. საყოველთაო, უსაზღვრო დემოკრატიზმი გამართლებული იქნებოდა მაშინ, კაცობრიობის თითქმის ნახევარი რომ არ იყოს გამომწყვდეული ტოტალიტარიზმის მარწუხებში, იმ ტოტალიტარიზმისა, რომელიც წალეკვას უქადის ცივილიზაციისა და კულტურის ყველა მონაპოვარს. დემოკრატიული სისტემები თავისდაუნებურად ხელს უწყობენ ტოტალიტარიზმის ძლევამოსილ თვითნებობას მთელს მსოფლიოში, რითაც საკუთარი იდეებისა და პრინციპების საწინააღმდეგო საქმეს ემსახურებიან უნებლიეთ. უახლოესმა ისტორიულმა გამოცდილებამ ცხადჰყო, რომ ისინი უძლურნი არიან იხსნან კაცობრიობა ამ უმთავრესი სოციალური ბოროტებისაგან. დემოკრატიისა და ტოტალიტარიზმის დაპირისპირება საბოლოოა. სამკვდრო-სასიცოცხლო დაპირისპირებაა დასავლეთისა და აღმოსავლეთისა, ევროპული ჰუმანიტარული ტრადიციების ერთის მხრივ და აზიური, თურანულ-მონღოლური ბარბაროსობისა და ტირანიისა, მეორეს მხრივ.  თუმცა ეს უკანასკნელი დღეს ევროპიდან ფილოსოფიური სუროგატით და სოციალური ყალიბით ინიღბება. ტოტალიტარიზმსა და დიქტატურას უნდა დაუპირისპირდეს სამართლიანი, ახალი ტიპის დემოკრატიულ პრინციპებზე აგებული წყობილება, ვინაიდან დასავლური ტიპის წყობილებანი მხოლოდ აძლიერებდნენ ტოტალიტარიზმსა და ძირს უთხრიდნენ საკუთარ თავს.

შემთხვევითი როდია ის გარემოება, რომ მაგალითად საბჭოთა კავშირის სამხედრო ეკონომიკაც კი დასავლეთის ფინანსებითა და ტექნოლოგიებით იკვებება. რაოდენ კეთილშობილური და პრინციპული არ უნდა იყოს ისეთი პიროვნებების მცდელობა, როგორიცაა პრეზიდენტი კარტერი, მისთვის შეუძლებელი იქნება მოქმედება იმ სისტემის პირობებში, რომელსაც იგი ემსახურება დღეს. კარტერის კეთილშობილური იდეები ასეთივე ქველი და თანამიმდევრული საქმეებით არ განმტკიცდებიან, ამაო დარჩება მისი ღაღადისი ნებამოშლილი დასავლეთის უდაბნოსა შინა. მთავარი საკითხი კი მაინც ის არის, შესძლებს თუ არა იგი ამ დიდი საქმეების რეალიზაციას თავისი სისტემის პირობებში, თავისი პარტნიორებით გარემოცული? საზოგადოებაში, სადაც COMMONWELTH-ისა და PROSPERITY-ს გაგებები დღესაც რჩებიან მთავარ ღირებულებებად. განა შეიძლება ადამიანის ესოდენ მაღალ ალტრუისტულ პრინციპებზე ოცნება? რამდენადაც ადამიანის უფლებები გარანტირებული აქვს ამ საზოგადოებას, განა ისურვებს იგი საკუთარი COMMONWELTH -ისა და PROSPERITY-ს დათმობის ფასად ჯვაროსნულ ლაშქრობაში გაჰყვეს კარტერს სხვათათვის, სრულიად უცხოთათვის, ადამიანური უფლების მოსაპოვებლად? ამგვარად კარტერი უწინარეს ყოვლისა უნდა ებრძოლოს დასავლეთის სოციალურ ეგოიზმს და თვითკმაყოფილებას, თუ სურს იმ მიზნის მიღწევა, რომელთა თეორიულ დეკლარირებას იგი ეწევა. სხვა საკითხია, რამდენად გააღვიძებს კარტერი სინდისს თავის მოყვასთა და თანამემამულეთა წიაღში, რამდენად შესძრავს იგი მათ გულებს მსოფლიოში გამეფებული ტირანიისა და უსამართლობის მხილებით. რამდენად ცხადად დაანახვებს იგი თავის ერს დღევანდელი დილემის სიმწვავეს, პრაგმატიზმის, პრაქტიკული მატერიალიზმის და უტილიტარიზმის ჭაობიდან ამოსვლის აუცილებლობას და თუ იგი ამას შესძლებს დღევანდელი ამერიკის სხვა პოლიტიკურ მოღვაწეებთან და ჰუმანისტებთან ერთად, აგრეთვე იქ მყოფ ემიგრანტ დისიდენტებთან ერთად,  კაცობრიობის მომავლის პერსპექტივა აღარ იქნება ესოდენ შავი და უნუგეშო, როგორც დღეს.”

ამავე წერილში ზვიად გამსახურდია აღნიშნავს: „დგას დილემა საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც. ერთის მხრივ მოქალაქეობრივი თავგანწირვა, ნიადაგ სინდისის კარნახით მოქმედება, სულიერი იდეალების პირველ პლანზე დაყენება, ხოლო მეორეს მხრივ, ფილისტერული, თვითკმაყოფილი ფსევდოპრაგმატიზმი, სინდისის ხმის ჩახშობა საკუთარ სულში, თვალის დახუჭვა ყოველგვარ უმსგავსოებაზე, რომელსაც სჩადის ესა თუ ის საზოგადოებრივი წყობა თუ ცალკეული ადამიანი. ეს გახლავთ ის მწვავე დილემა, რომელიც დგას დღეს ყოველი ჩვენგანის წინაშე,” და განგაგრძობს: „საბედისწერო დილემის წინაშე გმირულად იდგნენ აგრეთვე მე-20 საუკუნის მისიონერები. ისინი, ვინც საკუთარი კეთილდღეობისა და სიცოცხლის ფასად დღესაც აგრძელებენ მაცხოვრის მიბაძვას და ნერგავენ სიყვარულისა და ჭეშმარიტების სახარებას არაცივილიზებულ, ჩამორჩენილ ტომებში… ჩვენ მოწმენი გავხდით უკანასკნელ ხანებში უგანდის მთავარეპისკოპოსისა და სხვა მრავალი მისიონერის მხეცური მკვლელობისა. ისინი ჭეშმარიტად პირველქრისტიანი მოწამეებისა და შუასაუკუნეთა რჩეულ მარტვილთა დიდ საქმეთა გამგრძელებელნი არიან ჩვენს რთულსა და ტრაგიკულ დროში. იგივე ითქმის ზოგიერთი ბუდისტი მისიონერის გამო. განსაკუთრებით საბჭოთა ციხის ჯალათთა მიერ მხეცურად მოკლული ბურიატელი მისიონერის, შესანიშნავი მოქალაქისა და მოაზროვნის ბიდია დანდარონის შესახებ.

ასეთივე ნათელი და მაღალი მაგალითია ცხოვრება და მოქალაქეობა ჯონ ბრაუნისა, მარტინ ლუთერ კინგისა, ალბერტ შვაიცერისა, ამროსი ხელაიასი და სხვათა. ყოველივე ამით ცხადი ხდება, რომ მე-20 საუკუნის კაცობრიობის მასის ტოტალური გადაგვარება და განურჩევლობა ერთი მხარეა სასწორისა, რომელსაც უპირისპირდება მაღალი მორალური შეგნება დღევანდელი კაცობრიობის რჩეულთა. ტოტალიტარულ სახელმწიფოებში სამართლიანობისათვის მებრძოლნი, თუნდაც დიდი ცდომილებებითა და გზააბნეულობით რომ გამოირჩევიან, მაინც მიედრებიან ამ რჩეულებს, უკეთუ მათი ბრძოლა და მარტვილობა გულწრფელია და ქვენა მიზნებისაგან კიდეგან მდგარი.

შესაძლოა გაგვაოცოს მცირერიცხოვანობამ დასახელებული მაგალითებისა, მაგრამ ჩვენ შევახსენებთ მკითხველს, თუ რაოდენ ვიწროა გზა ხსნისა და რაოდენ ფართოა გზა წარწყმენდისა და გადაგვარებისა, სახარების ფორმულით რომ ვთქვათ. იგივე გახლავთ მიზეზი საბჭოთა კავშირში დისიდენტთა მცირერიცხოვანებისა, რომელიც ხელზე აქვს დახვეული ჭეშმარიტებისა და სიკეთის მარადიულ მტრებს, რომელნიც ნიადაგ გაჰყვირიან: ,,შეხედეთ ამ ერთი მუჭა გროვას, გზააბნეული და ხალხსმოწყვეტილი ადამიანებისა! ნუთუ ისინი გამოხატავენ მრავალმილიონიანი მასების ნებას? ნუთუ მათ გააჩნიათ უფლება ილაპარაკონ ხალხის სახელით? ხალხისა, რომელმაც არც კი იცის მათი არსებობა, მათი ფიქრები და მიზანზრახვანი?

დიახ, დიახ მეგობრებო, ბნელეთის მოციქულთა მრავალრიცხოვანო ლეგიონერებო, ისტორიაში მუდამ მცირენი იყვნენ უმაღლესი სიკეთისა და ჭეშმარიტებისათვის თავდადებულნი, მაგრამ მათი სულიერი ძალა და შემართება მარად სძლევდა მრავალრიცხოვანებას წყვდიადისას! დიახ, მარად ასე იყო: ჭეშმარიტების მშვენება და სიდიადე იმით როდი  განისაზღვრებოდა, თუ იმთავითვე რამდენი იგებდნენ ან აფასებდნენ მას! მაგრამ განგების კეთილი ნება ისტორიის საჭეს სწორედ ამ მცირერიცხოვანთა გეზს უქვემდებარებდა და არა ქაოსის უზომობასა და უსახობას.“ (1977 წ.)