ტეგები

, ,


საბჭოთა საჯარისო ნაწილმა  ქარელის რაიონის სოფელ დვანში ეკლესიები რომ გადაწვა, „საქართველოს  მწერალთა კავშირმა“ ორი მიმართვის ტექტი გამოაქვეყნა, ერთის ადრესატი  რომის პაპი იოანე პავლე მეორე  იყო, მეორის  კი რუსეთის პატრიარქი ალექსი მეორე. თავდაპირველად გაგახსენებთ  რომის პაპის სახელზე დაწერილ მიმართვას: 

„თქვენო უწმინდესობავ!

მოგმართავთ თქვენ, რადგან საბჭოთა კავშირში, რომელსაც სათავეში უდგას ‘„გამოჩენილი“ კომუნისტი მიხეილ გორბაჩოვი, სამართალი ვერ ვიპოვეთ. ბოლოს და ბოლოს დაპყრობილმა papiქართველმა ერმა, დავიწყეთ რა  ბრძოლა დამოუკიდებლობისათვის, ნამდვილად დემოკრატიული არჩევნებით ავირჩიეთ რა პირველი კანონიერი მთავრობა, კრემლმა და  მისმა ლიდერმა უმალვე დაუნდობელი ბრძოლა გამოგვიცხადეს. მიმართეს არაერთხელ შემოწმებულ და ნაცად ხერხს, ეკონომიკურ, ენერგეტიკულ ბლოკადებს და, რაც მთავარია, ეთნოკრიზისებს. ამუშავდა პროპაგანდის ბოროტი მანქანა, მთელი ცენტრალური პრესა, რადიო და ტელევიზია გადავიდა ფაქტების არა მხოლოდ დამახინჯებაზე და უკუღმართად წარმოჩენაზე, არამედ ცილისწამებასა და დემაგოგიაზე. ისინი ცდილობენ სახელი გაუტეხონ ჭეშმარიტად ინტერნაციონალური ბუნების ქართველ ხალხს, რომელმაც იძმო და თავისი მიწა-წყალი გაუნაწილა ასზე მეტი ეროვნების შვილებს.

სამწუხაროდ, ჩვენ მცირერიცხოვანი ერი ვართ. თითქმის არ გაგვაჩნია ემიგრაცია და ვერაფერი დავუპირისპირეთ მათ ტოტალურ  დეზინფორმაციას.

აგვიმხედრეს რა საქართველოში მცხოვრები ოსები, მთელს საბჭოეთსა და მსოფლიოში საქმე ისე წარმოაჩინეს, თითქოს ქართველები ხოცავენ, ჩაგრავენ, ავიწროებენ და დევნიან ოსებს.

31 ოქტომბერს საქართველოში ჩატარდა რეფერენდუმი, ქართველმა ხალხმა გამოხატა თავისი ნება, გამოვიდეს საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან.

რეფერენდუმს ახალი ძალით მოჰყვა პროვოკაციები მოსკოვის მხრიდან და მაშინ, როცა ქართველებისა და ოსების კონფლიქტი თითქმის მოგვარებული იყო, საბჭოეთში ჯერ  დემაგოგიური ინფორმაციებით „მოამწიფეს“ ნიადაგი და შემდეგ კი ჯარის საგანგებო ნაწილები შემოიყვანეს.

შემზარავი ფაქტები ფაქტებს ემატებოდა, მაგრამ რაც ამ დღეებში მოხდა, ალბათ სახელს ვერ მოუნახავს ცივილიზირებული სამყარო. 11 აპრილს, დილის ხუთ საათზე, სოფელ დვანში  შეიჭრა საგანგებო სადამსჯელო ჯარის  12 ჯავშანტრანსპორტიორი და დაწვეს ორი – წმინდა გიორგისა და სამების ეკლესიები. იქ ჩადენილ სხვა ბოროტობებზე აღარაფერს მოგახსენებთ, და ეს მოხდა მას შემდეგ, როცა 9  აპრილს ქართველმა ხალხმა და მისა დემოკრატიულად არჩეულმა პირველმა კანონიერმა პარლამენტმა საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

ჩვენ  თხოვნით მივმართეთ აგრეთვე ერთმორწმუნე რუსეთის კათოლიკოს -პატრიარქს და ვაუწყეთ ის ბარბაროსული ქმედება, საბჭოეთის საგანგებო სადამსჯელო რაზმმა რომ ჩაიდინა.

თქვენი უწმინდესობავ!

დიდი  იმედი გვაქვს, რომ თქვენ, ქრისტიანული სამყაროს ყველაზე უთვალსაჩინოესი წარმომადგენელი სათანადოდ შეაფასებთ ამ გაუგონარ დანაშაულს ხალხისა და ღმერთის წინაშე. გვჯერა, მხარში ამოუდგებით მცირერიცხოვან ქართველ ხალხს და მის თავისუფლებას შეავედრებთ მაღალ ღმერთს.

გვფარვიდეს მაღალი ღმერთი.

საქართველოს მწერალთა კავშირი”

1991 წლის 12 აპრილს  გამოქვეყნდა „მწერალთა კავშირის” მიმართვა მოსკოვისა და სრულიად  რუსეთის პატრიარქისადმი ალექსი მეორისადმიც, რომელშიც აღნიშნული იყო: „ჯერ ქართველ ხალხს ისიც კი არ ჰქონდა გამოგლოვილი, ოთხი ქართველი ვაჟკაცი ცოცხლად რომ დაწვეს ოსებმა, რომ 11 აპრილის დილის ხუთ საათზე , ჩვენა „სახელოვანმა“ არმიელებმა , ავღანეთის, ბაქოს, თბილისის, ბალტიისპირეთის და  სხვა ბატალიების „გმირებმა,“ ქარელის რაიონის სოფელ დვანში „ისახელეს“ თავი. 12 ჯავშანტრანსპორტიორით შეიჭრნენ რა მძინარე სოფელში, დაწვეს სოფლის ორი ეკლესია და სოფლის კანტორა.

თქვენო უწმინდესობავ, ერთმორწმუნე ქართველი ერი, რომელიც ქრისტიანობას მეოთხე საუკუნის დასაწყისში ეზიარა, მოგმართავთ თხოვნით – თქვენ – მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქს, შეფასება მისცეთ ამ გაუგონარ, ბარბაროსულ აქციას!

ვინაიდან დაპყრობილი ქართველი ერის კანონიერ სურვილს, მოიპოვოს დამოუკიდებლობა და თავისუფლება, ასე ხმალამოღებული, ზიზღითა და ბოღმით ავსებული ხვდება კრემლი და მისი დღევანდელი „ბელადი“ იქნებ თქვენ მაინც, ქრისტიანული სამყაროს და ქრისტეს სჯულის უდიდესმა წარმომადგენელმა და მქადაგებელმა  ღმერთისა და სამყაროს წინაშე, სწორედ განსაჯოთ საქმის ჭეშმარიტი არსი და მიიღოთ ის ზომები, სადაც საბჭოთა მთავრობისა და  საბჭოთა ჯარის გამიზნული მკრეხელური საქციელი იმსახურებს.“